უკონტროლო თევზჭერა აფხაზეთში: იღუპება არამხოლოდ თევზი
თევზჭერა აფხაზეთში
აფხაზეთში ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემა მწიფდება – მის ნაპირებთან თევზის რაოდენობა სწრაფად იკლებს. თევზჭერა – რესპუბლიკის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წილიც მასზე მოდის.
თუმცა, 2017 წელს თევზის მარაგის შემცირების გამო, 40-ათასიანი დადგენილი კვოტის მხოლოდ მეოთხედი იქნა ათვისებული – დაიჭირეს მხოლოდ 11 ათასი ტონა თევზი.
2018 წელს კვოტა ორჯერ შემცირდა და წლის ბოლომდე მხოლოდ 20 ათასი ტონა თევზის მოპოვებაა დაშვებული.
დაწვრილებით განვიხილავთ, თუ რა ინვესტიციებია ჩადებული აფხაზეთში თევზის ბიზნესში, როგორ მუშაობს ის და რა მოსდის მას.
რეწვა დარღვევებით
2018 წლის დასაწყისში რამდენიმე თევზსაჭერმა გემმა ისევ დაარღვია რეწვის წესები და ნაპირს დაშვებულ 500 მეტრზე ნაკლები მანძილით მიუახლოვდა. სოციალურ ქსელებში ისევ დაიწყო აღშფოთებული მსჯელობა და მთავრობის მხრიდან ისევ არანაირი რეაქცია არ ყოფილა.
ამგვარი დარღვევები მუდმივად მეორდება. წლების განმავლობაში ადგილობრივი მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ და ცდილობენ მთავრობისა და საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემისადმი მიმართონ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადგილობრივები ნაპირთან ახლოს მისულ სეინერებს ესროდნენ კიდეც.
თუმცა, რაიმეს შეცვლა მაინც ვერ ხერხდებოდა.
თევზჭერის ზონის დარღვევები, ძირითადად, გაგრისა და ბიჭვინთის აკვატორიებშია ხშირი. ეს ადგილები საბჭოთა კავშირის პერიოდში ნაკრძალებად იყო მიჩნეული და თევზის რეწვა იქ საერთდ აკრძალული იყო.
ნაპირებთან რეწვა პირველ რიგში იმით არის სახიფათო, რომ ის ფსკერის თევზის გაქრობას იწვევს.
„ის თითქოს „ქაფშიას ქვეშ“ ბინადრობს, რომელიც სეინერების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ფსკერის ამ თევზის გარეშე ქაფშია არ იარსებებდა – რადგან ის მისით იკვებება“, – ამბობს აფხაზეთის სათევზაო და სანადირო სპორტის ფედერაციის სამმართველოს თავმჯდომარე ალბერტ ბონდარენკო.
როდესაც სეინერი ნაპირს ზედმეტად უახლოვდება – ამ დროს ის ფსკერის მიკროფლორას ანადგურებს და შედეგი კატასტროფული იქნება.
„ფსკერის მიკროფლორის აღდგენას 5-დან 15 წლამდე პერიოდი ესაჭიროება. ეს იმას ნიშნავს, რომ სეინერის ნაპირთან ყოველი მოახლოების შემდეგ თევზის ნაწილი ან უბრალოდ ქრება – ანდა ძალიან მცირე ზომის იქნება. და თევზი ყოველწიურად სულ უფრო შემცირდება – რასაც ახლაც ვხედავთ – და ეს მხოლოდ ქაფშიას არ ეხება, არამედ ძვირფას სახეობებსაც, ისეთებს როგორიცაა კუზა, სვია, ორაგული“, – ამბობს ბონდარენკო.
დაბალი ჯარიმები
აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიიღო საგანგებო დადგენილება, რომელიც თევზსაჭერ გემებს ნაპირთან 500 მეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას უკრძალავს. დარღვევისთვის მაქსიმალური ჯარიმა – სამი ათასი რუბლია (დაახლოებით55$).
ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით, სწორედ დაბალი ჯარიმები განაპირობებს ხშირ დარღვევას.
„სეინერების მფლობელებს, ნაპირთან ახლოს დაჭერის შემთხვევაში, თევზაობა საერთოდ რომ ეკრძალებოდეთ – მაშინ წესებს დაიცავდნენ“, – მიაჩნია სოხუმის მკვიდრ ალექსანდრს.
„ეს ჯარიმა – კაპიკებია. სეინერების მფლობელებს მათ გადასახდელად დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ. თურქული სეინერები იმდენ თევზს იჭერენ, რომ ეს სასჯელი მათთვის ზღვაში წვეთივითაა. ჩვენს მეთევზეებს კი მათ შემდეგ იქ დასაჭერი აღარაფერი რჩებათ“, – ამბობს გაგრის მაცხოვრებელი არტური.
წარმოება და ექსპორტი
2017 წლის 12 დეკემბრიდან, როდესაც თევზჭერის ახალი სეზონი დაიწყო, და 2018 წლის 11 იანვრამდე, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სეინერებმა საერთო ჯამში 7500 ტონა ქაფშია დაიჭირეს. შედარებისთვის – 2016 წელს ამავე პერიოდის განმავლობაში 11 ათასი ტონა ქაფშია იყო დაჭერილი.
თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ზამთარს უჩვეულოდ თბილი დარი დგას და თევზჭერის შემცირება შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს – თბილ წყალში თევზი გაფანტულადაა და თავს ერთად ვერ იყრის.
როგორც წესი, წლის ამ დროს სოხუმის რაიონის მაიაკის მცხოვრებლები, სადაც ერთ-ერთი თევზის კომბინატი მდებარეობს, თევზის ძლიერ სუნს უჩივიან. ბევრი ამბობს, რომ მწვავე და დამპალი სუნი დგას, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს სუნი რაღაცით „შემწვარი თევზის სუნს“ აგონებთ, მაგრამ ამ იანვარს თევზის სუნი არავის აწუხებს.
„თევზი არ არის, ამიტომაც ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ, არ ვმუშაობთ. ველოდებით, ვიდრე ჩამოიტანენ“, – ამბობს ადგილობრივი თევზკომბინატის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მცირე ექსკურსი ფოტოებით იმის შესახებ, თუ სად მიაქვთ აფხაზეთის თევზრეწვის მთავარი პროდუქცია – თევზის ფქვილი და თევზის ქონი.
აფხაზეთში თევზჭერით მხოლოდ თურქული სეინერები არიან დაკავებული, თევზის ფქვილისა და თევზის ქონის წარმოებით კი ექვსი აფხაზურ-თურქული საწარმო. მათი ნაწილი მთლიანად თურქული ინვესტიციების ხარჯზეა შექმნილი, ნაწილი – ერთობლივი კაპიტალდაბანდებაა. პროდუქცია თურქეთსა და რუსეთში გააქვთ ექსპორტზე.
მისი ფასი გარემოებათა კომპლექსზეა დამოკიდებული და ტონაში 900-დან 15000 ათს დოლარამდე მერყეობს.
იღუპება არამხოლოდ თევზი
აფხაზი ისტორიკოსი რუსლან ბარციცი ჰყვება, რომ შავი ზღვის ფსკერზე, აფხაზეთის ნაპირებთან საკმაო რაოდენობის არქტიტექტურული ძეგლია, ასევე უძველესი ჩაძირული გემები მათი გასაოცარი ტვირთით, უძველესი იალქნები და ბევრი სხვა რამ.
„მაგალითად, ახალ ათონში 555 წელს ე.წ. ტრაქეის ბრძოლა იყო და ბევრი სამხედრო გემი ჩაიძირა. როდესაც სეინერები თევზს იჭერენ – ბადეებში ხშირად უძველესი ამფორებიც ხვდება. თუმცა, თევზის ბიზნესმენებს ეს ნივთები არ აინტერესებთ და ეს შეუფასებელი აღმოჩენები ხშირად ან ტყდება, ან კი იკაწრება“, – ამბობს რუსლან ბარციცი.
მისი თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მეცნიერებს სეინერებზე არ უშვებენ და თავიანთ ისტორიულ „ნადავლს“ არ უჩვენებენ – „უშვებენ მხოლოდ ეკოლოგებს“, – ამბობს ის.
ბარციცის ნაამბობით, მეთევზეებმა ერთხელ უზარმაზარი, ძველებური ანკესი ამოიღეს. მისი წამოღება სურდათ, თუმცა ძალიან ძნელი აღმოჩნდა და თავი დაანებეს, ის ახალ ათონში, ნაპირთან დადებული დარჩა, ვიდრე ზღვამ უკან არ წაიღო.