„ვარდების რევოლუციის მოედანს" საკრებულომ სახელი შეუცვალა
დღეს, 25 მაისის თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ვარდების რევოლუციის მოედანს” სახელი შეუცვალეს. ახლა მოედანს “პირველი რესპუბლიკის მოედანი” ჰქვია.
სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დარბაზში ტაში გაისმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალურ მოძრაობის და ევროპულ საქართველოს დეპუტატებს.
მოედნისთვის სახელის გადარქმევა თბილისის საკრებულოს ინიციატივა იყო. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაისის დასაწყისში. ინიციატივას დედაქალაქის მერმა კახი კალაძემაც დაუჭირა მხარი.
როგორც საკრებულოს წევრები აცხადებდნენ, მოედნისთვის სახელის შეცვლა 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან იყო დაკავშირებული.
„26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, და წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნა ჩვენი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამას უკავშირდება თბილისის საკრებულოს ეს ინიციატივა, რომ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი დაერქვას“, – აცხადებენ თბილისის საკრებულოში.
თუმცა, სახელის შეცვლის ინიციატივით უკმაყოფილოა საზოგადოების ერთი ნაწილი. ისინი ამ პროცესში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ და ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ გზით სააკაშვილის მემკვიდრეობას და ვარდების რევოლუციის მიღწევებს ებრძვის.
სახელი „ვარდების რევოლუციის მოედანი“ ამ მოედანს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაარქვა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მოვიდა.
სსრკ-ს პერიოდში დღევანდელ “ვარდების რევოლუციის მოედანს” „რესპუბლიკის მოედანი“ ერქვა და ეს სახელწოდება საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკას გულისხმობდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, სსსრკ-ს კომპარტიის გენერალური მდივნის იური ანდროპოვის საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე აქ მონუმენტური ნაგებობა ააგეს, რომელსაც თბილისელებმა „ანდროპოვის ყურები“ შეარქვეს.
ამავე მოედანზე მდებარეობდა სასტუმრო„ივერია“ – საბჭოთა საქართველოს ყველაზე საუკეთესო სასტუმრო, რომელიც 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში აფახზეთიდან დევნილი ასობით ადამიანის თავშესაფრად იქცა.
2005 წელს, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, „ანდროპოვის ყურები“, როგორც მძიმე საბჭოთა წარსულის სიმბოლო, აიღეს. ძველი „ივერიის“ ადგილას კი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu აშენდა.