როგორ ცხოვრობენ დევნილები ხურვალეთში
სოფელ “ახალი ხურვალეთის” გადასახვევთან ქართული საგუშაგოა. უსაფრთხოების მიზნით, ყველა გამვლელს აჩერებენ, პირადობის მოწმობას სთხოვენ და არკვევენ, სად, რატომ და რამდენი ხნით მიდის. გამონაკლისები არც ჩვენ აღმოვჩნდით. ვეუბნებით, რომ ჟურნალისტები ვართ.
“ხომ იცით, ახალი ხურვალეთიდან 2 კილომეტრში მავთულხლართებია, ფრთხილად უნდა იყოთ,” – გვეუბნება ერთ-ერთი პოლიციელი და გზის გაგრძელების უფლებას გვაძლევს. თან გვაფრთხილებს, რომ დევნილთა დასახლებაში ჩვენს უსაფრთხოებაზე სამართალდამცველები იზრუნებენ.
ეს კონფლიქტის ზონაა. სოფელი სახელწოდებით “ახალი ხურვალეთი” აქ 2009 წელს გაჩნდა და ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე დასახლებას შორის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი დევნილებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ააშენა.
“ახალი ხურვალეთი” გორიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული და 139 კოტეჯისგან შედგება. დასახლება სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
შუადღეა. პაპანაქება სიცხეა. საავტომობოლო მაგისტრალს ნელ-ნელა ვშორდებით. ჩვენი მანქანა მოხრეშილ გზაზე უხვევს, ჯაყჯაყებს და ირგვლივ მტვრის ბუღს ტოვებს.
ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული სახლების წყება შორიდანვე გამოჩნდა. ყველა კოტეჯი ერთნაირია – უფერული კედლებითა და ნაცრისფერი სახურავით.
“თქვენ ალბათ მავთულხლართების სანახავად მოხვედით, არა?” – გვეკითხება იზა, რომელიც პირველივე კოტეჯთან შეგვხვდა და დასახლებაში მეგზურობაზე დაგვთანხმდა.
იზა ოქროპირიძე 33 წლისაა. ვიდრე სოფლის ვიწრო ქუჩებში დავდივართ, თავის ისტორიას გვიყვება. პროფესიით ფილოლოგია, უმაღლესი განათლება ცხინვალში მიიღო. იქ ადრე ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა დღეს მათთან ურთიერთობა აღარ აქვს.
2008 წლის ომამდე სოფელ დისევში ცხოვრობდა, დიდ ორსართულიან სახლში. 8 წელია, იქაურობა არ უნახავს.
“მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი სახლი აღარ არსებობს, დამწვარი და გაპარტახებულია. ეზოში ძალიან ბევრი ხილი გვქონდა, კარგი ბოსტანი. ალბათ ყველაფერი გახმებოდა მოუვლელობისგან,” – ამბობს ის.
ომმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ის ახლა სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და დასახლებაში მცხოვრები დევნილების პრობლემებზე ზრუნავს.
იქვე დგანან სამართალმდაცავები, რომლებსაც ჩვენთვის ყური თუ არა, თვალი ნამდვილად არ მოუშორებიათ.
იზა გვეუბნენბა, რომ პოლიცია დასახლებაში მუდმივად პატრულირებს. “ჩვენ მათ უკვე მივეჩვიეთ. აქედან ორიოდე კილომეტრში რუსები დგანან და ვინმემ ხომ უნდა დაგვიცვას?!”
ე.წ. მავთულხლართები, აქაურებისთვის მთავარ საზრუნავად იქცა.
სამხრეთი ოსეთის ე.წ. საზღვრის მონიშვნის მიზნით, რუსი სამხედროები ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე რკინის ბოძებს არჭობენ და მავთულხლართებს ავლებენ.
ეს პროცესი, რომელიც 2013 წლიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებთათვის. შედეგად, ათობით ქართული ოჯახი მავთულხლართების იქეთა მხარეს აღმოჩნდა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას სრულიად მოსწყდა. სხვებმა საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები დაკარგეს.
ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად ჩნდება ინფორმაცია საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც შემდეგ ცხინვალის იზოლატორში ათავსებენ.
“ვთქვათ, შენი ძროხა მავთულის იქეთა მხარეს გადავიდა და მიდიხარ, რომ უკან გადმორეკო. აი, ამას ეძახიან საზღვრის უკანონო გადაკვეთას… ისე მოცოცავენ, ზოგჯერ მგონია, რომ ერთ დღესაც მოვლენ და აქედანაც აგვყრიან,” – საუბარში ერთვება თამარი, დევნილი სოფელ ქსუისიდან.
თამარი თავის სამოთახიან სახლს გვაჩვენებს, ისეთივეს, როგორც ათობით სხვა სახლია ამ დასახლებაში.
“ნახეთ, ყველაფერი მორყეულია. ნაჩქარევად აშენებდნენ და უხარისხო გამოვიდა, – ამბობს ის და ოთახებში ჩავარდნილ იატაკსა და კედლებში გაჩენილ ნაპრალებზე მიგვითითებს.
თამარი ამბობს, რომ დასახლებაში სახლების დიდი ნაწილი ასეთ დღეშია.
“ექვსსულიან ოჯახს ფაქტობრივად ერთ ოთახში გვიწევს ცხოვრება. იატაკები ჩავარდა. გვეუბნებიან, – მოვალთ და გავაკეთებთო,- მაგრამ არ ჩანან.”
თამარის ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ისინი დევნილთა შემწეობით ცხოვრობენ, რომელიც 45 ლარს შეადგენს და სეზონზე მოწეულ მოსავალს ყიდიან. მიწის იმ პატარა ნაკვეთზე, რომელიც მთავრობამ დევნილებს დაურიგა, ქერი მოჰყავთ. 83 წლის დედას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და წამლებზეც ბევრი ფული იხარჯება.
“მაგრამ არაფერზე ხმას არ ამოვიღებდი, სარწყავი წყალი რომ გვქონდეს. ბაღებს გავაშენებდით, ჩვენი შრომით გავიტანდით თავს….” – ამბობს თამარი.
უწყლობა აქ მთავარი პრობლემაა. ერთ დროს ეს მხარე ხილისა და ბოსტნეულის უხვი მოსავლით იყო განთქმული. დღეს კონფლიქტის ზონის სოფლებში არათუ სარწყავ, სასმელ წყალსაც ძლივს უყრიან თავს.
ყველა ეზოში გამოსაჩენ ადგილას ლურჯი წყლის რეზერვუარებია ჩამწკრივებული, სადაც წყალს აგროვებენ.
“ყოველი დღე ამ ბიდონების ავსებით იწყება. ეს არის ცხოვრება?” – ამბობს თამარი.
წყლის პრობლემა აქ 2008 წლის შემდეგ შეიქმნა. საქმე ისაა, რომ სარწყავ არხებში წყალი სამხრეთი ოსეთის მხრიდან მოედინებოდა. ომის შემდეგ კი სათავე ჩაკეტეს და ათობის სოფელი სარწყავის გარეშე დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ხურვალეთში მყიფე მშვიდობა და უფერული ყოფაა, ცხოვრება მაინც არ დგას ერთ ადგილას.
თუ ომის შემდეგ პირველ წლებში დევნილები აქაურობას დროებით საცხოვრებლად მიიჩნევდნენ და სახლების კეთილმოწყობაზეც ნაკლებად ზრუნავდნენ, დღეს აქ სულ სხვა სურათი დაგვხვდა.
“ჩემს სოფელს და მამა-პაპის სახლს ვერაფერი შემიცვლის. არც კი მინდა ვიფიქრო, რომ იქაურობას ვერასდროს ვნახავ. დარწმუნებული ვარ, დავბრუნდები, მაგრამ მანამდე ცხოვრება ხომ წინ მიდის… თანდათან ვეგუები იმ ამბავს, რომ დღეს ჩემი სახლი აქაა. ბავშვები იზრდებიან, მიხედვა უნდათ,” – თითქოს თავს იმართლებს ბეგლარ ზურაბიშვილი, რომლის კოტეჯთან ხალხმრავლობაა. ზოგი აქ წყალს ეზიდება, ზოგი აგურებს, ზოგიც ცემენტს ურევს. ბეგლარმა გადაწყვიტა, გაფართოვდეს და კოტეჯს ერთი ოთახი მიუშენოს. ამ საქმეში მეზობლები ეხმარებიან.
იქვე სკამზე კაცები და ქალები სხედან – სოფლის ბირჟაა. მომავალ არჩევნებზე ვეკითხები [2016 წლის საპარლამენტო არჩევნები_JAMnews]. “რა არჩევნებიო?” – მპასუხობენ ნახევრად ხუმრობით.
– ადრე დაპირებებით მაინც გვატყუებდნენ, – ეს გექნებათ, ის გექნებათო, ახლა ეგეც არ არის, – ამბობს ხანდაზმული კაცი.
– დაიცა, კაცო, ოქტომბრამდე დიდი დროა, აატალახებენ აქაურობას, მაგრამ ვის სჯერა მაგათი. არავითარი უკეთესობა ამ ოთხი წლის განმავლობაში არ გვიგრძვნია. რაც იყო, მაგაზე უარესია ყველაფერი. სახლები თავზე გვექცევა, წყალი არ გვაქვს, აგერ კანალიზაცია ჩამოგვდის, ვიწამლებით ხალხი, მაგრამ არავინ არ არის პატრონი, – პასუხობს მას შედარებით ახალგაზრდა მეზობელი.
იხსენებენ, რომ წინა არჩევნების დროს ზოგი მათგანი სხვადასხვა პარტიაში გაწევრიანდა იმ იმედით, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად წაიყვანდნენ და ამაში ფულს გადაუხდიდნენ.
“ახლაც ასე იქნება, სამსახური და ხელფასი უნდა ხალხს, თორემ ვის რაში სჭირდება მაგათი პარტია?!”
განსაკუთრებით ცხარე კამათი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემას მოჰყვა.
იზა მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს, რადგან რუსეთი ოკუპანტია და მისი მიზანი მთელი საქართველოს ოკუპირებაა.
იზას ჯემალ მახნიაშვილიც ეთანხმება. “რუსეთი მტერია. მე ჩემი ქვეყნის მტერი ვერ მეყვარება. ვერც მასთან მეგობრობა მენდომება,” – ამბობს ის.
“აბა, ევროპა და ამერიკა გვიშველის? ვინმე ისეთი თუ არ მოვიდა, ვინც რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს, ცხინვალი წყალს არასდროს არ გამოგვიშვებს და იჯექით ასე უწყლოდ,” – საუბარში ემოციურად ერთვება ვალიკო ტოლიაშვილი.
საღამოვდება. ამინდი იცვლება. წვიმას აპირებს და ამიტომ ვჩქარობთ. უკანა გზაზე ერთ მოვლილ ეზოსთან ვჩერდებით. ხასხასა ბალახი ერთ ზომაზეა გაკრეჭილი. აყვავებული ვარდის ბუჩქებსა და აივნის მოაჯირებზე დაკიდებული ქოთნის ყვავილებს ეტყობათ მზრუნველი დიასახლისის ხელი.
აქ ვიოლეტა ხოხაშვილი ცხოვრობს. ღიმილით გვეპატიჟება თავის ეზოში. იცის ჟურნალისტები რომ ვართ და უნდა რაღაც გვითხრას:
“67 წლის ვარ. წლებია, სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ. წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ ერთი თხოვნა მექნებოდა – ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან და ახალგაზრდები. მათ არც სამსახური აქვთ და არც გართობა. იქნებ მიაწვდინოთ ხმა, სთხოვოთ, რომ პირველ რიგში ახალგაზრდებს მიხედონ. იქნებ, საბავშვო ბაღი გაგვიკეთონ დასახლებაში. აქ იმდენი პატარა გვყავს, ცოდოები არიან.”
გამოქვეყნებულია: 08. 09. 2016