პეპიდან ქერი ბრედშოუმდე. წიგნები, რომლებმაც შეცვალეს ქალები
სოციალურ ქსელში ქართველ ქალებს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ წიგნები, რომლებმაც მათზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს, ახალი იდეებისა და შთაგონების წყაროდ იქცნენ.
საბოლოოდ ეს სია გამოვიდა:
‘ზარხუფი’ (The Bell Jar)
ავტორი: სილვია პლათი (Sylvia Plath)
ამერიკელი პოეტის სილვია პლათის ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტი ‘ზარხუფი’ მის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა. ამ ავტობიოგრაფიულ წიგნში ამერიკელი პოეტის, ჯონ ჰიუზის ცოლი და ორი შვილის დედა ჰყვება თავის მძიმე დეპრესიაზე, სულიერ მარტოობაზე, თვითმკვლელობის გზების ძიებასა და მერე ისევ რეალობაში დაბრუნებაზე.
‘საკუთარი ოთახი’ (A Room of One’s Own)
ავტორი: ვირჯინია ვულფი (Virginia Woolf)
“ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, რომ წეროს მხატვრული ნაწარმოებები” – ვირჯინია ვულფის ამ სიტყვებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნადვილი რევოლუცია მოახდინა და იმდროინდელი ფემინისტი ინტელექტუალების შთაგონების წყარო გახდა. სამწუხაროდ, დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში ქალების შემოქმედებითი და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ვულფის ეს მოწოდება ისევ აქტუალურია.
‘ოქროს რვეული’ (The Golden Notebook)
ავტორი: დორის ლესინგი (Doris Lessing)
‘ოქროს რვეული’ 1962 წელს გამოქვეყნდა და ფემინისტების სამაგიდო წიგნად იქცა, ლესინგი კი, 2007 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ნობელის კომიტეტის განმარტებით, პრემია მას ‘ქალური გამოცდილების ეპოსის’ შექმნისთვის მიენიჭა. ლესინგი თავადაც საოცარი ბედის ქალი იყო. დაიბადა ირანში, გაიზარდა სამხრეთ როდეზიაში, ახალგაზრდობაში კომუნისტებს თანაუგრძნობდა; რთული იყო მისი, როგორც დედის ცხოვრებაც… ეს ყველაფერი უნიკალურს და ძალიან ღრმას ხდის მის ლიტერატურას. ‘ოქროს რვეული’ გულწრფელობითა და დამაჯერებლობით ჰყვება ‘თავისუფალი ქალების’ ცხოვრებაზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერობებზე. აი, ერთი ციტატა: ‘სიმართლე კი ისაა, რომ ქალს აქვს ღრმა, ინსტინქტური მოთხოვნილება, მამაკაცისგან ნამდვილი მამაკაცი შექმნას… მე მგონი, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნამდვილი მამაკაცი სულ უფრო დიდი იშვიათობაა, ჰოდა, ვიზაფრებით, და ვცდილობთ შევქმნათ ისინი.’
‘სიამაყე და ცრურწმენა’ (Pride & Prejudice)
ავტორი: ჯეინ ოსტინი (Jane Austen)
ბენეტების გაღარიბებულ ოჯახში ხუთი ქალიშვილია და მშობლები მათი სარფიანად გათხოვების პერსპექტივას ვერ ხედავენ. ამ დროს მეზობელად მდიდარი, უცოლო კაცი ჩამოდის… დარსი და ლიზი ბენეტი დღემდე ინგლისური ლიტერატურის ყველაზე რომანტიკულ წყვილად რჩება. ჯეინ ოსტინის ეს რომანი კი, ბი-ბი-სის ვერსიით, მეორე ადგილზეა ‘მსოფლიოს 200 საუკეთესო წიგნის’ რეიტინგში.
‘ბრმა მკვლელი’ ( Blind Assassin)
ავტორი: მარგარეტ ეტვუდი (Margaret Atwood)
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ კანადელ მწერალს, მაშინ წინ დიდი სიამოვნება გელით. ‘ბრმა მკვლელი’ პირველი რომანია, რომელსაც 21-ე საუკუნეში ბუკერის პრემია მიენიჭა. ეს ოჯახური საგა მთელ მეოცე საუკუნეს მოიცავს. ორი დის – აირის და ლორა ჩეიზების სიყვარულისა და სიძულვილი ეს არაჩვეულებრივი ისტორია იმდენად ორიგინალურადაა მოწოდებული, რომ მთავარი აღმოჩენები მკითხველს წიგნის მეორე ნაწილში ელის.
‘მეორე სქესი’ ( The Second Sex )
ავტორი: სიმონა დე ბოვუარი (Simone de Beauvoir)
ბოვუარის ეს ორტომეული დღემდე ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ფილოსოფიურ და ისტორიულ კვლევად ქალებისა და მათი პრობლემების შესახებ. რატომ მოხდა ისე, რომ ამ სამყაროში ქალის ყოფა განსხვავდება კაცის ყოფისგან? შეუძლია თუ არა ქალს იყოს თავისუფალი? დე ბოვუარი თავის ნაწარმოებში ქალის დაქვემდებარებული როლის ახსნას შეეცადა. მისმა ამ ნაშრომმა აზრთა ისეთი სხვადასხვაობა გამოიწვია, რომ იგი ვატიკანის მიერ აკრძალულ წიგნთა სიაშიც კი აღმოჩნდა.
‘ძვირფასი ცხოვრება’ (Dear Life)
ავტორი: ელის მუნრო (Alice Munro)
უკვე 30 წელია, ელის მუნრო მსოფლიოში მოკლე მოთხრობების საუკეთესო ავტორად მიიჩნევა. თუმცა, ქართველ მკითხველამდე ის მხოლოდ ახლა მოვიდა, მას შემდეგ, რაც ამ კანადელმა მწერალმა ნობელის პრემია მიიღო. მას ხშირად ადარებენ ჩეხოვს და ეს შედარება უსაფუძვლო არ არის – მუნროს გმირები ცოცხალი ადამიანები არიან, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ჩვენ მათ ვიცნობთ.
‘სექსი დიდ ქალაქში’ (Sex and The City)
ქენდის ბუშნელი ( Candace Bushnell)
წიგნი იმ სტატიების კრებულია, რომლებსაც ქენდის ბუშნელი 1994 წელს The New York Observer-ისთვის წერდა. მთავარმა რედაქტორმა ბუშნელს ჟურნალში საავტორო სვეტის დაწერა შესთავაზა და უთხრა – წერე იმაზე, რაზეც თავად გსურს. ასე შეიქმნა ოთხი თავისუფალი ნიუ იორკელი ქალის პერსონაჟი, რომელთა გულწრფელობა და თვითირონია მილიონობით ქალისთვის მთელ მსოფლიოში შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ქერის, სამანტას, მირანდას და ჯესიკას ბევრი ამ რომანის მიხედვით გადაღებული სერიალით იცნობს, თუმცა მათი გამოკვეთილი სახეების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი სწორედ სცენარმა ითამაშა.
‘პაულა’ (Paula)
ავტორი: ისაბელ ალიენდე (Isabel Allende)
“მისმინე, პაულა. ისეთი ისტორია უნდა გიამბო, რომ გაიღვიძებ, თავი დაკარგულად არ იგრძნო” – ასე იწყება ცნობილი ჩილელი მწერლის ისაბელ ალიენდეს “პაულა”. ეს არის კომაში მყოფი შვილის – პაულას მიმართ დაწერილი წერილები. აქ ალიენდე მსჯელობს პოლიტიკაზეც, რელიგიაზეც, ძველ საყვარლებსა და დედამისზე.
‘პეპი გრძელი წინდა’ (Pippi Longstocking)
ასტრიდ ლინდგრენი (Astrid Lindgren)
ის ფინანსურად დამოუკიდებელია, რადგან ერთი ტომარა ოქროს ფული აქვს; იცის რევოლვერიდან სროლა, შეუძლია მხრებით ცხენი ათრიოს და ცხრა ზღვა გადაცუროს. პეპილოტამ დაგვარწმუნა, რომ პატარა გოგოები ძლიერები ვართ. ასტრიდმა კი, გვიჩვენა, რომ გოგოებსაც შეგვიძლია კაცებივით მაგრად წერა.
P.S. და კიდევ, ამ წიგნმა გვასწავლა, რომ პეპიდ შეიძლება დარჩე ნებისმიერ ასაკში