ოფიციალური ერევანი „განსაკუთრებული ყურადღებით“ აკვირდება რუბლის მერყეობას
სანქციები, რომლებიც აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, შესაძლოა, სომხეთზე უარყოფითად აისახოს. ასეთი აზრი აქვთ სომხეთის ხელისუფლებასა და ექსპერტებს.
კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუბლის მერყეობა გამოიწვია. და ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია, ეს პროცესი სომხეთზე არ აისახოს, რადგან რუსეთი მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია.
ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერის, ეკონომისტი მიქაელ მელქუმიანის თქმით, სომხეთის 600 ათასზე მეტი მოქალაქე რუსეთში მუშაობს, და რუბლის კურსის მერყეობა, პირველ რიგში, მათ შეეხებათ.
„რუსეთიდან 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური ნაკადი შემოდის, და ეს თანხა გაუფასურებული შემოვა. და ის ოჯახებიც, რომლებიც აქ ნათესავების, ქმრების მიერ რუსეთიდან გამოგზავნილი სახსრებით ცხოვრობენ, იმავე თანხით უფრო ნაკლები საქონლის შეძენას შეძლებენ, ვიდრე წინათ. ადამიანების მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება“, – თქვა მიქაელ მელქუმიანმა.
მას მიაჩნია, რომ რუბლის გაუფასურების შედეგად, შესაძლოა, შეცვალოს ბუნებრივი აირის, ნავთობის, იარაღისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საქონლის ფასი. მისი აზრით, შესაძლოა, რუსულ ბაზარზე სომხეთიდან ექსპორტირებული საქონელიც არ გაიყიდოს, რადგან ის მსყიდველუნარიანობას დაკარგავს.
ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სურენ კარაიანმა განაცხადა, რომ სომხეთი „განსაკუთრებული ყურადღებით“ აკვირდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. მას ასევე მიაჩნია, რომ რუსული რუბლის მერყეობა, შესაძლოა, სომხეთის ეკონომიკაზე აისახოს.
„დროის მოკლე მონაკვეთში ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ამას თვალ-ყურს ვადევნებთ და ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად კონსულტაციებს გავდივართ. ეს სიტუაცია ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება, და ახლაც მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით ჩვენს ექსპორტიორებთან, რომლებიც თავიანთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს სწორედ რუსული რუბლით არეგულირებენ. აუცილებლობის შემთხვევაში, ხელისუფლება მათ მხარდასაჭერად საკუთარ ინსტრუმენტებს გამოიყენებს“, – აღნიშნა კარაიანმა.