ყასემ სოლეიმანი - ვინ იყო ის და რა საფრთხეს შეიცავს მისი სიკვდილი
ბაღდადის აეროპორტთან, ავტომობილების კოლონაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი. შეტევის ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.
The Guardian ჰყვება ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის ისტორიას და აანალიზებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ლიკვიდაციას.
• ირანის ბუნტი: რისთვის, და ვის წინააღმდეგ?
• 2010-2019 ფოტოსურათებში – როგორი იყო 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული

62 წლის ყასემ სოლეიმანი საჯარო ფიგურა შედარებით ცოტა ხნის წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ცოტა ვინმე თუ ახდენდა ისეთ გავლენას მოვლენებზე ირანში, ერაყში, სირიასა და ლიბანში, როგორც ის.
„ის პრეზიდენტზე უფრო გავლენიანი იყო, პირდაპირი წვდომა ჰქონდა ირანის უზენაეს სულიერ ლიდერთან და კავშირი ჰქონდა სხვადასხვა დაჯგუფებასთან. მას განიხილავდნენ, როგორც პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს“, – ამტკიცებს პოლიტოლოგი დინა ესფანდიარი.
სოლეიმანი „ქუდსის“ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა. „ქუდსის“ ამოცანა იყო ირანის გავლენის გავრცელება სხვა ქვეყნებზე.
აი, რით იყო გენერალი სოლეიმანი დაკავებული ამ პოსტზე მუშაობისას:
•„ჰეზბოლას“ გაძლიერებით – ლიბანში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფების;
• იემენში ჰუსიტი ამბოხებულების სამხედრო დანაყოფების შექმნით;
• სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის მხარდაჭერით;
• ერაყში შიიტთა შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებით.
საკუთარ ავტობიოგრაფიაში სოლეიმანიმ დაწერა, რომ ის ქალაქ რაბორში, უბრალო ოჯახში დაიბადა და 13 წლის ასაკში სამუშაოდ გაემგზავრა, რათა ოჯახს შაჰის ხელისუფლებისთვის ვალის გადახდაში დახმარებოდა.
შაჰის დამხობის შემდეგ, 1979 წელს, სოლეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში გაწევრიანდა, რომელიც კონტრრევოლუციის მცდელობის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.
1981 წელს, ერაყთან ომის დროს, სოლეიმანი ფრონტზე გაგზავნეს, სადაც დაიჭრა. ასევე, იქ მან პირველად მიიღო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შიიტთა შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამოცდილება. მომდევნო 20 წლის განმავლობაში, მან ეს ფაქტობრივად რეგიონის ყველა ქვეყანაში გამოიყენა.
2003 წელს, როდესაც ამერიკა ერაყში შეიჭრა, სოლეიმანი უკვე სპეციალურ ქვედანაყოფ „ქუდსს“ ხელმძღვანელობდა. სწორედ მის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებები უწევდნენ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ამერიკელებს და ათასობით სუნიტ ერაყელს კლავდნენ.
ფართო პოპულარობა მოიპოვა მისმა წერილმა, რომელიც ერაყში ამერიკული ძალების ხელმძღვანელს, გენერალ პეტროუსს გაუგზავნა, რომელიც შეიცავდა პირდაპირ მუქარას და იწყებოდა ასეთი სიტყვებით:
“მე, ყასემ სოლეიმანი, პასუხისმგებელი ვარ ირანის პოლიტიკაზე ლიბანში, ერაყში, ღაზის სექტორსა და ავღანეთში…“.
გენერალი ყასემ სოლეიმანი პირადად არის პასუხისმგებელი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში – სირიაში, ლიბანსა და ერაყში – ასევე, თვითონ ირანშიც 2009 და 2019 წლებში.
მისი ხელმძღვანელობით მოქმედ შიიტურ დაჯგუფებებთან შეტაკებებში დაღუპულთა რიცხვი ათობით ათასს შეადგენს.
წელიწად-ნახევრის წინ, სოლეიმანიმ პრეზიდენტ ტრამპისადმი ვიდეომიმართვა ჩაწერა. მასში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა გენერალმა განაცხადა:
„თქვენ აზარტული მოთამაშე ხართ, მაგრამ გაფრთხილებთ: ჩვენ მოგაყენებთ დარტყმას იქ, სადაც არ ელით. თქვენ დაიწყებთ ომს, მაგრამ მას ჩვენ დავასრულებთ“.
საკუთარი მუქარის რეალიზება ყასემ სოლეიმანიმ ვერ მოასწრო.
ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ განაცხადა, რომ „აშშ სასტიკად აგებს პასუხს სოლეიმანის მკვლელობისთვის“.