კარასინი საქართველოს ემუქრება: "ჩვენ ხომ გვახსოვს, საიდან იწყებოდა უკრაინის პრობლემები"
27 თებერვალს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა შედგა.
დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი “ტეტ-ა-ტეტ” მოლაპარაკების დაწყებამდე და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით სკანდალური და ხმაური აღმოჩნდა.
კარასინმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც გააფრთხილა თბილისი, რომ კავკასიაში ნატოს გაძლიერებას “უსიამოვნო მოულოდნელობები” მოჰყვება. რუსი დიპლომატი პარალელს უკრაინასთან ავლებს.
კარასინის განცხადებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში. მისი სიტყვები ღია მუქარად აღიქვეს.
______
მუქარა 1: “უსიამოვნო მოულოდნელობები გელით”
ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე გრიგორი კარასინმა უთხრა “რადიო თავისუფლებას”, რომ მას სურს გააფრთხილოს ქართველი კოლეგები “უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ:
[toggle title=”JAMnews-ის ცნობა: რას ნიშნავს აბაშიძე-კარასინის ფორმატი? (სანახავად ჩამოშალეთ)“]
2012 წელს “ქართული ოცნების”საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღდგა საქართველო–რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რომელიც წლების წინ შეწყვეტილი იყო.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობა შემოიღო და ამ პოსტზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, რომელსაც რუსეთში ელჩად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
შეიქმნა რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკების ახალი ფორმატი. ამ ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.
მათი საუბრის თემაა ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.
კარასინ-აბაშიძის ფორმატის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, 2013 წელს აღდგა ქართული პროდუქციის – ხილის, ბოსტნეულის, ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი რუსეთში. ასევე, განახლდა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისები.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი, რადგან საქართველოს წინა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ რუსეთთან, როგორც აგრესორთან საუბარი მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების თანხლებით შეიძლებოდა.
2008 წლის ომის შემდეგ ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო ურთიერთობდნენ – ჟენევის მოლაპარაკებები იყო, სადაც ორი ქვეყნის ურთიერთობა საერთაშორისო დამკვირვებლების შუამავლობით მიმდინარეობს.
[/toggle]
„მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის,” – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
მუქარა 2: თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს ან რეგიონში სიმშვიდე ან ნატო
“თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს,” – უთხრა კარასინმა რუსულ გაზეთ “კომერსანტს”.
მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან.
“ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას,” – თქვა მან.
კარასინის მუქარა 3: გავიხსენოთ, როგორ დაიწყო არეულობა უკრაინაში
“კომერსანტთან” საუბარში კარასინი შეახსენებს თბილისს და ქართველ პოლიტიკოსებს, რომ უკრაინას პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ამ ქვეყნის პოლიტიკოსების რიტორიკაში ნატო-ს თემა გააქტიურდა:
“ისინი [ქართველი პოლიტიკოსები] ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე საუბრობენ… ჩვენ ხომ გვახსოვს, საიდან იწყებოდა უკრაინის პრობლემები. ეს აბსოლუტურად იდენტური შემთხვევაა,” – ამბობს რუსი დიპლომატი.