გაზის კონტრაქტის შესახებ, რომლის გამოძიების დროსაც მალტელი ჟურნალისტი მოკლეს
მალტაში, მკვეთრად გააქტიურდა ჟურნალისტ დაფნა გალიციას საქმე, რომელიც ორი წლის წინ, 2017 წლის 16 სექტემბერს მოკლეს ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით.
ამ პროცესის ცენტრშია, მათ შორის, მილიარდიანი გარიგება მალტის ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, „სოკარს“ შორის.
გამომძიებელი ჟურნალისტები მასში კორუფციული შემადგენლის არსებობასაც ვარაუდობენ.
• SOCAR-ს ამერიკელი კონგრესმენების მოსყიდვაში ადანაშაულებენ
• აზერბაიჯანი: ბოლო ათწლეულის ყველაზე გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები
• როდის დამთავრდება „აზერბაიჯანული ნავთობი“?
მოკლული ჟურნალისტის ოჯახი – მშობლები, ქმარი, სამი ვაჟიშვილი და ერთი და – მოითხოვენ, რომ მალტას, აზერბაიჯანსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის დადებული კონტრაქტის გამოძიების საქმეში ევროპოლიც ჩაერთოს.
დაფნა გარუნა გალიცია გამოძიებას აწარმოებდა, რამდენიმე ქვეყანაში, სხვადასხვა ბანკისა და ფინანსური სტრუქტურების მონაწილეობით მსხვილი თანხების გათეთრების ფაქტებზე. „ბინძური ფულის“ წყაროებს შორის თავიდანვე სახელდებოდა აზერბაიჯანი, მოლდოვა და რუსეთი.
დაფნა გალიციას მკვლელობის საქმის გამოძიება გარკვეულწილად სტაგნაციას განიცდიდა ორი წლის განმავლობაში, რამაც გამოიწვია საერთაშორისო მედიის მუდმივი თავდასხმები არა მხოლოდ მალტის ხელისუფლებაზე, არამედ ევროკავშირის ხელმძღვანელობაზეც.
მალტა კი უმსხვილესი პოლიტიკური კრიზისის შუაგულში აღმოჩნდა 1964 წლიდან მოყოლებული, როდესაც დიდი ბრიტანეთის ეს ყოფილი კოლონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
და აი, 2019 წლის ნოემბერში, მალტაში დაკავებები დაიწყო.
ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მაგნატს
30 ნოემბერს, მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება წარუდგინეს მალტაზე აზარტული თამაშების იმპერიის 38 წლის თავკაცს, მაგნატს, იორგენ ფენეხს. ის კუნძულიდან გაქცევის მცდელობისას დააკავეს.
დაკითხვის დროს მან ბრალდება უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებულია მალტის პრემიერ-მინისტრის უახლოესი მოკავშირე, კიტ შამბერი.
ამის შემდეგ, შამბერმა მაშინვე დატოვა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, მაგრამ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
თავად პრემიერმა, ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან მას შემდეგ წავა, რაც მკვლელობის გამოძიება დასრულდება.
ამავდროულად, დაფნა გალიციას ოჯახმა 26 ნოემბერს ევროპოლს მიმართა თხოვნით, აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება გამოძიებას, რომელიც ცდილობს, დაადგინოს ფულის მარშრუტი მალტას, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის.
რაში მდგომარეობს ამ გარიგების საფუძველი, რომლის გამოძიებაც ჟურნალისტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა და რომელიც, დიდი ალბათობით, ახალი სასამართლო პროცესის მთავარი თემა გახდება? დაფნა გალიციას გარდაცვალების შემდეგ, გამოძიება მისმა კოლეგებმა განაგრძეს – 18 საერთაშორისო გამოცემა გაერთიანდა „დაფნას პროექტის“ გარშემო.
რისი გარკვევა მოახერხეს მათ? „დაფნას პროექტის“ მონაწილის პუბლიკაციის საფუძველზე წერს ბრიტანული გაზეთი The Guardian.
რატომ არის ფასი ორჯერ უფრო მაღალი? მალტასა და აზერბაიჯანს შორის დადებული გარიგების არსი
2013 წელს, მალტის ხელისუფლება აცხადებს ტენდერს კუნძულზე ელექტროსადგურის მშენებლობასა და მომავალში მისი თხევადი გაზით მომარაგებაზე.
ტენდერს კომპანია „Electrogas“-ი იგებს – რომლის მესამედიც აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია „Socar“-ს ეკუთვნის.
შემდეგ – 2015 წელს, „Electrogas“-ი ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კონტაქტს აფორმებს იმავე „Socar“-თან თხევადი ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე.
2017 წელს იწყება მიწოდება და ირკვევა, რომ მალტა ორჯერ უფრო ძვირად ყიდულობს გაზს, ვიდრე მისი ფასია ღია ბაზარზე.
სქემა ასე მუშაობს:
1. „Socar“-ი „Shell“-ისგან 113 მილიონი დოლარის ღირებულების გაზს ყიდულობს.
2. „Socar“-ი მთელ ამ გაზს 153 მილიონ დოლარად აძლევს კომპანია „Electrogas Malta“-ს და თავისთვის 40 მილიონი დოლარის მოგებას იტოვებს.
3.„Electogas Malta“ მალტურ კომპანია „Enemalta“-ს აძლევს იმავე გაზს ზუსტად იმავე ფასად. შემდეგ, „Enemalta“, „Electogas“-ის მონაწილეობით, ამ გაზს ელექტროობად გარდაქმნის.
მალტამ თავისი გაზისთვის გაცილებით უფრო მაღალი ფასი გადაიხადა, ვიდრე, მაგალითად, საბერძნეთმა, იტალიამ და თურქეთმა, რომლებმაც დაახლოებით იმავე პერიოდში გააფორმეს თავიანთი კონტრაქტები.
რატომ გააკეთა მან ეს?
გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვები
ერთ-ერთი კითხვა სწორედ ესაა, აშკარა – რატომ გააფორმა მალტამ გაცილებით უფრო მაღალფასიანი კონტრაქტი?
მალტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, რომ გაზის ფასი კონტრაქტის გაფორმების დროს, 2015 წელს მაღალი იყო, შემდეგ კი მკვეთრად დაეცა. ამავე დროს, „Socar“-თან შეთანხმებაში ფიქსირებული თანხაა ჩადებული.
თუმცა, საბერძნეთმა და იტალიამ, რომლებმაც ანალოგიური ხელშეკრულებები დადეს გაზთან დაკავშირებით სხვა მიმწოდებლებთან, უკვე მიაღწიეს პირობების გადახედვას, მაგრამ მალტას ეს საკითხი არც კი წამოუწევია.
ამას გარდა, ხელისუფლების ეს პასუხი არ ხსნის, რატომ არ ყიდულობენ გაზს პირდაპირ კომპანია „Shell“-ისგან, „Socar“-ის მონაწილეობის გარეშე.
არსებობს სხვა კითხვებიც:
გაზის ტრანსპორტირება ხდება თხევადი სახით. მაგრამ, მართალია, აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის უზარმაზარ რეზერვებს ფლობს – ის თხევად გაზს არ აწარმოებს. კომპანია „Socar“-ს თხევადი გაზის არც წარმოების და არც მისით ვაჭრობის გამოცდილება არ გააჩნია. მაშინ, რატომ ამოირჩია მალტის ხელისუფლებამ პარტნიორად სწორედ „Socar“-ი?
და მესამე კითხვა:
მალტის ხელისუფლებამ, რატომღაც, არ გამოაცხადა ღია ტენდერი თხევადი გაზით მომარაგებაზე. შემდეგ კი, რატომღაც, არ გამოაქვეყნა ინფორმაცია გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესახებ. და ჯერ კიდევ უარს აცხადებს, წარუდგინოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია ამ კონტრაქტთან დაკავშირებით.
„დაფნას პროექტში“ მონაწილე გამომცემლობების ჟურნალისტები გამოძიების გაგრძელებას აპირებენ.