სამი რამ, რაც საქართველოში გვწამლავს
1. ჰაერი
ჰაერი, რომელსაც თბილისელები სუნთქავენ, დღითიდღე უარესდება იმის გამო, რომ ქალაქში მანქანების რიცხვი მატულობს. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი დედაქალაქშია თავმოყრილი, და ქვეყნის მთლიანი ავტოპარკის 40 პროცენტია წარმოდგენილი. პრობლემას ართულებს ის, რომ მანქანების ტექნიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ კონტროლდება. ავტომობილების უმრავლესობა მეორადია და საკმაოდ ძველია, ბენზინის ხარისხი კი არც ისე მაღალია.
დაბინძურებული ჰაერი აქვეითებს იმუნიტეტს და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს. ამასთან, თუკი ასეთ ჰაერს ინტენსიურად, რეგულარულად ჩავისუნთქავთ, მავნე ნივთიერებები ვერ გამოიდევნება სხეულიდან და ორგანიზმში დარჩება, რასაც სავავალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?
საუკეთესო შედეგს მაშინ მივიღებდით, თუკი ყველა ველოსიპედებით იმოძრავებდა, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობენ, რეალისტები იყვნენ და საწვავის კონტროლზე აკეთებენ აქცენტს. ჯერჯერობით ეს ერთადერთია, რისი კონტროლიც შეიძლება ქვეყანაში, სადაც ათი წლის წინათ სიხარულით გააუქმეს ტექდათვალიერება. გასულ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხი ევროპულ ნორმას მიუახლოვდა, ორი წელიწადში კი დაგეგმილია საწვავის ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან გათანაბრება.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ნორმებს დაიცავენ. 2016 წლისთვის, ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით, ეკოლოგები ბენზინგასამართი სადგურების მარკირებას აპირებენ. შედეგად მომხმარებელს ზუსტად ეცოდინება, რა სახის საწვავს ასხავს საკუთარი მანქანის ავზში.
2. ნაგავი
საქართველოს ბევრ დასახლებულ პუნქტში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უახლოეს ხევში ისვრიან. ხშირად, ხევის ნაცვლად, მდინარის ნაპირსაც იყენებენ. შედეგად, წარმოიშვება ე.წ. უკანონო, არასანქცირებული ნაგავსაყრელები.
ამ უბედურების მასშტაბი ზუსტად რომ განსაზღვროთ, გეტყვით, რომ მთელ ქვეყანაში მხოლოდ 63 კანონიერი ნაგავსაყრელია. ამასთან, მხოლოდ ორი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს; ესენია თბილისისა და გარდაბნის ნაგავსაყრელები. საქართველოში დღემდე არ არსებობს ნარჩენების უტილიზაციის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები; არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ნაგვის უსაფრთხოდ და ეფექტიანად მოშორების საშუალებას მოგვცემდა. მთლიანობაში, ეს სისტემა საქართველოში დაახლოებით ისეთივეა, როგორც 200 წლის წინ.
რა შედეგამდე მივყავართ არსებულ მდგომარეობას?
ნაგავს, რომელსაც ხევში ყრიან, როგორც წესი, წვავენ ხოლმე. ამდენად, მოსახლეობა, რომელიც შორიახლოს ცხოვრობს, რეგულრულად სუნთქავს მომწამლავ კვამლს. ნაგავი, არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც წამლავს. ნარჩენები ზიანს აყენებს როგორც შინაურ, ისე გარეულ ცხოველებს. ნაგავსაყრელებს ხშირად სტუმრობენ ღორები და ძროხები. სოფლების ნაგავსაყრელებზე კი ღამით ტურები და მელიები დაძრწიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საშიში ნარჩენები (როგორებიცაა ეკონომიური ნათურები და თერმომეტრები.
ზემოაღნიშნული ნივთები ვერცხლისწყალს შეიცავს) იმავე ნაგავსაყრელზე ტოვებენ. ამდენად, წვის დროს სახიფათო ნარჩენების აალების შედეგად განსაკუთრებით მავნე აირები გამოიყოფა. მძიმე მეტალებს იმ ძროხის რძის საშუალებითაც ვიღებთ, რომელიც დანაგვიანებულ ხევში ძოვდა ბალახს.
როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?
ყველა რეგიონში თანამედროვე სანიტარული ნაგავსაყრელია საჭირო. ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა მოწესრიგდეს ნაგვის გატანის სისტემა. გარდა ამისა, აუცილებელია ნარჩენების დახარისხება, ან, უარეს შემთხვევაში, ნაგვის სახიფათო და ნაკლებადსახიფათო ნაწილებად დაყოფა მაინც. საჭიროა შეუსაბამო ადგილას ნაგვის დაყრისათვის ძალიან დიდი ჯარიმის დაწესება. იმისათვის, რომ ეს, ერთი შეხედვით ელემენტარული ზომები დაინერგოს და ამუშავდეს, რამდენიმე წელია საჭირო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო დღემდე კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზეა. თუმცა, პარალელურად, დასავლეთ საქართველოში ახალი ნაგავსაყრელის აშენებაც განიხილება. ცხადია, ამ გეგმას გარღვევას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობს.
3. წყალი
მაგალითისთვის ავიღოთ ბოლნისის რაიონი, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს. აქ კარგი ჰავა და ნაყოფიერი მიწებია. ამასთან, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, კარგადაა განვითარებული საირიგაციო სისტემა; შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადში სამჯერ იღებს მოსავალს და ბოსტნეულითა და მწვანილით ფაქტობრივად მთელ საქართველოს ამარაგებს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ზემოაღნიშნული ბოსტნეული და მწვანილი მძიმე მეტალებით რომ არ იყოს გაჯერებული.
მიზეზი კი ისაა, რომ ადგილობრივი საწარმოო ობიექტები მდინარე კაზრეთულასა და მდინარე მაშავერას აბინძურებენ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ბოლნისის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი სცოდავს. რამდენიმე წლის წინათ ქართველმა და გერმანელმა სპეციალისტებმა ერთობლივი კვლევის შედეგად გაარკვიეს, რომ ბოლნისის რაიონში 1 ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე სულ ცოტა 12.5 კგ სპილენძ, 3.5 თუთია და 17 გრამი კადმიუმია. ეს მონაცემები ზოგად ნორმებს რამდენიმე ათეულჯერ აღემატება. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი კი მაინც დახლზე დევს.
რა შედეგამდე მივყავართ არსებულ მდგომარეობას?
არსებული მდგომარეობა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევების ზრდას იწვევს. ეს პრობლემა უკვე მწვავედ დგას ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტსა და სხვა ადგილებშიც სულ უფრო ხშირად გვხვდება. ბევრი ექიმის აზრით, ღვიძლის კიბოს შემთხვევების ზრდა საქართველოში პირდაპირ კავშირშია ბოლნისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან.
როგორ ვებრძოლოთ პრობლემას?
აუცილებელია თანამედროვე გამწმენდი კონსტრუქცია, საჭიროა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საწარმოო ობიექტების მუშაობის დაწვრილებითი ანალიზი. წყლის მექანიკური გაწმენდის გარდა (რაც საქართველოში არც ისე ბევრგან ტარდება), ბიოლოგიური გაწმენდის სისტემაც აუცილებელია, და, ამას გარდა, საჭიროა, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი თანხმობით მოწამლულ წყალს ჩვენსავე შვილებს ვასმევთ.