დოპინგ სკანდალის მიუხედავად რუსეთი ოლიმპიადაში მონაწილეობს
25 ივლისი
რუსეთს რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა არ აუკრძალეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ “უპრეცედენტოდ მკაცრ გადაწყვეტილებას” არ გამოიყენებდა და გუნდს ნაწილობრივ დასჯიდა.
საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციების გადაწყვეტილებით, გუნდის ყველა წევრმა პასუხი არ უნდა აგოს. ამიტომ მხოლოდ ის სპორტსმენები იასპარეზებენ, ვინც არასდროს ყოფილა შემჩნეული დოპინგის მოხმარებაში. გარდა ამისა, ყველა მონაწილემ ხელახლა უნდა ჩაიტაროს დოპინგტესტი.
ოლიმპიადაში მონაწილეობას 68 მძლეოსანი სპორტსმენიდან მხოლოდ ერთი, მხტომელი დარია კლიშინოი მიიღებს, ის ბოლო 3 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარჯიშობს. მონაწილეობა აუკრძალეს მორბენალ იულია სტეპანოვას. ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრება ვერცერთი ძალოსანი სპორტსმენი 8-დან და ვერცერთი ნიჩბოსანი 28-დან. 37 მოცურავიდან, უკვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს ერთერთი საუკეთესო იულია ეფიმოვა, ასევე ველომრბოლელების ნაწილი. ოლიმპიადაზე არ იქნება ჩოგბურთელი მარია შარაპოვა. თუმცა სპორტის ამ სახეობაში 7 სხვა სპორტსმენი იასპარეზებს. სრულად წარდგება რუს ძიუდოისტთა ნაკრები.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის შესახებ გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო. დოპინგ სკანდალის შესახებ, რომელშიც რუსეთი მონაწილეობდა, 2014 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ ამ თემაზე ფილმი უჩვენა.
19 ივლისი
რუსეთი, შესაძლოა, წლევანდელი ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებიდან მოხსნან. ამის მიზეზი კი რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი 4-წლიანი დოპინგის პროგრამაა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სამშაბათს, 19 ივლისს გადაწყვეტს, აუკრძალავს თუ არა რუსეთს რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, რომელიც 5 აგვისტოს იწყება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პირობა დადო, რომ “სანქციები იქნება უმკაცრესი”, რადგან დასკვნები შოკის მომგვრელია და ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა სპორტისა და ოლიმპიური თამაშების ერთიანობაზე.
მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს გამოძიების შედეგები
მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ მოიპოვა რუსი სპორტსმენების შარდის 580 ნიმუში, რომლებშიც დოპინგზე დადებითი შედეგია ნაჩვენები. აღნიშნული ტესტები ლონდონის 2012 და სოჭის 2014 წლების ოლიმპიადების დროს არის აღებული, სპორტის 30-მდე სახეობაში.
ანგარიშში, რომლის ავტორიც დოქტორი მაკლარენია, და რომელიც 18 ივლისს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთის სპორტის სამინისტრომ დოპინგის მიმართ დადებითი შარდის ნიმუშები გადამალა. სამინისტროს კი მხარს უჭერდა რუსეთის უშიშროების სამსახური, რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო და რუსეთის ეროვნული გუნდის სპორტული მომზადების ცენტრი.
ასეთი შემთხვევები აღინიშნა 2011-დან 2015 წლამდე ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქვეყნის სპორტული შედეგების გაუმჯობესებისთვის.
ანგარიშის მიხედვით, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე შარდის დადებითი ნიმუშები ჩაანაცვლეს სუფთა ნიმუშებით, რომლებსაც ყინავდნენ და, რუსი უშიშროების აგენტების დახმარებით, ცვლიდნენ სოჭის ლაბორატორიაში. უშიშროების აგენტები იქ იმყოფებოდნენ, როგორც მომსახურე პერსონალი.
ინფორმაცია, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, მსოფლიოს ანტი-დოპინგურ ორგანიზაციას რუსეთის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგორი როდჩენკოვმა მიაწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას სკანდალური რეპუტაციის პირი უწოდა.
რუსეთის პასუხი
პუტინმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადააყენებს ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვინც მაკლარენის ანგარიშშია დასახელებული. რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, სავარაუდოდ, სპორტის მინისტრის მოადგილე, იური ნაგორნიკი იქნება.
გარდა ამისა, კრემლმა მსოფლიოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს მოსთხოვა, რუსულ საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს უფრო სრული, ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
გამოქვეყნდა: 19.07.2016