თემების გაფართოებით უკმაყოფილო სომხეთის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ გაერთიანება მათ სოფლებს გაანადგურებს
სომხეთის ხელისუფლება 328 თემის გაერთიანების და საბოლოოდ 34 თემის დატოვების წინადადებით გამოდის. გაფართოების პროგრამის დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. საკითხი უკვე დგას ეროვნული საკრებულოს დღის წესრიგში, და დეპუტატები არამხოლოდ იცნობენ ამ ინიციატივას, არამედ უკვე მისი განხილვაც მოასწრეს.
თუმცა, გასაერთიანებელი სოფლების მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აქციებს აწყობენ. მაგალითად, გეგარკუნიკის რაიონის დაახლოებით 20 სოფლის მცხოვრებლებმა, გაფართოების პროგრამის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ მიჩნიათ, რომ ამის შედეგად საზღვრისპირა სოფლები განვითარებას ვერ შეძლებენ და ემიგრაციის ახალი ტალღა დაიწყება.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით მათთვის აზრი არც კი უკითხავს. „გაფართოებას მხოლოდ ერთი შედეგი მოჰყვება: ერთი ცნობის ასაღებად თემების გაერთიანების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან რომ ჩავიდეთ, მანქანის შოვნა დაგვჭირდება. ეს ჩვენს სოფელს საბოლოოდ გაანადგურებს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
უკმაყოფილება ოპოზიციამაც გამოთქვა, და მიზეზად ის დაასახელა, რომ სოფლის ადმინისტრაციების ბევრი თანამშრომელი სამუშაოს გარეშე დარჩება, ვინაიდან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ასევე გაერთიანდება. პრობლემები თემებს შორის ბიუჯეტის განაწილების მხრივაც წარმოიშვება.
ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ გაფართოების შედეგად თემების მართვის ეფექტურობა გაიზრდება, რესურსები დაიზოგება და ინვესტიციების მოზიდვის მეტი შანსი გაჩნდება.
როგორც ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრმა ვაჩე ტერტერიანმა თქვა, თემების გაფართოების შედეგად ქალაქების და სოფლების მოსახლეობის უფლებები და შესაძლებლობები არათუ შემცირდება, არამედ მოიმატებს.
“არცერთი სოფელი არ „ჩაიკეტება“, არცერთი სოფლის ტრადიციები არ დაირღვევა, და მათი თვითიდენტიფიკაცია არ შემცირდება“, – თქვა მან.
ტერტერიანი ასევე ირწმუნება, რომ არ დაიხურება არც სოფლის სკოლები, და ბავშვებს სასწავლებლად მეზობელ სოფლებში არ მოუწევთ სიარული.