როგორ აცხობენ აზერბაიჯანში „მზის“ პურს
ქალაქ გუსარში, მცირე ზომის საცხობში ლეზგინურ პურს ამზადებენ – მრგვალს, ბრტყელს, დიდი მჭადის მსგავსს.
ლეზგინური პური ტრადიციული აზერბაიჯანული პურისგან – ფორმით, და იმითაც განსხვავდება, რომ დიდხანს ინახება და არ იფშვნება.
ლეზგინები, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის ყველაზე მრავალრიცხოვან ეროვნულ უმცირესობას შეადგენენ. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთში ცხოვრობენ. მათ თავიანთი ენა, კულტურა და ტრადიციები აქვთ, მათ შორის – კულინარული.
ლეზგინურ პურს „ხარ“(ორიგინალში – “khar”)-ის სახელით ცნობილ ღუმელში აცხობენ. იმ ქალების თქმით, რომლებიც აქ მუშაობენ, წინათ „ხარი“ ზედ მიწაზე იდგა. ხანში შესული ქალბატონები პურს მიწაზე მსხდომნი უფრო მოხერხებულად აცხობდნენ. დროთა განმავლობაში კი ფეხებიანი „ხარის“ დადგმა დაიწყეს, და ახლა უკვე თითქმის ყველა სახლსა და საცხობში მაღალი ხარი გამოიყენება.
ამ ღუმლის აგებისას თიხა, კერამიკა და ცხვრის მატყლი გამოიყენება. თავიდან კერამიკულ ფილას წვრილად აქუცმაცებენ, თიხას ურევენ, და მატყლს უმატებენ. მატყლი და კერამიკა ღუმელს ცეცხლგამძლესა და, საერთოდ, უფრო გამძლეს ხდის.
ლეზგინური პური მზეს შემთხვევით არ ჰგავს. პურის გამოცხობის ტრადიციაში შემორჩენილია ლეზგინური მითოლოგიისა და წარმართული რიტუალების კვალი, რომლებიც მთავარ – მზის ღმერთს სცემდნენ თაყვანს.
არსებობს ლეზგინური პურის რამდენიმე სახეობა – თეთრი, შავი, ქატოიანი, კარაქიანი და უსაფუარო (რომელიც ასევე შეიძლება იყოს თეთრი ან შავი).
საცხობში დაახლოებით 10 ქალი მუშაობს. თითოეულს – თავისი მოვალეობა აქვს. ზოგი ცომს ამზადებს, სხვები მას აბრტყელებენ, დანარჩენები კი – პურს აცხობენ.
დეიდა საკინას თქმით, რომელიც ცომს ზელს, ზამთარში ლეზგინურ პურზე ნაკლები მოთხოვნაა, ვიდრე ზაფხულში. ზაფხულობით მას ხშირად ტურისტები ყიდულობენ.
ცომისთვის იღებენ ტომარა ფქვილს, 2 სათლ (10 ლიტრ) წყალს, ერთ კოლოფ მსხვილ მარილს და ერთ კოლოფ საფუარს. ცომს სპეციალურ დანადგარში ზელენ, შემდეგ კი დეიდა საკინა მას ნაჭრებად ჭრის და პურის მცხობელი ქალების გვერდით აწყობს. ამის შემდეგ ცომს თხელ, მრგვალ ფორმას აძლევენ და კომშის ხისგან საგანგებოდ დამზადებული მოწყობილობით ცომს სხვადასხვა გამოსახულებიან ზედაპირს უკეთებენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ ცომი ღუმელში არ ამოვიდეს.
დეიდა საკინა, უკვე 15 წელია, აქ ცომს ზელს. მას დღეში 10-12 ტომარა ფქვილი ეხარჯება: „დღესასწაულის დღეებში საერთოდ შეუსვენებლად ვმუშაობ. დღესასწაულებზე პურს იტაცებენ“.