ვიზალიბერალიზაციის გამო საქართველოში გვარის შეცვლა გართულდება
ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო, საქართველოს ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით გამოდის.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც შეშფოთებით საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა თავშესაფრის მაძებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რის გამოც, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.
“სამწუხარო იქნება, თუ გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ, მსხვერპლი გახდება დანარჩენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების შემუშავება დაგვჭირდება. ერთი ასეთი ცვლილება გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებებია”, – განმარტავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
ცვლილებათა პაკეტის ერთი ნაწილი, სავარაუდოდ, გვარის გამოცვლის პროცედურას გაართულებს.
დღეს საქართველოში გვარის შეცვლის პროცედურა საკმაოდ ლიბერალურია. მთავრობა კი გამკაცრებას გეგმავს. გვარის შეცვლას ვერ შეძლებენ ის პირები, ვინც ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, გვარის შესაცვლელად პირს დასჭირდება თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და ამ პროცედურას ვერ გაივლის წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა მთავრობის მომავალ სხდომაზე იგეგმება.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბერის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება.
• 2017 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებული პრობლემების გამო საქართველომ გაფრთხილებაც მიიღო.