ვინ მოიხმო საგადასახადო ჯინი?
ტაქსის მძღოლმა თავის ძმას დაურეკა და ახარა, – დღგ-ს არგადამხდელი მეწარმეებისათვის დაწესებული 4%-იანი გამარტივებული გადასახადი გააუქმესო. “ახლა ჩემს ძმას თავისუფლად შეუძლია ვაჭრობა, – ამიხსნა მძღოლმა, – ხუდატადან (ქალაქი აზერბაიჯანის ჩრდილოეთში რედ. შენ) ხილი ჩამოაქვს და შემოსავლიდან არც ისე დიდი მოგება რჩება. თუმცა, ახალი კანონის ძალით, გადასახადი გაუქმდა.” სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში გადასახადების განაკვეთები არ შეცვლილა – პრეზიდენტის მიერ 26 ოქტომბერს გამოცემული ბრძანება უბრალოდ განუმარტავს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს, რისი შემოწმება შეუძლიათ და რისი – არა.
საწარმოს დახურვის ყველა შემთხვევა განხილვას დაექვემდებარება. ასეთ შემთხვევებში, საგადასახადომ ეკონომიკისა და მეწარმეობის სამინისტროს (ემს-მ) უნდა აცნობოს მომხდარის შესახებ. ემს-მ მიზეზები უნდა გაარკვიოს და, თუკი დარღვევები აღმოაჩინა, მიმართოს პროკურატურას. რეფორმის მიზანია ბიზნესმენების დაცვა რეკეტისა თუ ქრთამის მოთხოვნისაგან, რაც ასე ხშირად ახლავს საგადასახადო და სხვა სახის შემოწმებებს; ახალი რეგულაციების სტრატეგიული მიზანი კი აზერბაიჯანში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. შემოწმებები პირველი ნოემბრიდან 2 წლით შეჩერდა.
ყველაფერი ილხამ ალიევის სიტყვით დაიწყო, რომელიც მან 12 ოქტომბერს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე წარმოთქვა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მეწარმეებს შემოწმებებით აწუხებენ. ალიევმა მონოპოლოსტებისა და კორუფციონერების მიმართაც გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება.
იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ახალ ამბებს ადევნებდნენ თვალს, დაასკვნეს, რომ გადასახადების სამინისტრომ პრეზიდენტის გულისწყრომა დაიმსახურა. ამ ყველაფერს ერთგვარი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომელიც მაშინ ჩაცხრა, როდესაც ადამიანები მიხვდნენ, რომ არც გადასახადები გაუუქმებია ვინმეს, და არც შემოწმებები; უბრალოდ, მათი რაოდენობა გონივრულ მინიმუმს გაუტოლდება.
შეკითხვაზე – “რას ნიშნავს თქვენთვის ეს სიახლეები?” – ერთმა ბაქოელმა მეწარმემ, რომელმაც ანონიმად დარჩენა არჩია, ერთგვარი იგავით უპასუხა:
“ერთხელ ერთმა ბიჭმა ლამპარი იპოვა, რომელშიც ჯინი იყო დამწყვდეული. ბიჭმა ლამპრის გვერდი გაუწმინდა, უცებ მის წინაშე ჯინი წამოიმართა და ბიჭს შესთავაზა, – სამი სურვილი ჩაიფიქრეო.
ბიჭმა ჯინს უთხრა:
– მინდა, რომ ჩემს უბანში აქედან აქამდე შავი ცხენები დარბოდნენ;
ჯინმა შეუსრულა პირველი სურვილი და სთხოვა, მეორეც გაემხილა.
– მინდა, რომ ჩემს უბანში აქედან აქამდე თეთრი ცხენები დარბოდნენ;
ჯინს გაუკვირდა, მაგრამ მაინც შეუსრულა.
ჯერი მესამე სურვილზე მიდგა. ჯინს იმედი ჰქონდა, რომ ბიჭი ახლა მაინც ისურვებდა რაიმე გონივრულს…
– მინდა, რომ ამ მხრიდან თეთრი ცხენები მორბოდნენ, იმ მხრიდან კი – შავები. მინდა, რომ თეთრი და შავი ცხენები ერთმანეთს ეჯახებიდნენ.
ჯინმა ბიჭს სურვილი შეუსრულა და ჰკითხა:
– რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
ბიჭმა მიუგო:
– არავითარი. მთავარია, რომ ჩვენს უბანში რაიმე “მოძრაობა” მაინც იყოს.