იდევნებიან თუ არა რელიგიური აქტივისტები აზერბაიჯანში? რას ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აზერბაიჯანის ხელისუფლება რელიგიურ აქტივისტებს დევნის, – ასე მიაჩნიათ ექსპერტებსა და უფლებადამცველებს. როგორც Contact.az გადმოსცემს, ამის შესახებ ითქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიისა და ადმიანის უფლებების ბიუროს ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ექსპერტების გამოთვლებით, 2017 წლის ბოლოსთვის საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო, ციხეში 80 ადამიანი მოხვდა. ბევრი მათგანი – მუსლიმური ერთობის მოძრაობის ლიდერი და სხვა აქტივისტია, რომლებიც 2015 წელს დაბა ნარდარანში, ბაქოს მახლობლად დააპატიმრეს.
2015 წლის ნოემბერში ნარდარანში „მუსლიმური ერთობის“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რაც შვიდი ადამიანის დაღუპვით დასრულდა.
აზერბაიჯანელი ექსპერტები ლაპარაკობენ ასევე ზოგიერთი დაკეტილი მეჩეთის და რელიგიური ლიტერატურის შემოტანისა და გავრცელების კონტროლის შესახებ. თუმცა, ამავდროულად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში რელიგიურ ტოელრანტობას ახალისებს.
მთლიანობაში, ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანში საზოგადოება და მთავრობა ტოლერანტულია რელიგიური ჯგუფების მიმართ (მუსლიმები, ქრისტიანები, იუდეველები), ხოლო არატრადიციული ჯგუფებს (ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობებს, ბაპტისტებს) საეჭვო და პოტენციურად საშიშ დაჯგუფებებად მიიჩნევენ.
აზერბაიჯანის მოქალაქეთა უმრავლესობა ისლამის აღმსარებელია. კანონმდებლობის მიხედვით, აზერბაიჯანი საერო სახელმწიფოა, ანუ რელიგია აქ სრულიად განცალკევებულია სახელმწიფოსგან. აზერბაიჯანის კონსტიტუცია აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიას იძლევა, თუკი ის საზოგადოებრივ წესრიგსა და მორალს საფრთხეს არ უქმნის.