ვაკუუმი
ფოტო : აინურა ალიევა
თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით სულ 35 წუთის გზაა. მაგრამ აქაურები ამბობენ, რომ არ გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მათსავე ქვეყანაში.
გარკევული დოზით აქ ყველაფერია: ტელევიზია, ინტერნეტი, გაზეთები. მაგრამ ორი კითხვა არსებობს – რა მედიებია ეს, და ვის შეუძლია მათი ნახვა და წაკითხვა.
5 წელი, 10, 20, 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან, მრავალი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო პროექტი და პროგრამა, მათზე დახარჯული უამრავი ფული – მაგრამ ვერაფრით გადაწყდა საინფორმაციო ვაკუუმის პრობლემა, რომელშიც ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ; ამ შემთხვევაში – ქვემო ქართლის აზერბაიჯანელები.
მთავარი და ძირითადი მიზეზი ისევ იგივეა და ისევ უბრალო – რეგიონის მცხოვრებთა უდიდესმა ნაწილმა, კომპაქტურად დასახლებულმა 200 ათასმა აზერბაიჯანელმა ქართული არ იცის
ადამიანებს ამ პრობლემის დამოუკიდებლად გადაწტყვეტა არ შეუძლიათ
29 წლის ამილ მამედოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუტლიარში ცხოვრობს. მისი სოფელი დაახლოებით 20 კმ-ით არის დაშორებული რეგიონის ცენტრიდან, მარნეულიდან. რაიონის ცენტრამდე მისასვლელად მას 15 წუთი სჭირდება. გზა ახლახან შეაკეთეს – წინათ ეს 15-კილომეტრიანი მონაკვეთი ღრმულებით იყო დაფარული და მის გავლას, სულ ცოტა, ერთ საათს უნდებოდნენ.
დღეს გზა მოწესრიგებულია, მუნიციპალური ტრანსპორტი გრაფიკით მუშაობს – ავტობუსი სამ საათში ერთხელ მოძრაობს, მაგრამ – მხოლოდ საღამოს 6 საათამდე. თუმცა, სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ამით ძალიან გახარებულია, რადგან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ესეც არ იყო.
ამილი, ერთი თვეა, რაც დაქორწინდა. ქორწილის შემდეგ, პირველი, რითიც დაკავდა – ახალგაზრდა ცოლის საბუთების მოწესრიგება დაიწყო. ძალიან უნდა, რომ მის ცოლს პროფესია ჰქონდეს. თავად კვირაში სამჯერ სოფლიდან მარნეულში ჩადის “ქართული ენის სახლში”. უნდა, რომ ქართული ისწავლოს.
ის სულ გრძნობდა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას, მაგრამ სწავლის საშუალება ყოველთვის არ ჰქონდა. როოგორც ამბობს, სკოლაში სწავლების დონე ძალიან დაბალი იყო. ამდენი წლის განმავლობში სკოლაში ერთადერთი რაც გავიარეთ, ქართული ანბანი იყო”, – ამბობს ამილი.
დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვასაც. სკოლის შემდეგ მან მარნეულში სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა. ძალიან ძნელი იყო. სწავლება მიმდინარეობდა ქართულად, რომელიც მან არ იცოდა; ლექციები, ნაწილობრივ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზეც უტარდებოდა. უმაღლეს განათლებაზე ოცნებას აზრიც კი არ ჰქონდა, არადა, ძალიან უნდოდა.
ქალაქი მარნეული საქართველოს რეგიონებს შორის მრავალნაციონალურობით გამოირჩევა. 73 სოფელი და 137,314 მცხოვრები, მათ შორის 83,1 პროცენტი -აზერბაიჯანელია. დანარჩენები – ქართველები, სომხები, ბერძნები, რუსები.
“სკოლა რომ დავამთავრე, ქართულ ენაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. და ჩემს შემდეგ იგივე გზა უკვე ჩემმა უმცროსამ ძმამ გაიარა. განათლების ხარისხი ჩვენს სკოლაში არც ახლა გაუმჯობესებულა. ამას წინათ სახელმწიფო რეესტრში მომიწია საბუთებისთვის მისვლა, და ვერ შევძელი რაიმე ამეხსნა; მაინცდამაინც მე უნდა გადამეტანა ასეთი დამცირება,”- ამბობს ამილ მამედოვი
მადლობა აზერბაიჯანულ ტელეარხებს
ამილი თავისი ოჯახისა და თანასოფლელებისთვის – მნიშვნელოვან საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს, რადგან ხშირად დადის მარნეულში. როდესაც იქიდან ბრუნდება, მეზობლებს ყოველთვის უყვება აქტუალურ სიახლეებს ცენტრიდან. მოსასმენად ყველა მოდის – ის მათ ტელევიზიასა და გაზეთებს უცვლის – იმიტომ, რომ ქართული ეროვნული არხები და ძირითადი ინტერნეტ-გამოცემები მხოლოდ ქართულ ენაზეა, და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც ინფორმაციის წყარო, უსარგებლოა.
რაიონის ყველა სოფელში ასეთივე სიტუაციაა. რაც უფრო მოშორებულია სოფელი ქალაქიდან, მით მეტად იზოლირებულია ის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
“ჩვენი სოფლის ცენტრში ერთი მაღაზიაა. კაცები იქ “ბირჟაზე” იკრიბებიან ხოლმე და ერთმანეთს ყურმოკრულ ამბებს უყვებიან. ასე განიხილავდნენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში კანდიდატებს, პარტიებს. დამატებით ინფორმაციას აზერბაიჯანული არხებიდან ვიღებთ. მადლობა მათ – წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი რეპორტაჟი გადმოსცეს საქართველოს შესახებ.
ჩაიხანა როგორც ინფორმაციის წყარო
“აზერბაიჯანის თემი სავსეა ქართველი ჟურნალისტებით. რედაქტორები მაშინვე იმას ამბობენ: “აბა რა ქნან, ქართული არ იციან”… მაგრამ ეს მხოლოდ თავის მართლებაა ინფორმაციის დასაფარად,” – ამბობს ექსპერტი ზვიად ქორიძე”.
“პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად გაართვეს ამ ყველაფერს თავი, როდესაც არჩევნებზე მათი ხმების მოპოვება უნდოდათ – მთელი თავისი სარეკლამო ბუკლეტები და მასალა აზერბაიჯანულად და სომხურად გადთარგმნეს. მედიას შეუძლია ასევე მოიქცეს, ისინი ველდებული არიან რეალობიდან გამომდინარე იმოქმედონ.”
მაგრამ ასე არ იქცევიან. და ამიტომც მარნეულში, მათ ნაცვლად, ჩაიხანები მუშაობს. ქალაქში ბევრი ჩაიხანაა – კაცების თავშეყრისა და საუბრის ძირითადი ადგილი.
მარნეულის ერთ-ერთ პოპულარულ ჩაიხანაში დომინოს თამაშობენ და ჩატრებულ არჩევნებს განიხილავენ.
თეთრპერანგიანი შუა ხნის მამაკაცი ადვილად უთავსებს დომინოს თამაშს ჩაის სმას. ეს არის სულეიმან ჩობანოვი, ჩაიხანის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი. რამდენიმე წლის წინათ ჩობანოვი თავად გახლდათ “ჩაიხანელებისთვის” ინფორმაციის წყარო, მაშინ ის აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი “ზეკას”(“ინტელექტი”) რედაქტორი იყო. გაზეთი, უკვე ბევრი წელია, რაც აღარ გამოდის და ახლა, სულეიმანი კი არ არის ჩაიხანის ინფორმატორი, არამედ ჩაიხანაა – მისი, ისევე როგორც დანარჩენი ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციის წყარო.
“რეგიონში არ არის არც ერთი გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე. ნაციონალურ ტელეარხებს არ ვუყურებ – ქართულად არაფერი მესმის. იძულებული ვარ, ის დავიჯერო, რასაც ჩაიხანაში ვისმენ. აქ კი სიახლეს ყველა თავისებურად ჰყვება, ისე, როგორც თავად ესმით,” – ამბობს ჩობანოვი.
“ჩაიხანა – ჩვენთვის ინფორმაციის ერთდაერთი წყაროა”, – დასძენს წითელ სპორტულ სამოსში გამოწყობილი, მაგიდასთან მჯდომი ახალგზრდა.
მარნეულში არსებობს საკუთარი, ადგილობრივი ტელევიზია, სახელად “მარნეული ტვ”. ყოველ საღამოს პატარა სამონტაჟოსა და სტუდიაში თანამშრომლები ახალი ამბების 15-წუთიან გამოშვებას ამზადებენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ტელევიზიის ოფისის პირველ სართულზე განლაგებულია მათი “ნიუსრუმი” – ასევე ჩაიხანა.
“ჩვენ ციფრულ მაუწყებლობაზე ვართ, მოსახლეობა კი, ძირითადად, სატელიტურით სარგებლობს. ასე რომ, ხალხის მცირე ნაწილისთვის ვმუშაობთ. სატელიტურ მაუწყებლობაზე გადასასვლელად სახსრები არ გვაქვს”, – ამბობს “მარნეული ტვ”-ს ჭაღარათმიანი დირექტორი, ცხრა შვილის მამა.
ქალი და ახალი ამბები
მარნეულში ქალები ჩაიხანაში არ დადიან. დაუწერელი კანონია – ქალებს ჩაიხანაში ყოფნა ეკრძალებათ. ეს არამარტო მამკაცებისთვის არის მიუღებელი, არამედ თავად ქალებისთვისაც.
46 წლის გიულდეკინ აბასოვა მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობს. ყველა კითხვას ღიმილით პასუხობს. მაღაზიის მფლობელმა პატარა ტელევიზორი დაუდგა. მთელი დღე აზერბაიჯანული არხი “А-ТВ” აქვს ჩართული. ამ არხის ერთგული მაყურებელია და საყვარელი გადაცემაც აქვს.
“სულ აზერბაიჯანულ არხებს ვუყურებ. საქართველოს ამბებს საღამოს ქმარი მომიყვება, ჩაიხანიდან მოიტანს სიახლეებს”, – ამბობს გიულდეკინი.
ახლახან კიდევ ერთი შესაძლებლობა გაჩნდა – სათემო რადიო “მარნეული” ინტერნეტში აზერბაიჯანულად მაუწყებლობს. რადიოში 10 თანამშრომელია. დირექტორი ახალგაზრდა ქალია – კამილა მამედოვა.
“რადიოში აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტები მუშაობენ. პრობლემებზეც ვლაპარაკობთ, და ცხოვრებისეულ ამბებსაც ვყვებით. მაგალითად, მარნეულში ცხოვრობს კაცი, რომელიც, უკვე 40 წელია, ნაყინს ყიდის. მის შესახებ მარნეულელებმა პირველად ჩვენი ეთერიდან შეიტყვეს. რადიოგადაცემების 90 პროცენტი საკუთრივ ჩვენს თემს ეხება”, – ამბობს კამილა მამედოვა.
ასე რომ, ახალგზარდა თაობა ცდილობს, რაიმე შეცვალოს, და ქვემო ქართლი დანარჩენ საქართველოსთან “შეაერთოს”. მაგრამ ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვთ. ასე რომ, უახლეს ხანში, საეჭვოა, რომ რაიმე შეიცვალოს.