ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო
თამარ მეარაყიშვილი, უკვე რამდენიმე თვეა, სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს და რამდენიმე ბრალდების მიხედვით საქმე სასამართლოში აქვს . ის სამოქალაქო აქტივისტია და მიაჩნია, რომ ეს ბრალდებები უკანონოა.
ახლა ის ცდილობს, რომ 2 ივლისიდან ერთკვირიანი შიმშილობის გამოცხადებით საზოგადოების ყურადღება მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო პროცესებისკენ მიმართოს.
თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ეს ყველაფერი ხდება, რათა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმას, თუ რა მდგომარეობაში მაგდებს ხელისუფლება ჩემი სამოქალაქო პოზიციისა და შეხედულებების გამო. მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. ყველა ის საქმე, რაც პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ აღძრა, შეთითხნილია! ეს კოშმარი, უკვე 11 თვეა, გრძელდება. სასამართლო პროცესები, რომლებშიც ვმონაწილეობ – ეს სულ ჩემი სარჩელებია. პროკურატურა საქმის სასამართლოსთვის გადაცემას არ ჩქარობს. მათ ჩემი მორალურად და მატერიალურად განადგურება სურთ. ჩემი კანონიერი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ხელისუფლება კი ამის საპასუხოდ დუმს“.
სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის [ახალგორის რაიონი ქართული ტერმინოლოგიით — JAMnews] პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში პროკურატურამ მას ცილისწამების ბრალდება წაუყენა ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზა“- ზე გამოქვეყნებული მისი სტატიის გამო, სადაც ის მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ წევრს სპარტაკ დრიაევს აკრიტიკებდა. მეარაყიშვილმა მაშინ ცხინვალის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და პროკურატურა მის მიმართ სისიხლის სამართლის უკანონო დევნაში დაადანაშაულა.
შემდეგ 2018 წლის მარტში მეარაყიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – მას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებასა და დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს ბრალი. მილიციის მტკიცებით, მას ორი პასპორტი აღმოუჩინეს – სამხრეთ ოსური და ქართული, რაც სამხრეთ ოსეთში აკრძალულია.
ძიება, უკვე 11 თვეა, გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილს სამხრეთ ოსეთის დატოვება არ შეუძლია.
ონლაინ პორტალ „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თამარ მეარაყიშვილმა თქვა, რომ მას მთელი ამ დროის განმავლობაში უთვალთვალებენ, და ეს „შიშს ბადებს“.
„მე სასამართლო განხილვების შეწყვეტას არ ვითხოვ. პირიქით, მინდა, რომ ყველაფერი ღიად მიმდინარეობდეს, რათა კანონის ფარგლებში ყველაფერი ბოლომდე გაირკვეს. მაგრამ მთელი სახელმწიფოს, მთელი ამ შეიარაღებული მამაკაცების განუკითხაობას მე მარტო წინ ვერ აღვუდგები. ჩემი შიმშილობის მიზანია -ამ მამაკაცების შენჯღრევა, რათა მათ ოდნავი პატივი მაინც სცენ კანონსა და ჩემს უფლებებს“.
რუსმა პოლიტოლოგმა ნიკოლაი სილაევმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ „ის ვინც მას დევნის საკმაოდ სულელურ მდგომარეობაში ხვდება“.
„ისინი, პირველ რიგში, ცდილობენ, რომ გაჩუმება აიძულონ ქალს, ამ რაიონის ძირძველ მკვიდრს. მეორეც, ადამიანს, რომელიც სამხრეთი ოსეთის შესახებ ცუდს არაფერს ამბობს… ჩემი აზრით, დასაფასებელია, როდესაც ლენინგორის რაიონის მკვიდრი ქართველი ქალი ასე გაწონასწორებულად, მშვიდად და კეთილგანწყობით ლაპარაკობს სამხრეთ ოსეთზე. სამწუხაროა, საქმე იქამდე მივიდა, რომ მას შიმშილობის გამოცხადება უწევს. იმედია, სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება, ასე ვთქვათ, გონებას მოიკრებს და მას თავს დაანებებს. ვინც ამ საქმეს თვალ-ყურს ადევნებს, ეს ყველაფერი მათ თვალში ძალიან უხერხულად გამოიყურება.
სოციალურ ქსელებში მეარაყიშვილის გარშემო მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, და მას ძირითადად მხარს უჭერენ.
„ბიბის [ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი — JAMnews] პასუხი ასეთი იქნება: „გსურს იშიმშილო? იშიმშილე! ჩემთვის სულ ერთია“.
„ღმერთმა ქნას, არასწორი აღმოვჩნდე, რაც ძალიან მეეჭვება, რადგან მან ჯერ კიდევ გუშინ უპასუხა მასთან მისულ ადამიანებს – რა მენაღვლება, – თუ სიკვდილი გინდა, მოკვდი-ო“.