დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უმაღლეს რადაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს
უკრაინის უმაღლესი რადას წევრი ნადეჟდა სავჩენკო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დააკავეს.
გრომადსკოეს ცნობით, სავჩენკო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების თანხლებით ამ უწყების შენობისკენ ფეხით გაემართა. ქუჩაში მას მომხრეები დახვდნენ შეძახილებით: “ნადეჟდა, შენ ჩვენი იმედი ხარ!”
მანამდე, 22 მარტს, უკრაინის უმაღლესმა რადამ სავჩენკოს ხელშეუხებლობა მოუხსნა და მის დაკავებაზე ნებართვა გასცა.
მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დეპუტატებს უჩვენა ფარული ჩანაწერები, რომლებიც თითქოს ამტკიცებს, რომ სავჩენკოს აღმოსავლეთ უკრაინიდან ჩამოჰქონდა იარაღი კიევში ტერაქტის მოსაწყობად.
ვიდეოზე სავჩენკო სამთავრობო უბანზე თავდასხმის გეგმაზე საუბრობს. ასევე ამბობს, რომ თავდასხმის სამიზნეები პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი იყვნენ.
რადას რეგლამენტის საკითხთა კომიტეტზე განხილვის დროს სავჩენკომ განაცხადა, რომ მისი მხილების და დაკავების შესაძლებლობა სამართალდამცველებს შეგნებულად მისცა, სინამდვილეში გადატრიალებას არ აპირებდა და ხელისუფლების მხოლოდ “შეშინებას” ცდილობდა.
უკრაინა, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები სავჩენკოს პატიმრობას რუსეთში უკანონოდ მიიჩნევდნენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სავჩენკომ რამდენიმეჯერ შიმშილობა გამოაცხადა. 2016 წლის 22 მარტს რუსულმა სასამართლომ სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ უკვე 26 მაისს ვლადიმირ პუტინმა თავისი ბრძანებით სავჩენკო შეიწყალა. სანაცვლოდ უკრაინამ ორი რუსი სამხედრო გაათავისუფლა.
2014 წლის სექტემბერში, ჯერ კიდევ რუსულ ციხეში ყოფნისას, სავჩენკო უმაღლესი რადას წევრად აირჩიეს პარტია “ბატკივშჩინადან”. 2014 წლის სექტემბერში პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებით ნადეჟა სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.