რა არის სინამდვილეში „რუსული სამყარო“ რუსეთის გარეთ? სამი მოკლე ფილმი
ფილმების სერია „რუსული სამყარო“ ნელ-ნელა ინტერნეტს იპყრობს. ფილმები მიზნად ისახავს რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს და იმის შესახებ მოჰყვეს, თუ როგორ ცხოვრობენ “რუსული თემები” რუსეთის გარეთ სხვადასხვა ქვეყნებში. ფილმების სერია გამოუშვა ARU TV-მ, რომელიც ტალინში მდებარეობს.
ARU TV-ს საკუთარი პროექტი ანალოგიური პირობითი სახელწოდების მქონე კრემლის პოლიტიკური პროექტის ალტერნატივად მიაჩნია.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბევრი სხვა რუსი ლიდერი წლების განმავლობაში ლაპარაკობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული რუსული სათვისტომოების – „რუსული სამყაროს“ – მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. თუმცა, თავად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის ამ რიტორიკას ბევრი მიიჩნევს მოსკოვის მცდელობად, რომ ეთნიკური რუსების დახმარებით დაიბრუნოს ამ ქვეყნებზე კონტროლი.
ARU TV-მ უკვე გამოუშვა სამი ფილმი, რომლებშიც თანმიმდევრულად არის ნაამბობი ესტონეთის, ლატვიისა და ბელარუსის რუსული სათვისტომოების შესახებ.
ესტონეთი
ARU TV-ს თუ დავუჯერებთ, ესტონეთში სულ უფრო იშვიათად შეხვდები რუსულად მოლაპარაკე ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. იქ მცხოვრები რუსების ძირითად მასას შეადგენენ ხნიერი ადამიანები, რომლებიც ესტონეთში ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს მოხვდნენ. ამავდროულად, როგორც ფილმის ავტორები ირწმუნებიან, ესტონეთის საიმიგრაციო პოლიტიკა მიგრანტებისადმი უაღრესად ლოიალურია.
ესტონელმა ახალგზრდობამ რუსული ენა პრაქტიკულად არ იცის, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. ახალგაზრდები, რომლებსაც ესტონეთის გარეთ სურთ სწავლა ან მუშაობა, მეზობელ სკანდინავიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან, მაგრამ – არა რუსეთში.
ლატვია
“მთავრობები, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლო 25 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მოდიოდნენ ლატვიის ხელისუფლების სათავეში, ატარებდნენ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც ლატვიაში პრესტიჟული სამუშაო ადგილების 95 პროცენტს ლატვიელები იკავებენ”, – იუწყებიან ფილმის ავტორები.
ამავდროულად, ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი – ეთნიკური რუსია. მათ შორისაა ქალაქ რიგის მერი ნილ უშაკოვი.
ბელარუსი
ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკვე 23 წელია იკავებს ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას, დიდი ხნის განმავლობაში აუცილებლად მიიჩნევდა რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამბობდა, რომ „რუსები და ბელარუსები – ძმები არიან“. ბოლო წლებში მისი პოზიცია შეიცვალა, ბელარუსმა დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყო, ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობები კი გაუარესდა.
ბელარუსში რუსები მოსახლეობის რვა პროცენტს შეადგენენ; თანაც, რესპუბლიკაში რუსული ენა – ორიდან ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა, ხოლო მოსახლეობის ორი მესამედი მას ძირითად ენად მიიჩნევს.