რაზე მიანიშნებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ერევანში?
სომხეთში მყოფი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსული მხარე 2018 წელს სომხეთისთვის ბუნებრივ აირზე ფასებს არ შეცვლის, სომეხი ექსპერტები არ გაახარა.
მათი აზრით, ბუნებრივი აირის ფასი ადრინდელი და იაფი უნდა დარჩეს, რადგან 2013 წელს მხარეებმა მოახდინეს „საგაზო ხელშეკრულების რატიფიცირება“, რომლის მიხედვითაც, სომხეთი ვალდებულებას იღებს, რომ 30 წლის განმავლობაში რუსულ ბუნებრივ აირს შიდა ფასებით შეიძენს.
ამავდროულად, ზოგიერთის აზრით, მედვედევი მომდევნო წლებში სომხეთისთვის რუსული ბუნებრივი აირის გაძვირებაზე მიანიშნებდა, რადგან როგორც მედვედევმა აღნიშნა, ასეთი შეთანხმება მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სხვა პარამეტრებზე იყვნენ შეთანხმებულნი.
“რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ამ საბედისწერო „საგაზო ხელშეკრულებას“, რომელშიც ძალიან საკამათო პირობები იყო ჩადებული, სომხეთის ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ამის წყალობით საფუძველი ეყრება გრძელვადიან თანამშრომლობას, რათა სომხეთისთვის ბუნებრივი აირი არ გაძვირდეს.
მაგრამ ამჯერად მედვედევი სომხეთში ჩამოვიდა, და ვხედავთ, რომ ის თითქოს რაღაცას გვამადლის: რუსეთი საჩუქარს გვიკეთებს და აცხადებს, რომ წელს ბუნებრივი აირი არ გაძვირდება, არადა შეთანხმების მიხედვით, ბუნებრივი აირის ფასი უკვე 30 წლის ვადით არის დადგენილი“, – თქვა ეროვნული საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ დეპუტატმა ედმონ მარუკიანმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედიოდა, ხელისუფლება მაშინაც ამბობდა, რომ ამის წყალობით, ბუნებრივი აირის ფასები არ გაიზრდებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ეს იყო სიმართლე. „არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალ წელს ბუნებრივი აირი არ გაძვირდება“, – თქვა ედმონ მარუკიანმა.
ორგანიზაცია „ინფორმირებული საზოგადოების“ თვმჯდომარე დანიელ იონისიანი მიიჩნევს, რომ სომხეთში ბუნებრივი აირი ძვირი ღირს არამხოლოდ სხვა ქვეყნებთან შედარებით, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებითაც.
„მაგალითად, უკრაინის მოსახლეობისთვის ორი ტარიფი მოქმედებს: ერთი გათბობისთვის, მეორე სამზარეულოსთვის. მაგრამ ეს ორივე ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე სომხური. თანაც გათბობის ტარიფი სომხურზე თითქმის ორჯერ დაბალია – „საქართველოს მაცხოვრებლები 1000 კუბომეტრ ბუნებრივ აირში 220 დოლარს იხდიან, აზერბაიჯანში კი – 125-ს“, – თქვა დანიელ იონისიანმა.