ეუთოს ერევნის ოფისი იკეტება
ეუთოს ერევნის ოფისი უახლოეს თვეებში დაიკეტება. ამის შესახებ სომხურ მედიასაშუალებებს ეუთოს გენერალური მდივნის ოფისიდან აცნობეს.
ეუთოს სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობა აღარ ექნება, რადგან სომხეთი ამ რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ორგანიზაციის წარმომადგენლობა. წარმომადგენლობა დაიკეტება, რადგან მიღებულია მისთვის მანდატის არგაგრძელების გადაწყვეტილება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მისი მომავალი საქმიანობის წინააღმდეგ აზერბაიჯანი გამოვიდა.
შეტყობინებიდან ცხადი ხდება, რომ ეუთოს თავმჯდომარე გერმანია და ავსტრია ცდილობდნენ, რომ რეგიონში დარჩენილი ეს ერთადერთი სივრცე შეენარჩუნებინათ, თუმცა აზებაიჯანი ამის წინააღმდეგ წავიდა. აზერბაიჯანული მხრიდან განმარტეს, რომ ერევნის ოფისის საქმიანობა, კერძოდ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში, შეშფოთებას იწვევს. ბოლო წლებში შეშფოთების მიზეზად იქცა ეუთოს ერევნის ოფისის ის საქმიანობა, რომელიც განაღმვას ეხება. აზერბაიჯანული მხარე ამ საქმიანობას „პოსტკონფლიქტური აღდგენის ღონისძიებად“ აფასებს. თუმცა, მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ საქმე განაღმვის პროგრამის რეალიზაციას კი არ ეხებოდა, არამედ – ამ თემაზე მხოლოდ ტრენინგების ჩატარებას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამისნისტროს პრესმდივანმა ტიგრან ბალაიანმა ეუთოს ოფისის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბაქოში ორგანიზაციის ოფისის დაკეტვის შემდეგ აზერბაიჯანმა ერევნის ოფისი ამოიღო მიზანში.
„თავისი უკიდურესად დესტრუქციული მიდგომით აზერბაიჯანმა ეუთოში თავი სრულ იზოლაციაში მოიქცია. ეუთოს წარმომადგენლობა, წევრი-ქვეყნები, სამდივნო, ყველა მხარს უჭერს ერევნის ოფისის საქმიანობას, და მხოლოდ აზერბაიჯანი, რომელიც ბოროტად სარგებლობს ორგანიზაციის კონსენსუსის პრინციპით, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღებას ერთადერთმა ქვეყანამაც კი შეიძლება შეუშალოს ხელი, გამოვიდა ერევნის ეუთოს ოფისის საქმიანობის გაგრძელების წინააღმდეგ, რითაც მთელ ორგანიზაციას დაუპირისპირდა“, – თქვა ბალაიანმა.