მარგველაშვილი: “აფხაზებსა და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება"
გაზიარება
გაზიარება
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა გადაიხედოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი და გაძლიერდეს ავტონომიები. მისი თქმით, ეს კარგი გზავნილი იქნებოდა აფხაზებისა და ოსებისთვის:
“აფხაზებსა და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება, მათ შორის ეს უნდა მომხდარიყო აჭარის მაგალითზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მის ამ მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი გუნდი, რომელიც არ აპირებს ახალ საკონსტიტუციო პროექტში ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას. “სანამ არ გახდება შესაძლებელი კონსულტაციების წარმოება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან, ტერიტორიული მოწყობის საკითხებს არ შევეხებით,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გარდა ტერიტორიული მოწყობის საკითხისა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს ახალი კონსტიტუციის პროექტის სხვა პუნქტებიც გააკრიტიკა.
მისი აზრით, თუ ეს ცვლილებები ძალაში შევა, ქვეყანას უსამართლო საარჩევნო სისტემა ექნება.
მარგველაშვილის აზრით, ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ პარლამენტში მოხვედრა, რადგან საკონსტიტუციო პროექტით უქმდება საარჩევნო ბლოკების სისტემა, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერი კვლავ მაღალი – 5 პროცენტიანი რჩება.
პრეზიდენტი დღეს პირველად ჩაერთო კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაში. მანამდე ის ამ პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობდა, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის მმართველ გუნდთან დაპირისპირების გამო.
ბათუმში სიტყვით გამოსვლისას მან პრეზიდენტის უფლებების შეკვეცაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტს მხოლოდ ნომინალურად ერქმევა მთავარსარდალი, თუმცა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს:
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ურთულეს ვითარებასა და გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაშია, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია. პრეზიდენტს იმის დისკრეციაც არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” მიერაა ინიცირებული. სავარაუდოდ, უკვე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლოს საქართელოს ახალი კონსტიტუცია ექნება.
საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოსაა მიღებული. 109 მუხლისგან შემდგარი კონსტიტუცია მას შემდეგ 33-ჯერ შეიცვალა.