თურქეთი: სექსუალური ძალადობა ბავშვებზე
დავიწყოთ რიცხვებით.
7 წლის განმავლობაში – 2010-დან 2017 წლამდე – თურქეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 134 960 სისხლის სამართლის საქმე გამოიძიეს.
მარტივი გადათვლითაც კი გამოდის, რომ დღეში დაახლოებით 45 ბავშვი განიცდის სექსუალურ ძალადობას. ამ რიცხვში შედიან არასრულწლოვანი გოგონები, რომლებიც გაათხოვეს (კანონით დაქორწინება 18 წლიდანაა შესაძლებელი).
და ეს მხოლოდ გამოძიებული შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკაა (იუსტიციის სამინისტროს მონაცემები).
შოკირებული საზოგადოება მოქმედებას მოითხოვდა და 2018 წელს ხელისუფლება ამ პრობლემით დაკავდა. პარლამენტში უკვე წარადგინეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების ცვლილებათა პროექტი. ბავშვებსა და ქალებზე სექსუალურ ძალადობაზე სასჯელი საგრძნობლად გამკაცრდება. კონკრეტულად რას ითვალისწინებს, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი, თავად პრობლემაზე.
ძალადობის ეპიდემია?
ა ახლა თურქეთი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება მორიგ საქმეზე, რომელიც ბავშვების მკვლელობას უკავშირდება.
9 წლის სედანურ გიუზელის სხეული 9-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი ყარსის პროვინციაში, ქაგიზამანის რაიონში სექტემბერში დაიკარგა. გაირკვა, რომ სამმა მეზობელმა სედანური თავდაპირველად გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა.
2018 წლის 21 დეკემბერს, სახელმწიფო ბრალმდებელმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის კი – 24 წლით პატიმრობა.
ა
ამასობაში, ჯერ ისევ უცნობია 3 წლის ევრიმ ათიშის ბედი, რომელიც თოქათის პროვინციაში დაიკარგა. მას 2018 წლის ივლისიდან ეძებენ. არაა გამორიცხული, რომ გოგონა მშობლებმა მოკლეს.
მამა უკვე გისოსების მიღმაა, დედა კი საქმეში ეჭვმიტანილის რანგში გადის. წინასწარი ვერსიით, მშობლები ევრიმს სასტიკად ექცეოდნენ, დაუდევრობით შემოაკვდათ და სასჯელის თავიდან არიდების იმედით, სხეული გადამალეს.
ე
ვრიმის დაკარგვამდე ერთი თვით ადრე, 2018 წლის ივნისში, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში თითქმის ერთდროულად მოკლეს სამი ბავშვი – სამი წლის ლეილა აიდემირი აგრის პროვინციაში, 8 წლის ეილულ იაგლიქარა ანკარაში და 6 წლის უფუქ თათარი ხატაის პროვინციაში.
ეს ბავშვები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არ გამხდარან, ისინი ნათესავებს შორის მტრობის გამო მოკლეს.
თურქეთის ხელისუფლებას ბავშვების დაცვა არ შეუძლია
ამის შესახებ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ.
სოციოლოგი ემრახ ქირიმსოი ამბობს, რომ ბავშვების მკვლელობების სტატისტიკასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ბავშვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა:
„ეს წარმოუდგენელი რიცხვია და ეს არის მიზეზი, რომ აღნიშნული პრობლემა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული გახდეს“.
თურქეთში არსებობს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც ადგენს არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით სავალდებულო პრევენციულ ზომებს – ეს არის ბავშვთა დაცვის სტრატეგიული საკოორდინაციო დოკუმენტი. ის 2014-2019 წლებზეა გაწერილი.
[su_pullquote align=”right”] 8 წლის განმავლობაში თურქეთში 100 ათასზე მეტი ბავშვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა [/su_pullquote]
თუმცა, ონლაინპლატფორმის, „შევაჩეროთ ქალთა მკვლელობები“, ხელმძღვანელი, დოქტორი გიულსუმ ქავი ამბობს, რომ დოკუმენტი მხოლოდ ფორმალურად არსებობს.
„ამ დოკუმენტს არც უწყებები და არც საზოგადოება არ ახსენებენ. ვფიქრობ, რომ თუკი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედებდნენ – პრობლემების ნახევარი თავისთავად მოგვარდებოდა“.
სიკვდილით დასჯა თუ უფრო მკაცრი სასჯელი ბავშვების დასაცავად?
2014 წელს, თურქეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და მკვლელობის ფაქტებმა პიკს მიაღწია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა, ხომ არ ღირდა სამართალწარმოებაში სიკვდილით დასჯის დაბრუნება.
ამ დროისთვის თურქეთში სიკვდილით დასჯა არ აღუდგენიათ, თუმცა კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გამკაცრდა. არასრულწლოვანთა მკვლელობა – ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას და სასჯელის მოხდას მკაცრი რეჟიმის კოლონიებში. ბავშვებზე სექსუალური და ოჯახური ძალადობა – 20 წლით თავისუფლების აღკვეთას.
[su_pullquote align=”right”]ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სანქციების გამკაცრების ნაცვლად, აჯობებდა, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები გაეძლიერებინათ [/su_pullquote]
თუმცა, თურქეთში ბევრი იურისტი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სანქციების გამკაცრების ნაცვლად, აჯობებდა, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები გაეძლიერებინათ.
„თურქეთში არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე სასჯელი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ ვითარება არ იცვლება. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უკვე არსებული კანონები მუშაობდეს“, – ამბობს არასრულწლოვანთა საქმეების ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი გაზალ ბაირამი.
ყოველწლიურად 27 ათას არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ
პედოფილია თურქეთში სახიფათო ტენდენცია გახდა არამარტო კრიმინალურ ქრონიკებში.
მხოლოდ რეგისტრირებული ფაქტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად საშუალოდ 27 ათასი ბავშვი ქორწინდება.
საერთო ჯამში, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების 45 პროცენტი, დამნაშავის დასჯამდე არ მიდის.
ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოების სტამბოლის ფილიალის ამ დროისთვის უკანასკნელ ანგარიშში წერია, რომ პედოფილიის შემთხვევების სიხშირით თურქეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, აბდულა გიულის (ამ პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა) მეუღლეც კი მასზე 15 წლის ასაკში დაქორწინდა. თავად აბდულა გიული მაშინ 30 წლის იყო.
რელიგიური საზოგადოება და პედოფილია
თურქეთში ასევე გავრცელებულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები სასწავლო დაწესებულებების საერთო საცხოვრებლებში.
არსებობს რელიგიური ორგანიზაციების საერთო საცხოვრებლები, რომლებიც ამ მომსახურებას უფრო იაფად გვთავაზობენ.
2017 წლის ბოლოდან 2018 წლის დასაწყისამდე, მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, სისხლის სამართლის სამი საქმე აღიძრა ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე რელიგიურ საზოგადოებებში, რომლებიც აღმზრდელობითი სამუშაოთი არიან დაკავებული. დაზარალებულთა შორისაა 9 წლის ბიჭი.
იმ საერთო საცხოვრებელთა უმრავლესობა, სადაც ასეთი ფაქტები დაფიქსირდა, რელიგიურ ორგანიზაცია „სულეიმანისტებს“ ეკუთვნის.
ამ საზოგადოების წინააღმდეგ ოპოზიცია უკვე მრავალი წელია, გამოდის, თუმცა დღემდე არანაირი ზომები მათ წინააღმდეგ არ მიუღიათ. ყველა ისტორია მხოლოდ კონკრეტული „სულეიმანისტების“ დასჯით მთავრდება, რომელთა სახელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეში ფიგურირებს.
ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ფაქტი თურქეთში რელიგიური ორგანიზაცია „ანსარ ვაკიფის“ საერთო საცხოვრებელში მოხდა, სადაც არასრულწლოვნები გააუპატიურეს.
2012-2015 წლებში პედაგოგმა, სახელად მაგერამ ბუიუქთურქმა, 45 ბიჭზე განახორციელა სექსუალური ხასიათის ძალადობა. მას 508 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თუმცა, ამ გახმაურებული საქმის ყველაზე სკანდალური მოვლენად ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მაშინდელი მინისტრის, სემა რამაზანოღლუს განცხადება იქცა.
„ერთი ოჯახის გამო მთელ საზოგადოებას სახელს ვერ გავუტეხთ“, – განაცხადა მან.
ქალი მინისტრის ეს განცხადება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა სააგენტოების დღის წესრიგში და პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილების ქარიშხალი გამოიწვია.
ყველა პროტესტის მიუხედავად, რელიგიური ორგანიზაცია „ანსარ ვაკიფი“ ამ დრომდე ფუნქციონირებს.
რას აკეთებს ხელისუფლება
2008 წლის 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ ქალებისა და ბავშვების სექსუალური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ცირკულარი გაავრცელა.
დოკუმენტი, რომელიც შვიდი პუნქტისგან შედგება, პროკურორებისაგან განცხადების შეტანისთანავე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებათა პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სასჯელი გამკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადა -ამჟამინდელი 20-დან – 40 წლამდე გაიზრდება.
ამას გარდა, ბრალდებული ქიმიურ კასტრაციას დაექვემდებარება.