„იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
გუგუტიანთკარში ვერ ნახავთ ოჯახს, რომელიც აგვისტოს ომმა არ დააზარალა. მოქალაქეებმა დაკარგეს მიწები, სახლები და მომავალზე საუბრის სურვილიც. აქ მეტს ლაპარაკობენ წარსულზე, ვიდრე ხვალინდელ დღეზე.
როგორ ცხოვრობს დღეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ორად გაყოფილი სოფელი. JAMnews-ის რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
_______________________
ამირან მარღიშვილის ეზოს კარი ღიაა. ჭიშკართან შეყოვნებისთანავე, სახლში ხელის დაქნევით გვიპატიჟებენ.
სახლის წინ სუფრაა გაშლილი. შემწვარ კარტოფილსა და კიტრი-პომიდვრის სალათს შორის, წითელი ღვინით სავსე დოქი დგას. ცხელ-ცხელი ნაზუქი და დატეხილი შოთის პური ერთ თეფშზე დაულაგებიათ. მაგიდას ოთხნი უსხედან.
დღეს აქ განსაკუთრებული დღე აქვთ – ძველი მეზობლები ესტუმრნენ, ოჯახი, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ სოფელი დატოვა და საცხოვრებლად გორში გადავიდა.
“აბა, რა გული მომითმენდა აქაურობა და ჩემი სახლი რომ არ მენახა. რამდენი დღეა, ყველგან ჩვენს სოფელზე ლაპარაკობენ”, – ამბობს ხათუნა, შუახნის ქალი.
ეს სოფელი გუგუტიანთკარია. 7 აგვისტოს შემდეგ რუს ჯარისკაცებს აქ ე.წ. საზღვარი გაჰყავთ – ამონტაჟებენ ძელებს და რკინის ღობეს ავლებენ.
გუგუტიანთკარი გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და გორიდან დაახლოებით 35 კილომეტრშია. ცხინვალამდე ბევრად ახლოა – 18 კილომეტრი.
გუგუტიანთკარში რომ მოხვდე, ქართული პოლიციის საგუშაგო უნდა გაიარო.
უკვე წლებია, პოლიცია პირადობის მოწმობის შემოწმების გარეშე, გზის გაგრძელების უფლებას აქ არავის აძლევს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა „ბორდერიზაცია“ განაახლეს, მხოლოდ პირადობის მოწმობის ქონა საკმარისი აღარ არის – ჟურნალისტებსაც კი, მერეთის იქით გზის გასაგრძელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი დღით ადრე დარეკვა და ნებართვის აღება სჭირდებათ.
სუფრასთან, სადღეგრძელოებს შორის შუალედში მონატრებული მეზობლები ძველ ამბებს იხსენებენ.
“აქ ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, – მეუბნება მასპინძელი, 64 წლის ამირან მარღიშვილი. დანაოჭებული სახე და ჭაღარა თმა აქვს. ის სუფრის თავში ზის.
„რაც ახლა ხდება, ამას წლების წინ ვერაფრით წარმოვიდგენდით. მე ოსებთან ერთად, აი, იმ მინდვრებზე, რომლებიც ახლა ოკუპირებულია, ფეხბურთს ვთამაშობდი. იმ ბიჭების სახელები ახლაც მახსოვს. ომის მერე მათი ამბავი არც გამიგია”, – გვიყვება ამირანი.
ოსებთან მეგობრობაზე თითო ისტორიის მოყოლა თითქოს ყველას ერთდროულად უნდება.
“გახსოვთ ტაქსის მძღოლი ვასია? ჩვენთან დღეობაზე ჩამოსულ ოსებს რომ დაატარებდა ხოლმე. როცა არ უნდა დაგერეკა, უარს არასოდეს გეუბნებოდა. ხან ერთ ღამეში რამდენიმე გზაც კი გაუკეთებია, რომ ყველა სტუმარი წაეყვანა”, – ახსენდება ნელი მეტრეველს. საკუთარ თავს ამ უბნის რძლად გვაცნობს.
გუგუტიანთკარელები განსაკუთრებით სოფელ ხელჩუასა და დისევში მცხოვრებლებთან ახლობლობდნენ. ამ ორ სოფელზე ქართულმა მხარემ კონტროლი 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა.
კონფლიქტმა ერთმანეთს ბევრი ოჯახი, ნათესავი და ახლობელი დააშორა.
“გახსოვთ ხელჩუაში რომ მაღაზია იყო? ქართველები და ოსები იქ ხშირად საჭორაოდაც კი შევკრებილვართ. ყველაფერი იყიდებოდა, რაც ადამიანს ოჯახისთვის გჭირდება. გორიდან აღარც არაფერს ვეზიდებოდით. მაგ მაღაზიიდან ფქვილი წამოვიღე ბოლოს ნისიად და 21 ლარი დღემდე იმათი ვალი მაქვს. ნდობა იყო, აბა, რა იყო?!”, – საუბარში ერთვება ხათუნა ფიჩხნარაშვილი – მარღიშვილების სტუმარი გორიდან.
ომის შემდეგ, ხათუნამ და მისმა ოჯახმა გუგუტიანთკარში სახლი დატოვეს და გორში, დროებით საცხოვრებელში გადავიდნენ საცხოვრებლად.
აგვისტოს დასაწყისში რუსმა ჯარისკაცებმა ახალი საოკუპაციო ხაზი მის სახლთანაც გაატარეს. ორ-სართულიანი სახლი პატარა ეზოშია ჩადგმული. სარეველა ბალახი პირველი სართულის ფანჯრებამდე გაზრდილა.
„ომის შემდეგ წავედით სოფლიდან. სახლი დაზიანდა, იქ ვეღარ ვიცხოვრებდით. თანაც საშიშიც იყო, რუსები იქვე დგანან. ახლა ზედ ჩემს სახლთან ჩაუტარებიათ ეგ ღობე. აქამდე თუ გვქონდა სახლში დაბრუნების პატარა იმედი, ახლა ეგეც აღარ გვაქვს,“ – ამბობს ხათუნა.
იგი გულისტკივილით აღიარებს რომ გეგუტიანტკარი მისი წარსულია.
„თუმცა, ვერც ახალი ცხოვრება დავიწყეთ ნორმალურად. დევნილის სტატუსი და დროებითი საცხოვრებელი მოგვცეს, მაგრამ საკუთარი ბინა ამ დრომდე არ გვაღირსეს. წლებია ველოდებით,“ – ამბობს ის.
„ბორდერიზაცია“
„ბორდერიზაციის“, ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს.
ამ პროცესის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრები სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან სახელმწიფო და საერთაშორისო საზღვრად გადააქციოს.
„ბორდერიზაციის“ პროცესს ძირითადად რუსი სამხედროები წარმართავენ.
ისინი ავლებენ მავთულხლართებს, აწყობენ ლითონის ან ხის ღობეებს, გაჰყავთ თხრილები და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები, ამონტაჟებენ „საზღვრის“ აღმნიშვნელ აბრებსა და სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.
თბილისი ამ პროცესს მცოცავ ოკუპაციას უწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, „სახელმწიფო საზღვრის გავლებას“.
ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსი სამხედროები გამყოფ ხაზს სცდებიან და თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში იჭრებიან.
რუსი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ე.წ. ბორდერიზაციისას ისინი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკით სარგებლობენ და „სახელმწიფო საზღვარი“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ გაჰყავთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ „რუსები 1976-1986 წლებში გამოცემულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს. იყენებენ“.
თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამოყენებულია სხვადასხვა პერიოდში გამოშვებული რუკები, რომლებშიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები განსხვავებულად არის დატანილი.
ამ პროცესში რუსი სამხედროები არ ითვალისწინებენ დღეს არსებულ განაშენიანებას. შედეგად, ომიდან 11 წლის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღესაც კარგავენ სახლებს, სახნავ-სათეს მიწებს, საძოვრებსა და ბაღებს.
ახალი დევნილები
გუგუთიანთკარი „ბორდერიზაციით“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია.
საზღვრის აღმნიშვნელი პირველი მწვანე ფერის ბანერი წარწერით „Республика Южная Осетия“ გეგუტიანთკარში 2013 წელს გაჩნდა.
სწორედ ამ წელს დაიწყეს აქ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის მონიშვნა. ამ პროცესმა ეს ქართული სოფელი ფაქტობრივად შუაზე გაყო.
„11 წელი გავიდა ომიდან, მაგრამ ომი და ოკუპაცია ჩვენს სოფელში ახლაც გრძელდება,“- ამბობენ ადგილობრივები.
სოფელი გიგუტიანთკარი 2008 წლის ომის დროს ძალიან დაზარალდა. ბევრმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა – ნაწილი დაწვეს, ნაწილი დაარბიეს, ნაწილში ცხოვრება კი, მისი ადგილმდებარეობის გამო, უსაფრთხო აღარ იყო.
თავდაპირველად, როდესაც „ბორდერიზაცია“ დაიწყო, საოკუპაციო ხაზს მიღმა მხოლოდ მიწის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები აღმოჩნდა.
ამჯერად კი, „ბორდერიზაციის“ პროცესმა ორი ოჯახი სახლის გარეშე დატოვა.
ლავრენტი გუგუტიშვილის და გივი რაზმაძის სახლები ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ორივე კარ-მიდამო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა და იქ არავინ ცხოვრობდა. თუმცა, მეპატრონეები მამა-პაპისეულ სახლებს მაინც არ ტოვებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ აღდგენას შეძლებდნენ, უვლიდნენ ეზოებს და მიმდებარე მიწებით სარგებლობდნენ. აქ მათ ხილი მოჰყავდათ და ცოტას ჰყიდდნენ.
„სამი დღე მოგვცეს იმისთვის, რომ სახლი დაგვეშალა. რკინა და სხვა ვარგისი მასალები გამოვიტანეთ”, – ამბობს გივი რაზმაძე.
ის და მისი ოჯახი ამჟამად გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ომის შემდეგ მათ დევნილის სტატუსი და ფულადი კომპენსაცია მისცეს, რითიც პატარა კოტეჯი შეიძინეს.
დასაოჯახებელი ბიჭების სოფელი
ოდესღაც გუგუტიანთკარი დიდი სოფელი იყო, თუმცა ახლა აქ ყოველი მესამე სახლი დაკეტილია.
აქაურები უკვე მიეჩვივნენ მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრებას და მიუხედავად იმისა, რომ იქვე რუსი სამხედროები დგანან, ცხოვრება აქ მაინც ჩვეულ რიტმში მიედინება – მუშაობენ ბაღებში, მოჰყავთ ვაშლის მოსავალი, ბავშვები დადიან სკოლაში, სოფლის ორღობეებში დაჰქრიან ველოსიპედებით და ომობანას თამაშობენ, მასპინძლობენ სტუმრებს, შლიან სუფრებს, იხდიან დაბადების დღეებს…
„მიდის ხალხი ჩვენი სოფლიდან, აქ გაჩერება არავის არ უნდა,“ – ამბობს მარიამ მანჯავიძე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლის მოსწავლეებს რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
იგი 30 წელია სოფელ მერეთის [გეგუტიანთკარის მოსაზღვრე სოფელი] საჯარო სკოლაში რუსულის მასწავლებელია.
გეგუტიანთკარს საკუთარი სკოლა არ აქვს, ამიტომ აქაური 34 ბავშვი მერეთის სკოლაში სწავლობს. ტრანსპორტი დაუნიშნეს. დილით მიჰყავთ და გაკვეთილების შემდეგ, უკან აბრუნებენ.
მარიამი ამბობს, რომ აქაურ ბავშვებს ბევრ რამეზე ეტყობათ, რა დღეებიც გამოიარეს.
„ახლანდელ სადამრიგებლოში ათი მოსწავლე მყავს. მათ კლასში პირველად რომ შევედი, ერთი მოსწავლე წამოდგა და მითხრა, – მე არ მიყვარს რუსეთი, არ მიყვარს რუსული ენა და არც თქვენ შეგიყვარებთ, რადგან ამ ენას ასწავლითო,“ – იხსენებს მარიამი.
მერეთის სკოლაში ომამდე 500 ბავშვი სწავლობდა, დღეს 170-მდე მოსწავლეა.
„და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ სოფელში ხალხი სპეციალურად ეწერება, რომ სახელმწიფომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა დაუფინანსოს. ჩვენი ბავშვებისთვის სწავლა უფასოა, მაგრამ აქ მაინც არავინ ჩერდება,“ – ამბობს მასწავლებელი.
ერთადერთი შემოსავლის წყარო აქაურებისთვის ხეხილის ბაღებია. ახალგაზრდები ცოტა ფულის სანაცვლოდ დაქირავებულ მუშებად მუშაობენ – კრეფაში, ბარვაში და ან მშენებლობებში ეხმარებიან.
გუგუტიანთკარს „მთის კანონი“ შეეხო, რომელმაც აქაურებს კომუნალური გადასახადები გაუნახევრა, მაგრამ აქაურებს დარჩენილი თანხის გადახდაც უჭირთ.
„საცოდაობა ხდება, გაჭირვებაა ძალიან. რომ გახვიდეთ, ნახავთ, რომ სულ დასაოჯახებელი ბიჭები არიან. გოგოები მიდიან აქედან, თხოვდებიან. აქაურ ბიჭებს კი ოჯახების შექმნა უჭირთ. აბა, აქ ცხოვრება ვის მოუნდება?! სოფელში ახალგაზრდა ოჯახებს თითქმის ვერ ნახავთ. ყოველ საღამოს, ნაგავს რომ ვყრი, დაკეტილ სახლებს ვითვლი და მეტირება”, – ამბობს მარიამი.
გასული წლის შემოდგომაზე, სოფელში ათობით ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ერთ-ერთი ასეთი 92 წლის სარდონ გუგუტიშვილია.
“საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა თუ არა, სოფელში ძალიან ბევრს მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. ყველას სხვადასხვა მიზეზები გვითხრეს. პენსიაღა დამრჩა და მაგასაც წამლებში ვხარჯავ. ომის შემდეგ, სულ თავბრუ მეხვევა. აი, ახლა რომ წამოვდგე, ახლაც ეგრევე თვალები ამიჭრელდება”, – ამბობს მოხუცი კაცი, რომელის საკუთარი სახლის წინ, სკამზე ზის.
სოციალურ დახმარებასთან ერთად, „ბორდერიზაციის“ შედეგად, მან მიწის ნაკვეთიც დაკარგა. საკუთარ ბაღში სარდონს, წლების განმავლობაში, კაკალი და მსხალი მოჰყავდა. მოსავლის ნაწილს ქალაქში წასულ ოჯახის წევრებს უგზავნიდა, ნაწილს კი სოფელშივე ყიდდა.
„მოსავლიანი მიწები იყო. ხალხი აქ მაგით ვირჩენდით თავს. გაყიდვაც აქვე ხდებოდა. ჩვენს გლეხებს იცნობდნენ, ჩამოდიოდნენ გორიდან და მიჰქონდათ მოსავალი. ახლა კიდევ რაღა დარჩა? დავკარგეთ მიწები. ჩემი ოცი მეასედი უკვე იქითა მხარესაა. ამ ხნის კაცი ვარ და ვხვდები, რომ მაგ მიწის დაბრუნებას ვეღარ მოვესწრები. უბედურება უბედურებაზე ხდება. რაც დარჩა ხალხს ბაღები, წელს იქაც სეტყვა მოვიდა”, – გვეუბნება სარდონი.
გუგუტიანთკარელების შემოსავლის ძირითადი წყარო მოსავლის რეალიზაციით მიღებული სარგებელია. წელს კი მათი ბაღები ორჯერ დაისეტყვა. ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, როდის და რა სახის დახმარებას მიიღებს სახელმწიფოსგან.
“ჯერ იყო და სარწყავი წყლის პრობლემა გვქონდა. დისევურადან ვრწყავდით მიწებს, მაგრამ ომის შემდეგ ეგ არხიც ოკუპირებულია. როგორც იქნა, მოაგვარეს ეგ პრობლემა. შარშან ლიახვიდან გამოიყვანეს სარწყავი არხი. ეგრე წვალებ-წვალებით შევინახეთ ჩვენი ბაღები, ღმერთის და ამინდის იმედად. ძირითადად ვაშლი მოგვყავს. საშუალოდ 500-600 ყუთს ვკრეფთ. ხან გორში ვაბარებთ, ხან თბილისში. წელს ბუნებამაც ჩვენთვის მოიცალა, ვისაც რუსმა არ წაგვართვა ბაღი, იმათ სეტყვამ გაგვიფუჭა მოსავალი. მერის წარმომადგენელი შეგვპირდა, ხელისუფლება მუშაობს და ერთ ჰექტარზე 200 ლარს მოგცემთო, მაგრამ ჯერ ეგ დახმარებაც არ ჩანს”, – ამბობს გუგუტიანთკარის მკვიდრი ნელი მეტრეველი.
ბაღებს ის საკუთარ სამ შვილთან ერთად უვლის. მათ ეზოში ხის ყუთები რამდენიმე წყებად ალაგია.
“მე ჩემი თვალით ვუყურებ, რუსეთი რასაც აკეთებს, – გვეუბნება ნელი. – მაგრამ მე ხომ ჩემს ოჯახსაც ვხედავ, რომელიც მაშინ ბევრად კარგად ცხოვრობდა, როცა მოსავალი რუსულ ბაზარზე გაგვქონდა. ევროკავშირის ბაზარიო, ამბობენ და მე განა წინააღმდეგი ვარ, პირიქით, კარგი მინდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ სადაა ეს ევროკავშირის ბაზარი? აქ ჩემთან არასოდეს არავინ მოსულა და დახმარება არ შემოუთავაზებია. მე და ჩემი ოჯახი ჩვენს პრობლემებთან მარტოები ვართ. განა გასაკვირია, რომ სულ იმ დროზე მეფიქრება, როცა უკეთესად ცხოვრება შეგვეძლო. ძალიან რთულია, როცა არ იცი, მომავალ წლამდე თავს როგორ გაიტან”.