კიევის აეროპორტში აზერბაიჯანელი პოლიტ-დევნილი დააკავეს
აზერბაიჯანელი ოპოზიციური ჟურნალისტი, ნიდერლანდების მოქალაქე ფიკრეტ ჰუსეინლი 14 ოქტომბერს კიევის აეროპორტ „ბორისპოლში“ აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ინტერპოლისადმი მოთხოვნის შედეგად დააკავეს.
ჰუსეინლი დილით დიუსელდორფში გაფრენის წინ დააკავეს. საბაჟო კონტროლის გავლისას მას განუმარტეს, რომ მასზე ინერპოლის ხაზით ძებნა იყო გამოცხადებული.
ჰუსეინლიმ დაკავების წინ მოასწრო, რომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაეწერა: „მე აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დამაპატიმრეს“.
მალევე ჟურნალისტი აეროპორტის პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს. უკრაინაში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტი იალჩინ გარაჰმანი ჰუსეინლის აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში შეხვდა. ჰუსეინლის მიმართ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე (თაღლითობა) და 318-ე (საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) მუხლების მიხედვით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, – იუწყება „კავკაზსკი უზელი“.
გარაჰმანმა დასძინა, რომ კიევში ყოფნისას ჰუსეინლი მასზე თვალთვალს გრძნობდა.
“16 ოქტომბერს უკრაინის ბორისპოლის სასამართლო ჰუსეინლის საქმეს განიხილავს, მანამდე ის პატიმრობაში დარჩება”, – იუწყება გაჰრამანი.
“კანონიერი გზით ჩემი აზერბაიჯანისთვის გადაცემა შეუძლებელია. მაგრამ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აფგან მუხტარლის მსგავსად, ჩემი გატაცება და აზებაიჯანში უკანონოდ გაგზავნა უნდათ. აქ უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება. თუმცა, არც ერთი მათგანი ჩემთან კონტაქტში არ შემოდის“, – მოჰყავს ჰუსეინლის სიტყვები „რადიოაზალდიგს“.
- ფიკრეტ ჰუსეინლის, როდესაც ის ოპოზიციური გაზეთ „აზალდიგის“ თანამშრომელი იყო, 2006 წლის მარტში ბაქოს მიდებარე სოფელ პატამდარში უცნობმა ნიღბიანებმა სცემეს. გაზეთმა „აზალდიგმა“ მაშინ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა ჟურნალისტის მიერ აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ეს დანაშაული არ გახსნილა. 2008 წელს მასზე გაგრძელებული ზეწოლის გამო, ჟურნალისტი აზერბაიჯანიდან ემიგრაციაში წავიდა.
- ბოლო ხანს ფიკრეტ ჰუსეინლი ევროპიდან თანამგზავრულად მაუწყებელ ოპოზიციურ ტელეარხთან TuranTV-თან თანამშრომლობდა, ასევე მონაწილეობდა აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტების მიერ ევროპაში საპროტესტო აქციების გამართვაში, – გადმოსცემს azadliq.info.