რა შეიცვალა აზერბაიჯანში სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვის მერე
გაზაფხულის სესიის ბოლო სხდომაზე, არდადეგებზე წასვლამდე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტი მიიღო, ხოლო ივნისის ბოლო დღეებში პრეზიდენტმა ეს ცვლილებები დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი წლით იგეგმება, მაგრამ ნახევარი წელიწადი გავიდა, და პარლამენტარებმა მისი კორექტირება გადაწყვიტეს.
მაგრამ რა შეიცვალა კონკრეტულად და რატომ გახდა ეს აუცილებელი? შევეცადოთ გავერკვეთ.
თუ განვაზოგადებთ, ნავთობის ფასმა მოიმატა, აზერბაიჯანის ბიუჯეტში მეტი ფული გაჩნდა, და ჩინოვნიკებს ამ ფულის „დაბინავება“ მოუნდათ. ანუ ხარჯების მუხლების მიხედვით განაწილება.
შემოსავლები
სულ ბიუჯეტის ჯამური შემოსავალი 1, 9 მანათით გაიზრდება (1, 1 მილიარდი დოლარი – რედ.) საშემოსავლო ნაწილის მთავარი „სპონსორი“, როგორც ყოველთვის, ნავთობი იქნება. ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში ნავთობის სექტორიდან შესული შემოსავალი 20,3%-ით გაიზრდება.
გადასახადების სამინისტროს კი „ნება ეძლევა“ 6,7 პროცენტით ნაკლები გადასახადი გადაიხადოს, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. სამაგიეროდ, საბაჟოზე 38%-ით მეტი გადასახადის შეგროვება იგეგმება, ვიდრე – თავდაპირველი გეგმის მიხედვით.
რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის
2-25 პროცენტით გაიზრდება სახელმწიფო გადასახადი უძრავი ქონების გაყიდვაზე: სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლებს 74-დან 147 დოლარამდე გადახდა მოუწევთ.
ავტომობილის მფლობელისგან, და არა ავტოსალონში შესაძენად, წინათ 6 დოლარის გადახდა იყო საჭირო. ახლა გადასახადი ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული და 60-დან 882 დოლარამდე ღირს. მართალია, თუკი მანქანა 4 წელიწადზე მეტი ხნისაა, გადასახადის ნაწილი – 30-დან 80%-მდე უნდა გადაიხადო.
თუკი აზერბაიჯანის მოქალაქე ტელეფონს უცხოეთში ყიდულობს, მან IMEI-კოდი უნდა დაარეგისტრიროს და ამისთვის გადაიხადოს. ახლა ამას კიდევ ერთი სახელმწიფო გადასახადი დაემატა – 18-დან 88 დოლარამდე. თუკი ტელეფონში ორი სიმბარათია, თანხა ორმაგდება.
ყველაზე მეტად ავტომობილების მფლობელებს არ გაუმართლათ – მართვის უფლების მიღების გადასახადი ახლა არა 10 დოლარია, არამედ 15 დოლარამდე გახდა. მანქანის ნომრისთვის, 13-ის ნაცვლად, 20 დოლარია გადასახდელი, ხოლო BB-005-ის მსგავსი პრესტიჟული ნომრების საყიდლად, რომლებიც წინათ 300-1500 დოლარი ღირდა, აუქციონში მონაწილეობის მიღებაა საჭირო.
როგორ დახარჯავენ 2 მილიარდ მანათს და ვინ მიიღებს ფულს?
ხარჯების მზარდ მუხლებს შორის ლიდერობს – „ეკონომიკური საქმიანობა“. ამ მუხლის მიხედვით, ხარჯები, თავის მხრივ დაყოფილია რამდენიმე მიმართულებით, რომლებიდანაც ყველაზე მსხვილია – არამატერიალური აქტივების შეძენა.
თუ იმაზე ვილაპარაკებთ, კონკრეტულად ვინ მიიღებს ფულს, ყველაზე დიდი თანხები სახელმწიფო კომპანიებს გადაერიცხებათ – კომპანია SOCAR-ს (566,5 მილიონი დოლარი); კომპანია „აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზებს“ (59 მილიონი მანათი); კომპანია „აზერენერჟის“, რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანში ივლისის ბლეკაუტზე, რომელიც თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგი იყო (48 მილიონი დოლარი).
ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო, „კულტურის, ხელოვნების, ფიზკულტურისა და ა. შ.“ მუხლის ფარგლებში, დაახლოებით 12 მილიონ დოლარს იღებს. სოფლის მეურნეობაში დამატებით 58 მილიონ დოლარს დახარჯავენ – იმაზე 15%-ით მეტს, ვიდრე აპირებდნენ.
ხარჯების სხვა მუხლები უმნიშვნელოდ გაიზარდა – 2-დან 7 პროცენტამდე: „თავდაცვა“, „სოციალური დაცვა“, „განათლება“, „კულტურა და ხელოვნება“ და სხვა.