რუსეთში GPS-ის მონაცემებს ამახინჯებენ, რათა პუტინის გადაადგილება დამალონ?
დაკარგული ხომალდი
ამა წლის ივნისში კაპიტანი გურვან ლე მეური თავის სავჭრო გემს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ ამგზავრებდა – უცბად რაღაც მოხდა და მისი გემი რადარებიდან გაქრა.
„თავიდან განგაშის სიგნალი გავიგონეთ, — უამბო CNN-ის კორესპონდენტს ლე მეურმა —სწრაფად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი გემის ადგილმდებარეობა, რასაც GPS უჩვენებდა, რეალურისგან 20 ზღვის მილით განსხვავდებოდა.
განგაში იმიტომ ამოქმედდა, რომ გემის სანავიგაციო სისტემა, რომელიც GPS-ის საფუძველზე მუშაობდა, უჩვენებდა, რომ ის ზღვაში კი არა, გელენჯიკის აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ლე მეურმა ამ სიტუაციის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვას აცნობა. მისმა წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ GPS-ის მონაცემების მიხედვით, იმ მომენტისთვის 20 გემზე მეტი ასევე გელენჯიკის აეროპორტში იმყოფებოდა.
ექსპერტების მტკიცებით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ვიღაცამ შეგნებულად შეუშალა ხელი GPS-ის მუშაობას. სისტემა არამხოლოდ მწყობრიდან გამოვიდა, არამედ საგანგებოდ იქნა შეცდომაში შეყვანილი. მაინც ვინ დგას ამ მოვლენის უკან? – ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ GPS-ის მუშაობაში ჩარევა რუსეთის ტერიტორიიდან ხდება.
მსგავსი შემთხვევები
2017 წელს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რუსეთის საზღვაო საზღვრებთან, GPS-ის მწობრიდან გამოსვლის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. კომპანია Windward-ის ანალიტიკოსებმა 450 შემთხვევაზე მეტი დაითვალეს, როდესაც რადარების მონაცემები ხომალდების ნამდვილ ადგილმდებარეობას არ ემთხვეოდა. ყველაზე ხშირად რადარები უჩვენებდნენ, რომ ხომალდები სანკტ-პეტერბურგის, სოჭის ან გელენჯიკის აეროპორტის ტერიტორიებზე იყვნენ.
2016 წელს Uber-ის და Google maps-ის მომხმარებლები რამდენჯერმე იუწყებოდნენ ამ აპლიკაციების მწობრიდან გამოსვლის შესახებ. როდესაც ადამიანები კრემლის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, აპლიკაციები უჩვენებდნენ, თითქოს ისინი – მოსკოვის გარეუბანში მდებარე ვნუკოვოს აეროპორტში იყვნენ.
2016 წელს ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ როდესაც მანქანაში იჯდა, GPS-ის სიგნალი პერიოდულად მასაც შეცდომით მიეწოდებოდა. რუსეთის მხრიდან სხვა არავითარი კომენტარი არ ყოფილა.
რას ამბობენ ექსპერტები?
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ამ შეფერხებების უკან რუსეთის ხელისუფლება დგას. როგორც ისინი მიიჩნევენ, ეს იმისთვის კეთდება, რომ ვლადიმირ პუტინის გადაადგილება დაიმალოს.
„მიმაჩნია თუ არა, რომ რუსეთში GPS-ის მუშაობაში არსებული ეს დარღვევები ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული? – უთხრა CNN-ს ტოდ ჰამფრისმა, ოსტინში ტექსასის უნივერსიტეტის პედაგოგმა, – გიპასუხებთ – მეტი საფუძველი მაქვს, რომ გითხრათ „დიახ“, ვიდრე „არა“.
ჰამფრისი, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ GPS-ის მოტყუება ძალიან ადვილია. 2013 წელს მან თავად ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა ეჩვენებინა, თუ რამდენად მოწყვლადია GPS. 80 მილიონ დოლარად შეფასებული იახტის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ მან ისე გააკეთა, რომ ზღვაში გასული ეს იახტა რადარებზე არ ჩანდა. ამავდროულად, სანაპირო შეტყობინებათა სისტემა ასევე არ ამუშავდა.
ბრედ პარკინსონი GPS-ის ერთ-ერთი მთავარი შემქნელია. ის პირველი იყო, ვინც ამ სისტემის საშუალებით თვითმფრინავის „ბრმად“ დასმას მართავდა.
“დღეს საკმაოდ ბევრი GPS-მიმღები არსებობს, რომელთა მოტყუება ძალიან ადვილია, – ამბობს ის, – დახვეწის შემთხვევაში, მათი უსაფრთხოების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ გაკეთებულა. უბრალოდ, ამის ეკონომიკური აუცილებლობა არ ყოფილა“.