თბილისელი ფოტოგრაფის სერია “ჩემი საბჭოთა ცხოვრებიდან”
საბჭოთა არმიის ყველა სამხედრო ნაწილში იყო “ლენინის ოთახი”, რომლის კედლებიც თვალსაჩინო სააგიტაციო მასალითა და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადების ფოტოებით იყო მორთული.
ჩვენი ნაწილის “ლენინის ოთახში” მაგიდაზე ცენტრალური და არმიის გაზეთების დასტები იდო, რომლებსაც ბეჯითად ავსებდა ასეულის ფოსტალიონი – “პრავდა”, “იზვესტია”, “კომსომოლსკაია პრავდა”; “კრასნაია ზვეზდა” და ა.შ.
მაგიდაზე მოთავსებულ თითოეულ დასტასთან სკამი იდგა. საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ ყველა ჯარისკაცი ვალდებული იყო, მაგიდასთან დამჯდარიყო და პარტიული გაზეთების კითხვით თვითმომზადება გაევლო.
ჯარისკაცთა ტუალეტებში ტუალეტის ქაღალდი არ იდო, და არც იყო გათვალისწინებული. ბუნებრივია, ჯარისკაცები იქ გაზეთებს იყენებდნენ. აბა, სახლიდან მიღებული წერილებით ხომ არ ივლიდნენ ტუალეტში! მეთაურის მოადგილე ერთადერთ პირობას გვიყენებდა, – “ოღონდ “პრავდა” (რუს. “სიმართლე”) არა! “პრავდას” ნუ შეეხებით, ბიჭებო.”
ამ წესს ყველა იცავდა და “პრავდას” უბიწოებას არავინ ბღალავდა.
მაგრამ ერთხელ სიბნელეში, გაუფრთხილებლობით ქვეყნის მთავარ გაზეთს თავფურცელი მოვახიე. დილით მეთაურის მოადგილემ შენიშნა, რომ ვიღაცამ სიწმინდე წაბილწა. “ავაზაკებო! – დაგვტუქსა მან დილის მოწყობის დროს, – ხომ გთხოვეთ, რომ “პრავდა” ტუალეტში არ გამოგეყენებინათ!”
ამ სერიის პირველი ისტორია, “მარშრუტკა” და თბილისური მენტალიტეტი”, იხილეთ აქ