სამშობლოს არ გავაყიდინებთ. აფხაზური ფსევდოპატრიოტიზმის შესახებ
დღეს მოდური გახდა ნებისმიერი ინიციატივის საგანგებოდ “გამწვავება”. კრიტიკის დროს არგუმენტაციით თავის შეწუხება საჭირო არ არის – პატრიოტულ გრძნობებზე თამაში ყველაზე კარგად ჭრის. საკმარისია, ვინმემ დაიყვიროს “სამშობლოს ყიდიან!” და ეს წარმოსახვითი მატარებელი, რამდენად რაციონალური იდეებითაც უნდა იყოს დატვირთული, აუცილებლად გადავა რელსებიდან
სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. როგორც დამოუკიდებელ უკრაინაში ამბობენ, “თუ არ აჭენებ, “მასკალი” ხარ [მოსკოველი, რუსი]”. იგივე ხდება ჩვენთანაც – ვინც არ ეჭვობს, რომ სამშობლოს აუცილებლად ყიდიან, სულ მცირე, თავად არის მოღალატეობის ზღვარზე მდგომი საეჭვო ადამიანი.
და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს დიდ პოლიტიკაზეა ლაპარაკი, თუ სოციალურ აქციაზე. ფსევდოპატრიოტულმა გუნდმა (პირადად მე, მათ სწორედ ამგვარად აღვიქვამ) მთელი აფხაზური სივრცე მოიცვა და ერთი ნიშაც კი არ დატოვა თავის ყოვლისმჭრეტველი თვალისგან თავისუფალი. მაგალითებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო.
გასულ შაბათს “გუმის” რკინიგზის პლატფორმაზე უქმე დღის ბაზარი გაიმართა. აქციის ორგანიზატორი “აფხაზეთის ქალთა ასოციაცია” იყო. ღონისძიება გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და სოხუმის ადმინისტრაციის დახმარებით გაიმართა. ყველა რეგიონიდან ჩამოსულ გლეხებს (ანუ უშუალოდ მეწარმეებს) საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია დედაქალაქში ჩამოეტანათ და შუამავლების გარეშე, დამოუკიდებლად გაეყიდათ.
ბაზარში მყიდველების არნახული აჟიოტაჟი შეინიშნებოდა. ორ საათში სოხუმელებმა დახლებიდან ყველაფერი გააქრეს.
შედეგით ფრთაშესხმულმა ორგანიზატორებმა ამ ერთჯერადი აქციის ტრადიციად გადაქცევა გადაწყვიტეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოების პატრიოტულმა ფრთამ აიმაღლა ხმა.
სოციალურ ქსელში ვიღაცამ ატვირთა ქართულ ენაზე ამობეჭდილი ჩეკი, რომელიც, მისივე თქმით, “გუმის” ბაქანზე იპოვეს. და მომხმარებლებმა ხსენებული ქაღალდის წარმომავლობის დადგენისა და ყოველგვარი მოკვლევის გარეშე, ერთხმად გამოაცხვეს საბრალდებო დასკვნა, რომელსაც ამ ლოგიკის შესაფერისი განაჩენიც ახლდა თან. მომხმარებლებმა დაასკვნეს, რომ საშაბათო ბაზარში გლეხები საქართველოდან შემოტანილი აგროპროდუქტებით ვაჭრობდნენ.
და მნიშვნელობა არ აქვს, რომ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ავბედითი ჩეკი ორი თვის წინათ იყო ამობეჭდილი; და რომ ამ ჩეკით, თუ “გუგლის” “მთარგმნელი” არ იტყუება, მავანმა გაზქურა შეიძინა და ქაღალდის ამ ნაგლეჯს ბაზართან საერთოდ არ აქვს ავშირი. მაინც მოვახარხეთ და, ფსევდოპატრიოტულმა სარეველამ რაციონალური მარცვალი გაანადგურა.
ახლა როგორც ჩანს, ახალ ბაზარს კიდევ ძალიან დიდხანს უნდა ველოდოთ. ვიღას მოუნდება, ასეთი მოწადინების შემდეგ მოღალატეობა დასწამონ?
სამწუხაროდ, მოჩვენებითი, ცალსახად საზოგადოებისთვის გათამაშებული პატრიოტიზმი სხვა ინიციატივას არ აღიარებს, რადგან დემონსტრაციული სიყვარულის გარდა, არაფერი შეუძლია. ის არც სხვას მისცემს ინიციატივის გამოჩენის საშუალებას – მათ შორის – არც თავად ქვეყანას, რომელიც ასე უსაზღვროდ უყვარს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა: 19.10.2016