როგორ გახდა სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა
სომხეთის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარმა (50,51%) მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანას ამომრჩეველთა 63,35%-მა მისცა ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთი ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე უარს ამბობს და საპარლამენტო რესპუბლიკად ცხადდება.
JAMnews-მა უკვე აღნიშნა, რომ რეფერენდუმის პროცესში ჟურნალისტებმა უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს. ამის შესახებ სომხური მედიაც იუწყებოდა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად. მოგვიანებით რეფერენდუმის თაობაზე განცხადებები ადგილობრივმა და მოწვეულმა დამკვირვებლებმაც გააკეთეს.
დავიწყოთ დადებითი შეფასებებით
‘საკონსტიტუციო რეფორმაზე ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც სომხეთის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის საკითხს ეხებოდა, ღია და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მისიის წარმომადგენლებს რაიმე სახის დარღვევა არ შეუნიშნავთ’, – განაცხადა დსთ-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, ევგენი სლობოდამ.
მისი თქმით, ‘კენჭისყრა სომხეთის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობდა. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, მშვიდად. მისიის მესვეურთა მოსაზრებით, რეფერენდუმი თავისუფალ და ღია ატმოსფეროში ჩატარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს საშუალება მისცეს, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება.’
დსთ-ს მისიის დამკვირვებლების მოსაზრება სხვა სადამკვირვებლო ჯგუფების პოზიციისგან კარდინალურად განსხვავდება.
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისში მიაჩნიათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები რეალობისგან შორსაა. ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი აცხადებს, რომ 6 დეკემბერს სომხეთში ყველა სახის დარღვევა შეინიშნებოდა; მათ შორის – ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, უპრეცედენტო ზეწოლა დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე, ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლების სახელით, ხმის რამდენჯერმე მიცემის მიზნით მოქალაქეების ერთი უბნიდან მეორეში გადაყვანა და საარჩევნო უბნების მოხელეების მოსყიდვა.
‘ინფორმირებული მოქალაქეების საბჭომ’ კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევების სია წარადგინა: საარჩევნო ქრთამის გაცემა, ფარული კენჭისყრის დარღვევა, სადამკვირვებლო სამუშაოებისთვის ხელის შეშლა, სხვა მოქალაქეების ნაცვლად ხმის მიცემა და ფიზიკური ძალადობაც კი. ‘ინფორმირებული მოქალაქეების საბჭოს’ კოორდინატორის, დანიელ იონისიანის აზრით, დარღვევები მასობრივ ხასიათს ატარებდა და შეიძლებოდა, შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.
დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის (EPDE) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა დამკვირვებლებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ასევე – ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და ზეწოლა ჟურნალისტებზე.
დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის წარმომადგენელმა, ლენე ვეტელანდმა აღნიშნა: ‘რეფერენდუმის გაყალბებული შედეგები სომეხი ხალხის ნებას არ ასახავს და ლეგიტიმურად არ უნდა მიიჩნეოდეს.’
კომენტარები პრესაში
გაზეთი 168 ჟამი (168 საათი): ‘კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ხმების 63 პროცენტზე მეტი მიიღო და ‘დამაჯერებელი’ გამარჯვება მოიპოვა. ამ ცვლილებებს ამომრჩეველთა მხოლოდ 32,3-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი. გამარჯვება გამანადგურებელი აღმოჩნდა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნშვნელობით, რადგან კვირას ხელისუფლებამ ყველა თავისი დაპირება და არჩევნების სამართლიანად ჩატარების გულუბრყვილო მოლოდინი გაანადგურა. რეფერენდუმის ჩატარებისას ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების კიდევ უფრო სრულყოფილ მეთოდებს მიმართა, ვიდრე ოდესმე მიუმართავს.’