სომხეთი. ხალხური ცეკვა ქუჩებს მოედო
ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლი “კარინი”, რომლის დამფუძნებელი და სამხტვრო ხელმძღვანელი სომხური ხალხური ცეკვის ცნობილი ოსტატი, გაგიკ გინოსიანია, ბოლო წლებში საინტერესო ინიციატივით გამოდის. ანსამბლის წევრები 2011 წლიდან სომხეთისა და არცახის ქალაქებსა და სოფლებში მოგზაურობენ და ხალხური ცეკვებისა და სიმღერების საჩვენებელ გამოსვლებს აწყობენ, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. ამ ინიციატივას დაერქვა “მოდით, ვიცეკვოთ სომხურად”.
ხალხური ცეკვების მოყვარულები დროდადრო ერევნის მოედნებსა და პარკებში იკრიბებიან.
პროგრამისტი ფელიქს კოჩარიანი პროექტს “მოდით, ვიცეკვოთ სომხურად” მას შემდეგ შეუერთდა, რაც მისმა უახლოესმა მეგობრებმა დაიწყეს ამ ღონისძიებებზე სიარული:
“ერთხელ მეგობრებს შევუთანხმდი და მორიგ პარასკევს მათ წავყევი. რადგანაც ცეკვა ჯერ კიდევ სასწავლი მქონდა, მეჩვენებოდა, რომ გამოცდილ მოცეკვავეებთან ერთ რიგში ჩადგომა გამიჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა”.
ფელიქსისთვის ცეკვა უბრალოდ გასართობი კი არ არის, არამედ ეროვნული ტრადიციების ცოდნის ხორცშესხმაა: “ცეკვა ბავშვობიდან ჩემი ჰობი იყო. ყოველთვის მშურდა მათი, ვისაც ხალხური ცეკვების შესრულება შეეძლო. თუმცა, თავად ვერა და ვერ მოვახერხე სწავლა. ჩემთვის ხალხური ცეკვები, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ისტორიაა, და მეც ამ ისტორიის და კულტურის მატერებელი მინდა ვიყო”.
“მოდით, ვიცეკვოთ სომხურად” – ეს ცეკვის ღია გაკვეთილებია, სადაც მონაწილეებს არამარტო ასწავლიან ცეკვის ელემენტებს, არამედ მათ არსსაც განუმარტავენ.
ხალხური ცეკვის პოპულარიზაციის ასეთმა ფორმატმა ერთგვარი მოძრაობის სახე მიიღო, რომელიც იმის მაგალითად იქცა, თუ როგორ შეიძლება დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდები ეროვნული ტრადიციებით დააინტერესო.