სავაჭრო ცენტრში დამწვარი საქონლის საფასურს, აზერბაიჯანის ხელისუფლება აანაზღაურებს
ბიზნესმენებს, რომელთა მაღაზიებიც დაიწვა ბაქოში, სავაჭრო ცენტრ Diqlas-ში მომხდარი ხანძრისას, ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებს.
თავიდან დაზარალებული მოვაჭრეები ანაზღაურებას სავაჭრო ცენტრის დირექტორისა და აღმასრულებელი ხელისუფლების რაიონული წარმომადგენლობის თავისგან მოითხოვდნენ, თუმცა, ვერაფერს მიაღწიეს. საქმე პრეზიდენტამდე მივიდა, მან კი დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა ბრძანა.
• ბლეკაუტი აზერბაიჯანში: როგორ მოხდა, ვისი ბრალია და როგორ დაისჯებიან დამნაშავეები?
წინასწარი გათვლებით, საერთო ზარალმა, დაახლოებით, 200 მილიონი მანათი (დაახლოებით 117 მილიონი დოლარი) შეადგინა.
რატომ დაიწვა სავაჭრო ცენტრი
ხანძარი სავაჭრო ცენტრ Diqlas -ში 26 მარტს გაჩნდა. ყველაფერი მეზობლად მდებარე სასადილოდან დაიწყო, საიდანაც ცეცხლი სავაჭრო ცენტრზე გადავიდა და შენობა ბოლომდე დაიწვა.
• ბაქოში ძლიერმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრი გაანადგურა
გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობაში დაცული არ იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და ფასადი ადვილად აალებადი მასალით იყო მოპირკეთებული.
ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი და ვალდებულია თუ არა?
ამ შემთხვევაში, კანონით დაზარალებულთათვის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის. იმიტომ რომ:
[yes_list]
- სავაჭრო ცენტრის შენობა არ იყო დაზღვეული;
- დამწვარი საქონელიც არ იყო დაზღვეული და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ, მცირე მოძრავი საქონელი არ ექვემდებარება დაზღვევას.
- მაღაზიები სავაჭრო ცენტრში გაქირავებული იყო წერილობითი შეთანხმების გარეშე.
[/yes_list]
ადვოკატმა ფარუხ ჰუსეინოვმა განმარტა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი:
“ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუკი დამტკიცდება ხანძრის გაჩენა და ქონების განზრახ დაზიანება, ზარალი ბრალდებულმა უნდა აანაზღაუროს. თუკი უბრალოდ უბედური შემთხვევა მოხდა და შენობა არ იყო დაზღვეული, მაშინ არავინ არაა ვალდებული, რამე აანაზღაუროს. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის მეპატრონეს, ის პასუხისმგებელი იქნება, თუკი დამტკიცდება, რომ შენობაში დარღვეული იყო ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად, შესაძლებელი იქნება კომპენსაციის მოთხოვნა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქირავნობის შეთანხმება არსებობს და მოხერხდება ზარალის ზუსტი ოდენობის დადგება. მარტივად ვთქვათ, Diqlas-ის შემთხვევაში კომპენსაცია არავის ეკუთვნის”.
ადვოკატმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანის სამოქალაქო კოდექსში არ არის მითითებული, ქირავნობის შესახებ შეთანხმება წერილობითი უნდა იყოს თუ სიტყვიერი. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი თუ სავაჭრო ცენტრი შენობას „პატიოსან სიტყვაზე“ აქირავებდა, კანონი დარღვეული არ იყო.