რომის პაპი სომხეთში
25.06.2016 19:00
ეკუმენური ცერემონია და ლოცვა მშვიდობისთვის ერევანში,
რესპუბლიკის მოედანზე
25.06.2016 17:00
რომის პაპი გიუმრიში
25.06.2016 09:00
რომის პაპმა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი “ციცერნაკაბერდი” მოინახულა
24.06.2016 20:00
დღეს, საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამოსვლის დროს 1915 წელს ოსმალურ თურქეთში მომხდარი სომეხთა მასობრივი ჟლეტის დასახასიათებლად მის წერილობით მიმართვაში ნახსენები სიტყვა “ტრაგედიის” ნაცვლად სიტყვა “გენოციდი” წარმოთქვა.
სომხური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ამ მოვლენის შესახებ New York Times-მაც გამოაქვეყნა მასალა და აღნიშნა, რომ ამ გზით პონტიფიკოსმა უარი თქვა ფრთხილ, დიპლომატიურ გამოსვლაზე.
დღეს, 24 ივნისს რომის პაპის, ფრანცისკეს სომხეთში ვიზიტი იწყება. მისი სტუმრობის დევიზია “პირველი ქრისტიანული ქვეყნის მოლოცვა”. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური სომხეთში 26 ივნისამდე დარჩება. ვიზიტს დაახლოებით 600 ჟურნალისტი გააშუქებს – მათ შორის, ჩვენი ორი კორესპონდენტიც.
ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე პონტიფიკოსმა სომეხ ხალხს მიმართა:
“ძვირფასო ძმებო და დებო! უფლის შეწევნით, ჩამოვდივარ თქვენთან, რათა, ჩემი მოგზაურობის დევიზის შესაბამისად, პირველი ქრისტიანული ქვეყანა მოვილოცო. პილიგრიმივით ჩამოვდივარ, რათა მიმდინარე საიუბილეო წელს [სომხეთმა ქრისტიანობა 1715 წლის წინ, 301 წელს მიიღო] თქვენი ხალხის ძველ სიბრძნეს ვეზიარო და თქვენი რწმენის სათავეებს დავუკავშირდე – კლდესავით მტკიცე თქვენი ცნობილი, გრავირებული ხაჩკარების მსგავსად.
სომხეთის იდუმალ სიმაღლეებს ვესტუმრები, როგორც თქვენი ძმა, რომელსაც თქვენი სახეების ნახვა, თქვენთან ერთად ლოცვა და მეგობრობის სიკეთის გაზიარება სურს.
თქვენი ისტორია და ის ამბები, რაც თქვენს ერს გადახდა, ჩემში აღფრთოვანებასა და მწუხარებას იწვევს. აღფრთოვანებას იმიტომ, რომ იესოს შეწევნითა და თქვენი ნიჭიერების წყალობით, კიდევ ერთხელ შეძელით ფეხზე წამოდგომა – იმ უსაშინლესი ტანჯვის შემდეგაც კი, რომელზე უარესიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. მწუხარებას კი იმ ტრაგედიის გამო განვიცდი, რომელიც თქვენმა მამებმა გადაიტანეს.
როგორც ევანგელეს მსახურსა და მშვიდობის მაცნეს, მსურს, თქვენ შორის ვიყო და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირი ძალისხმევის საყრდენად ვიქცე, თქვენთან ერთად ვიარო მშვიდობის გზით, რომელიც იმედს ბადებს.”
ვიზიტის დეტალებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
2015 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ფაქტს გენოციდი უწოდა. 12 აპრილს წმინდა პეტრეს ტაძარში მისმა უწმინდესობამ გენოციდის მსხვერპლთა მოსახსენიებელი მესა აღასრულა. ამას გარდა, პონტიფიკოსმა მეათე საუკუნეში მცხოვრები სომეხი ფილოსოფოსის, ღვთისმეტყველისა და პოეტის, “მწუხარების სიმღერების წიგნის” ავტორის, გრიგორ ნარეკაცის კანონიზაცია აღასრულა და მას “ეკლესიის მასწავლებლის” წოდება მიანიჭა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა: 24.06.2016