საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი მიიღო
საქართველოს პარლამენტში 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი საქართველოში “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტის მიღებას. კენჭისყრა პარლამენტში 22 ივლისს შედგა. კანონი კი ძალაში, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში შევა, თუკი პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს.
ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბიძის განმარტებით დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ისეთი დანაზოგი შექმნან, რაც მათ მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.
„ჩვენ ვქმნით იმის რეალურ საფუძველს, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი მიზანი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმას ასევე აქვს დადებითი ეკონომიკური გავლენა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მკვეთრი ბიძგია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის“, – განაცხადა მიქაბაძემ.
როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები პენსიის დაგროვებას
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ძალაში შევა, საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელს გაეხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც თანხა ყოველთვიურად ჩაირიცხება.დასარიცხი თანხის ოდენობა შემდეგნაირად ითვლება: ყოველთვიური ფიქსირებული, დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს თავად დასაქმებული გადაიხდის, 2 პროცენტს მისი დამსაქმებელი და 2 პროცენტს სახელმწიფო. თვითდასაქმებულები საკუთარ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური შემოსავლის 4 პროცენტს შეიტანენ.
საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. 40 წელს ზემოთ რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევაში საპენსიო დანაზოგი მემკვიდრეებს გადაეცემათ.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც პენსიას აგროვებდა გარდაიცვლება, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი პირდაპირი მემკვიდრე მიიღებს.
ახალი სისტემის მიხედვით, ადამიანს შეეძლება პენსიაზე უფრო გვიან გავიდეს და დანაზოგის დაგროვება განაგრძოს, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს, სახელმწიფო და დამსაქმებელი მის საპენსიო ფონდში 2%-ის გადარიცხვას შეწყვეტენ. დანაზოგის გაზრდას ის მხოლოდ საკუთარი 2%-იანი შენატანებით შეძლებს.
რამდენს მიიღებენ პენსიონერები მომავალში?
როგორც კანონის ავტორები განმარტავენ, თუკი დასაქმებული პირი პენსიას 30 წლის განმავლობაში აგროვებს და საშუალოდ 1000 ლარი აქვს ხელფასი, მისი პენსია დაახლოებით 500 ლარი იქნება და ამას დაემატება საბაზისო პენსიაც. ახალი საპენსიო სისტემა ძველი, ფიქსირებული პენსიის გაუქმებას არ ნიშნავს. დღეს საქართველოში პენსია 180 ლარია და მას პენსიონერები ჩვეულებრივად მიიღებენ.
თითოეულ მონაწილეს საპენსიო ფონდში გაწევრიანებისთანავე შეექმნება ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, ელექტრონული წვდომა ექნება მასზე და შეეძლება თვალი ადევნოს დანაზოგის დაგროვებას.
ვინ განკარგავს მოქალაქეების დანაზოგს
დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით შეიქმნება საპენსიო სააგენტო, რომლის უმაღლესი მართვის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო იქნება. პირველ სამ წელიწადს საპენსიო სააგენტოს სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგ კი, კანონპროექტის ავტორების გათვლით, სააგენტო მოქალაქეთა შენატანებით შეძლებს არსებობას.
კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებიდან პირველივე ფისკალური წლის ბოლოს თანხის ოდენობა 400 მილიონ ლარს მიაღწევს.