ილჰამ ალიევმა დაიფიცა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს
გაზიარება
გაზიარება
ილჰამ ალიევმა დღეს ოფიციალურად მეოთხედ დაიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობა. არჩეულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანის კონსტიტუციასა და ყურანზე ფიცი დადო.
ინაუგურაციის ცერემონიაზე ტრადიციულად არ იყვნენ მიწვეული უცხოელი სტუმრები. თავისი მამის, ჰეიდარ ალიევისგან განსხვავებით, ახლანდელი პრეზიდენტი ინაუგურაციის ცერემონიის ნაკლებად საჯარო ადგილებში ჩატარებას ანიჭებს უპირატესობას, არა – ბაქოს მთავარ სასახლეში, არამედ – პარლამენტის შენობაში.
ცერემონიის დასაწყისში ალიევმა ყველა თავის მომხრეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ხალხის ნება ასახა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებისას, ვფიცავ, შევასრულო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია, დავიცვა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ღირსეულად ვემსახურო ხალხს!“ – თქვა ილჰამ ალიევმა.
შემდეგ ალიევმა დასძინა:
„წმინდა ყურანზე ხელის დადებით, ვფიცავ, საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი ხალხის მიერ შექმნილი ეროვნული და სულიერი ტრადიციებისა და ფასეულობების ერთგული ვიყო, და მუდამ გავუფრთხილდე მათ“.
ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა, კანონის თანახმად, მთელი მთავრობა დაითხოვა.
ექსპერტების აზრით, უახლოესი დღეების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა აზერბაიჯანის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა იქნება. ამჟამად ამ თანამდებობას 83 წლის არტურ რასიზადე იკავებს; და ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სრულიად დასაშვებია, რომ მას უფრო ახალგაზრდა და ენერგიული მენეჯერი შეცვლის. კანდიდატებს შორის სახელდებიან – ფინანსთა მინისტრი სამირ შაფიროვი, ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივანი ალი აჰმედოვი.
11 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით, ილჰამ ალიევს მხარი დაუჭირა 86%-ზე მეტმა ამომრჩეველმა. ის აზერბაიჯანს უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ეუთოს დამკვირვებლებმა საარჩევნო კამპანიაც და საკუთრივ კენჭისყრის პროცესიც სერიოზულად გააკრიტიკეს, კერძოდ კი, განაცხადეს, რომ “აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებმა ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ვითარებაში ჩაიარა, რაც აუცილებელია მართლაც დემოკრატიული საარჩევნო კამპანიისთვის”.