თურქეთის ლიდერის ახალი იმიჯი: დამაჯერებელი, ურაპატრიოტული და ანტიევროპული რიტორიკით გაჯერებული
ანტიევროპული ერდოღანი BBC
ჰაერში ვერტმფრენის ფრთები გამოჩნდა და მიწაზე შეკრებილი ადამიანების გასამხნევებლად გაისმა ფრაზა: “რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი მოვიდა!”. აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემლებმა დროშების ქნევა და მისი სახელის სკანდირება დაიწყეს.
ვიღაც ასაკოვან ქალს გული წაუვიდა – ძნელი სათქმელია, რის გამო – ან ჭყლეტვას ვერ გაუძლო, ან უბრალოდ ძალიან აღელდა. თურქეთის პრეზიდენტი გამოჩნდა და ერთმა მოზარდმა გოგონამ მაშინვე თავისი ტელეფონი მომაჩეჩა: ” მის ფონზე გადამიღეთ ფოტო, თუ შეიძლება”.
მათი გმირი მოვიდა.
თურქეთის პრეზიდენტის ემოციური გამოხდომებზე რომელიმე ევროპელ ლიდერს შეიძლება გააჟრიალოს კიდეც. მაგალითად იმის გამო, რომ იგი ჰოლანდიისა და გერმანის ხელისუფლებებს ლანძღავს და მათ “ნაცისტებად” და “ფაშისტებად” მოიხსენიებს. მაგრამ აქ, ქვეყნის რელიგიურ ბირთვში მის ნებისმიერ ქმედებას ერთადერთ სწორ ნაბიჯად აღიქვამენ.
“რა გვეშველებოდა მის გარეშე”
საქარიაში (თურქეთის პროვინცია, რომელიც სტამბოლიდან 160 კილომეტრში მდებარეობს) გამართული დემონსტრაცია, რომელსაც ჩვენც დავესწარით, ერთ-ერთი ნაწილია იმ სააგიტაციო კამპანიისა, რომელსაც ერდოღანი ატარებს რეფერენდუმის წინ. სახალხო გამოკითხვა მომავალ თვეში ჩატარდება და მისი საშუალებით პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოების საკითხი გადაწყდება.
კენჭისყრაზე გადის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მმართველობის საპარლამენტო სისტემა საპრეზიდენტო მოდელით უნდა შეიცვალოს. ეს რეფორმა ყველაზე დიდი პოლიტიკური ცვლილება იქნება 1923 წელს დაარსებული თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში.
საქარიაში ჩატარებულ მრავალათასიან მიტინგზე მოსული ადამიანების დროშებსა და პლაკატებზე ერთადერთი სიტყვა ეწერა– “evet” (ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “დიახ”).
ამჯერად მრისხანების ობიექტებად ის ევროპელი ლიდერები იქცნენ, რომლებმაც მის მინისტრებს ქვეყანაში რეფერენდუმის მმხარდასაჭერი აგიტაციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
მისი გამოსვლა, რომელიც ტიპური, “ერდოღანული” სტილით ჩატარდა, დამაჯერებელი, ურაპატრიოტული და ანტიევროპული განცხადებებით გაჯერებული აღმოჩნდა.
გასულ უქმეებზე ჰოლანდიურ ქალაქ როტერდამში პოლიციამ ძალისმიერი გზით დაარბია მიტინგი, რომელიც ადგილობრივმა თურქულმა დიასპორამ ჩაატარა.
ორ თურქ მაღალჩინოსანს ნიდერლანდების ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ჰოლანდიაში გასამართი არჩევნების წინ მათმა ვიზიტმა, შესაძლოა, სიტუაცია დაძაბოს. მტკიცე პოზიციამ რიუტეს მოუტანა ხმები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ულტრამემარჯვენე გიირტ ვილდერსი მიიღებდა.
“ჰეი, რიუტე, – ყვიროდა მიკროფონში ერდოღანი, – არჩევნები კი მოიგე, მაგრამ თურქეთის სახით მეგობარი დაკარგე”. შეკრებილმა საზოგადოებამ კმაყოფილების გამომხატველი ყიჟინა დასცხო.
ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა “გერმანელი ჯაშუშები”, “ტერორიზმის ევროპული პროპაგანდა” და სამართლიანობის ევროპული სასამართლო გაკიცხა – სამუშაო ადგილებზე რელიგიური ტანისამოსის (მ.შ.ისლამური თავსაფრის) ტარების აკრძალვის მხარდაჭერის გამო.
“მათ ისლამის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყეს! – არ ცხრებოდა ერდოღანი, – წყეულიმც იყოს თქვენი ევროპული ღირებულებები!”
მისი მომხრეები მის ყველა ფრაზას “ყლაპავენ”. მათ ძალიან მოსწონთ, როდესაც მათი მმართველი ევროპას ეწინააღმდეგება. ასეთი დამოკიდებულება, სავარაუდოდ, ოსმალეთის იმპერიის რუდიმენტს წარმოადგენს – ესაა მტრებთან მებრძოლი თურქეთის იდეა. და ბატონი ერდოღანი წარმატებით ახერხებს ამ იდეის კულტივირებას.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაც არ უნდა თქვას პრეზიდენტმა, ეს ხალხი მას ყველა შემთხვევაში დაუჭერს მხარს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ღვთისმოშიში თურქები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავებს სეკულარულ თურქეთში, ერდოღანს მხსნელად მიიჩნევენ. მისი წყალობით, ისინი დომინანტურ ძალად იქცნენ ქვეყანაში და ის პატივისცემა, რომელსაც ერდოღანი იმსახურებს, დემოკრატიულად არჩეულ არც ერთ ლიდერს არ დაესიზმრება.
“მიყვარს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მისი წყალობით უნივერსიტეტში თავსაფრით შემიძლია სიარული”, – მითხრა ქუბრა ჰუსნანმა, რომელიც ერდოღანის განკარგულებას გულისხმობდა სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაფრების ტარების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით.
“და ანტიევროპულ რიტორიკაზე რას ფიქრობ?” ვიკითხე მე.
“გერმანიასა და ჰოლანდიას მეც ვგმობ, – მიპასუხა მან, – უსინდისოები არიან”.
მის გვერდით მდგარმა ესმა კოჩმა კვერი დაუკრა: “ყველაფერი, რასაც ეს კაცი ამბობს, მართალია. რა გვეშველებოდა, რომ არ გვყავდეს!”
სხვა თურქები – პროდასავლური, სეკულარული ადამიანები – ამ კვირაში მომხდარმა მოვლენებმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, უთქუ თულუნგუჩს იმედი აქვს, რომ ნიდერლანდებში გააგრძელებს სწავლას და მაასტრიჰტის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება, მაგრამ შიშობს, რომ არსებული დაპირისპირება მის გეგმებს ხელს შეუშლის.
“თურქეთმა უფრო პროდასავლური კურსი უნდა აირჩიოს, – მითხრა მან, – ამჟამად ნიდერლანდებს ძალიან ცუდი წარმოდგრნა აქვს თურქეთზე და ვწუხვარ იმის გამო, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩემზეც აისახოს მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში ვიცხოვრებ”.
ამავდროულად, თურქული პრესა – რომლის ძირითადი ნაწილიც პროსახელისუფლებო მიმართულებისაა – აქტიურად ახდენს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებუი მესიჯის ტრანსლირებას. ამ კვირაში ერთი გაზეთი გამოვიდა გარეკანით, რომელზეც ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი ანგელა მერკელია გამოსახული.
კიდევ ერთმა გაზეთმა კი პოლიციის ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ჰოლანდიაში გამართული თურქული მიტინგების მონაწილეს კბენს. ფოტოსურათს კი ამშვენებდა წარწერა “ჰოლანდიური ნაცისტი ძაღლი”.
თურქეთში “სხვა” მოსაზრების ქონა სულ უფრო რთული ხდება. ტელეეთერიც და ქუჩის სარეკლამო ბანერებიც ერდოღანის კამპანიის სასარგებლო პროპაგანდითაა სავსე.
პრეზიდენტმა ტერორიზმსა და რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლას შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ოპოზიციის მოწინავე კანდიდატებზე თავდასხმები ეწყობა და მათ სააგიტაციო საქმიანობაში უშლიან ხელს.
მათ შორისაა მერალ აქსენერიც, რომელიც წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. იგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია და ბევრისათვის მოქმედი პრეზიდენტის რეალურ ალტერნატივას წარმოადგრნს. სასტუმროში, სადაც აქსენერი ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აგიტაციის ფარგლებში მართავდა შეხვედრას, მოულოდნელად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება – სწორედ იმ მომენტში, როდესაც მერალი სიტყვით გამოდიოდა.
პრეზიდენტ ერდოღანს არაერთხელ მოუგია არჩევნები და ოთხი კვირის შემდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს. მაგრამ ქვეყანა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს – ნატოს მნიშვნელოვანი წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი – დღეს სახიფათოდ პოლარიზებულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ამ კვირაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, შესაძლოა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაშორდა ევროპას.