ერთიანია ნაციონალური მოძრაობა?
არჩევნების დასრულების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობაში” – მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, რომელმაც 8 ოქტომბერს ხმათა 27 პროცენტი მოიპოვა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო.
ერთი ნაწილი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მიიჩნევდა, რომ პარტიას უარი უნდა ეთქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო.
“დავუტოვოთ ივანიშვილს ერთპარტიული პარლამენტი და დავანახოთ მსოფლიოს, რომ ის კიმ ირ სენია”, – აცხადებდნენ ამ იდეის მომხრეები, რომელთა შორის ყველაზე რადიკალური ოდესის გუბერნატორი იყო.
მეორე ნაწილი კი (მათ შორის, უშიშროების ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია) აცხადებდა, რომ მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმა და მეორე ტურის ბოიკოტირება პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
დაპირისპირება გასცდა პარტიულ კაბინეტებს და სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. ისმოდა ბრალდებები სააკაშვილის მიმართაც. მხარდამჭერთა ნაწილის აზრით, სააკაშვილის რადიკალურმა განცხადებებმა წინასაარჩევნო პერიოდში პარტიას ამომრჩეველთა ხმები დააკარგვინა.
“მიშამ თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა. და გაიმარჯვა ოცნებამ,” – დაწერა თავის ფეისბუკგვერდზე შოთა უტიაშვილმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შს მინისტრის მოადგილე იყო.
პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი პარტიიის პოლიტსაბჭოზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. სააკაშვილის წინადადება უარყოფილია და ბოიკოტი არ იქნება, თუმცა ეჭვების იმის თაობაზე, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველაფერი კარგად არ არის და პარტია, შესაძლოა, სააკაშვილს გაემიჯნოს, კვლავ დარჩა.
გახდა თუ არა სააკაშვილი საკუთარი პარტიისთვის მძიმე ტვირთი და რა პროცესები მიდის ყოფილ მმართველ გუნდში. ექსპერების მოსაზრებები:
გია ხუხაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი: “ნაციონალურმა მოძრაობის” პროგრამა მინიმუმი იყო გადარჩენა. მან ეს პროგრამა შეასრულა, შეიძლება ითქვას ზედმიწევნითზე უფრო კარგად. თითქმის ორჯერ გაზარდა ელექტორატი წინა არჩევნებთან შედარებით. მე ვგულისხმობ სახალხო ლეგიტიმაციას. გამომდინარე იქედან, რომ ქართული ოცნება არის სუსტი ხელისუფლება, რომელმაც არ და ვერ შეძლო პარტიის ნორმალურად ფორმირებაც კი, 2020 წლისთვის ისინი საგრძნობლად შეფერთხილები და დასუსტებულები იქნებიან და ამ პირობებში “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ დროისთვის უკვე ძველი ცოდვებისგან გაწმენდილს, ხელისუფლებაში მოსვლის სერიოზული შანსი ექნება.
რაც შეეხება განხეთქილებას. მე ამის სერიოზულ ნიშნებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. პარტიას სჭირდება მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ელექტორატის 80 პროცენტი დღეს კონკრეტულად სააკაშვილს უჭერს მხარს. ასევე, სააკაშვილსაც სჭირდება “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან მას საკმაოდ მყოფე პოზიციები აქვს დღეს უკრაინაში.
“ნაციონალური მოძრაობაში” ამ ეტაპზე გადაიხრებიან ე.წ. ბოკერიას სცენარისკენ, რომელიც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა. შესაბამისად, დღეს კრიზისის ინიცირება, რაც სააკაშვილს უნდა, საკმაოდ ხელოვნური იქნებოდა და ძალიან მაღალი რისკის შემცველია პარტიის მომავლისთვის.
გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი:
ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავალი, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, რომ სხვებთან, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებასთან შედარებით, თავის მორალურ და ინტელექტუალურ უპირატესობას აჩვენებს. ამ დღეებში მან ასეთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ აჩვენა – “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ერთადერთი ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული, რა გადაწვეტილებას მიიღებენ პარტიის წევრები. ეს ძალიან სერიოზული უპირატესობაა.
უდიდესი შეცდომა იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნება. ასევე, სააკაშვილის პირადი შეცდომა იქნებოდა, პარტიას რომ გაემიჯნოს. მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი და დღესაც დიდწილად ის განსაზღვრავს ამ პარტიის ბრენდს. ბევრს შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ ქართული პოლიტიკა ზედმეტად პერსონალისტურია, მაგრამ ამ ეტაპზე ის ასეთია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს “ფიურერი”, რომლის ყოველ ნათქვამზე პარტია “სმირნაზე” დადგება. მისი, როგორც პოლიტიკოსის სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, მის შექმნილ გუნდშია, ხოლო ამ გუნდის სიძლიერე იმითაც იზომება, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებისგან შედგება.
რაც შეეხება იმას, რომ ოდესის გუბერნატორობა და პარტიის საქმიანობის წარმართვა შეუთავსებელია. დიახ, ეს ასეა, რადგან სხვა შემთხვევაში, იურიდიული, პოლიტიკური და ლოგისტიკური პრობლემები იქმნება. ამ ორი ფუნქციის შეთავსების მცდელობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობასაც ავნებს და საქართველოში მის პოლიტიკურ მომვალსაც. თუმცა, ამის აღიარება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სააკაშვილისგან გამიჯვნას.