ნაკრძალ „ხოსროვის ტყეში“ გაჩენილმა ხანძარმა ფლორასა და ფაუნას დიდი ზიანი მიაყენა
ნაკრძალ „ხოსროვის ტყეში“ გაჩენილმა ხანძარმა ადგილობრივ ეკოსისტემას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. დაზაინდა ნაკრძალის ფლორაც და ფაუნაც. ხანძარი 12 აგვისტოს გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებს ხელი თავსხმა წვიმამაც შეუწყო. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია.
ხოსროვის ტყე მდიდარი მცენარეული საფარით არის ცნობილი. აქ თავმოყრილია სომხეთის ფლორის ნახევარზე მეტი – 1849 სახეობის მცენარე. ნაკრძალის მთიან ეკოსისტემაში 283 სახეობის ხერხემლიანი ცხოველი ბინადრობს.
სპეციალიტები ამბობენ, რომ ხანძრის გამო, პირველ რიგში, ქვეწარმავლები, მღრღნელები და მფრინავი მწერები დაზარალდნენ. ადგილობრივი ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლები, საბედნიეროდ, არ დაზარალებულან, თუმცა იძულებულები გახდნენ უსაფრთხო ტერიტორიებზე გადასახლებულიყვნენ. დაიწვა ასევე ღვიის ტყეების 201 ჰა, მუხნარის 908 ჰა 162 ჰა ბალახის საფარი.
„ეს ნაკრძალი ეროვნული და რეგიონული, საერთაშორისო მნიშვნელობისაა. აქ რესპუბლიკის მცენარეების ნახევარზე მეტი ხარობს, მაღალი კლასის მცენარეთა სახეობები. აქ თავმოყრილია ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ძალიან მდიდარი შემადგენლობა, ენდომური სახეობები – ბეზოარის თხა და სომხური მუფლონი. დანაკარგის ანაზღაურებას ათობით წელი დასჭირდება, იმიტომ,რომ დაზიანდა ხეები – მაგალითად ღვიის ძველ ზომამდე აღდგენას წლები მოუნდება“, – აღნიშნა ეკოლოგმა კარინე დანიელიანმა.
„მწვანეთა კავშირის“ თავმჯდომარემ აკოპ მანასარიანმა თქვა, რომ დამწვარი მონაკვეთების აღდგენაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება.
„ ეს გლოვის დღედ უნდა გამოცხადდეს, რადგან დამწვარ ადგილებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზეც. აღდგენაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, ამ ტერიტორიაზე ასობით უნიკალური მცენარე და ენდემური ხე ხარობდა. სომხური ღვიის გახარებას სხვადსხვა ადგილას ცდილობდნენ, რა მეთოდს აღარ იყენებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს – ძალიან რთული აღმოჩნდა“, – თქვა აკოპ მანასარიანმა.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე აქტიურად მსჯელობენ ამ საკითხზე. უმრავლესობა გაოცებას და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხანძრის ჩაქრობა ძალიან დიდხანს ვერ მოხერხდა; ასევე იმითაც, რომ სომხეთში შესაბამისი ტექნიკა არ აღმოაჩნდათ და დასახმარებლად სხვა ქვეყნებისთვის, კერძოდ რუსული სახნაძრო თვითმფრინავის „ИЛ-76“-ს, თხოვნა მოუხდათ.
„ის მაინც თუ გესმით, რომ ასეთ სიცხეში მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ ქვეყანაში ხანძრები გარდაუვალია? ავსტრალიასა და ამერიკაში ყოველ წელს ხდება ხანძრები, რომლებიც კვირეობით გრძელდება… ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ! ნუთუ აშკარა არ იყო, რომ ოდესმე ეს ჩვენთანაც მოხდებოდა?“
„რაღა ქვეყანა ვართ, თუ ხანძრის ჩაქრობაც კი არ შეგვიძლია, და ხანძრის ჩასაქრობი ტექნიკაც კი არ გაგვაჩნია?“