საქართველოს მთავრობა 600 ათას ევროს გამოყოფს რუსი ტურისტების ჩამოსაყვანად
საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათას ევროს გამოყოფს იმისთვის, რომ რუსი ტურისტები რუსეთის აეროპორტებიდან ერევნის გავლით თბილისსა და ბათუმში ჩამოიყვანოს.
სატრანზიტო ავიარეისების სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ 24 ივლისს მიიღო. სპეციალური დადგენილება მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.
• ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია
• საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება, ტურისტების მიერ დახარჯული თანხა მცირდება
• რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული სანქციების შემთხვევაში? კონკრეტული რიცხვები
სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს (დღგ-ს გარეშე) აანაზღაურებს.
შეთანხმებას იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს შეასრულებენ, სახელმწიფო კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს.
დადგენილებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ ავიაკომპანიებზეა საუბარი. თუმცა, წერია, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ უფლება აქვს შეარჩიოს მხოლოდ ორი კომპანია.
დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.
ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს.
ბოლო წლებში რუსი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თუ 2012 წელს საქართველოში 410 ათასი ტურისტი შემოვიდა, 2018 წელს მათი რიცხვი 3.5-ჯერ მეტი – ერთი მილიონ 405 ათასი იყო.
2019 წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 550 ათასი ადამიანია შემოსული.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ერთი რუსი ტურისტი საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 520 დოლარს ხარჯავს.
ოპოზიცია გააკრიტიკა ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, მთავრობა ფულს ფლანგავს. მისი თქმით, „თუკი მთავრობა ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან – მაშინ ირლანდიელი ან ესპანელი შემოგვეყვანა”.
“ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, ეს არის ერთი ავიაკომპანიის სუბსიდირება. 600 000 ევრო ნიშნავს, რომ დავუშვათ თითო მგზავრზე 100 ევროც რომ იყოს სუბსიდია გამოყოფილი, 6000 ტურისტია. რომელ 6 000 ტურისტზეა საუბარი, როდესაც ამ ფრენების აკრძალვის შემდეგ ალბათ, საქართველოში ვერ შემოვიდოდა, დაახლოებით 300 ათასი ტურისტი. ეს არის თამაში, თავის მოტყუება,” – ამბობს გოცირიძე.