გიგი უგულავა ციხეში - რას ნიშნავს ეს და რა იქნება შემდეგ? ანალიზი და შეფასებები
თბილისის ყოფილი მერი და ოპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს”ლიდერი გიგი უგულავა უკვე ციხეშია.
10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლით და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელიც მისი მერობის პერიოდს ეხება. ბრალდება ამტკიცებს, რომ მერად ყოფნის პერიოდში უგულავამ 48 მილიონ ლარზე მეტი (თითქმის 17 მილიონი დოლარი) მიითვისა და ყოფილი მმართველი გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ საჭიროებებს მოახმარა.
გიგი უგულავა თბილისის მერი 2005-2013 წლებში, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.
უგულავა ერთხელ უკვე იჯდა ციხეში იგივე ბრალდებით. პირველად იგი 2014 წლის ივლისში დააკავეს და ციხე მან 2017 წლის იანვარში დატოვა.
მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერის დაკავებას პოლიტიკური მიმომხილველები და პოლიტიკოსები რეპრესიებს უკავშირებენ, რომლებსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი მართავს.
პოლიტიკოსები და ექსპერტები უგულავას “პოლიტპატიმარს” უწოდებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რეპრესიებზე საუბრობენ.
დიალოგი ხელისუფლებასთან შეწყდა
უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დახურულ სხდომაზე გამოაცხადა. არც თავად უგულავა და არც მისი ადვოკატი ამ სხდომას არ ესწრებოდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას იგი “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ელოდა.
უკვე რამდენიმე თვეა, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისი ქართული ოპოზიციის ერთგვარ შტაბად იქცა. იქ ერთ მაგიდასთან იკრიბებიან პროდასავლური და პრორუსული ძალების, უკიდურესად მემარცხენეებისა და უკიდურესად მემარჯვენეების ლიდერები.
ქართული ოპოზიცია მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ნოემბერში ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარივე დანაპირების შესრულებაზე, რომლის თანახმად, მომავალი საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება არ თმობს დღეს არსებულ მოდელს, რადგან ამ მოდელის ფარგლებში ადმინისტრაციული რესურსით მანიპულირება ბევრად ადვილია.
•“ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში [ვიდეო]
• საქართველო 2019: წლის 11 მთავარი მოვლენა
“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილები მსჯელობენ, როგორ დაამარცხონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი, რომლიც ხელშიც დღეს დიდ ფულთან ერთად კონცენტრირებული აღმოჩნდა აბსოლუტური და შეუზღუდავი ძალაუფლება.
ბიძინა ივანიშვილს დღეს ოფიციალურად მხოლოდ პარტიული თანამდებობა უჭირავს – იგი მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა. თუმცა, სწორედ ის და არა პრემიერი გახარია, მართავს დღეს ქვეყანას.
გიგი უგულავას დაკავებამდე, ოპოზიციის ლიდერები მომავალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პროცესმა ქუჩიდან მაგიდასთან გადაინაცვლა და
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დათმობებზე არ მოდიოდა და მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგო იყო, ამ პროცესს მხარს უჭერდნენ და დადებითად აფასებდნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.
თუმცა, უგულავას დაკავებამ ეს ერთადერთი ფორმატი, სადაც ხელისუფლებასთან დიალოგი მიმდინარეობდა, შეუძლებელი გახადა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამიერიდან ხელისუფლებასთან საუბარს წყვეტს:
“ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან… მოლაპარაკების გაგრძელება ნიშნავს, წავაქეზოთ დიქტატორი ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. წყდება ყველანაირი დიალოგი და გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე”, — თქვა “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უგულავას დაკავების შემდეგ.
ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ასეთია – უგულავამ ჩაიდინა დანაშაული და არა აქვს მნიშვნელობა, მას საარჩევნო წელს დააკავებენ თუ არასაარჩევნო წელს.
“რეპრესიები და დაძაბულობა”. როგორი საარჩევნო გარემოა საქართველოში?
საარჩევნო რეფორმის ჩაგდებამ, განსაკუთრებით კი, ფორმამ, როგორც მოხდა ეს (ივანიშვილმა პირადად დადო პირობა, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, შემდეგ კი, პარლამენტში ეს ინიციატივა ივანიშვილისვე ერთგულმა დეპუტატებმა ჩააგდეს) რადიკალურად შეცვალა და გაამწვავა პოლიტიკური გარემო ქვეყანაში.
ნოემბერში კვლავ განახლდა ზაფხულის შემდეგ შეწყვეტილი ქუჩის აქციები, რომლებიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. დაიწყო დევნა და საეჭვო თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე (უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმა აეროპორტში).
პროსახელისუფლებო არხისთვის, “იმედისთვის” მიცემულ თავის ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა 28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პროპორციული სისტემა ჩააგდო, ივანიშვილმა პირდაპირ დააანონსა, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს რთული დღეები ელოდა. მან თქვა, რომ მათგან “ბევრს მოუწევს [სასჯელის] მოხდა [ციხეში]”.
„ტრაგიკული სიტუაციაა. მთელ საზოგადოებას ხომ აწვალებენ, მე არც ის არ მომწონს, რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ, შანსი არ აქვთ. ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ „დღეს არა და ხვალ მოვალთ“. შანსი არ აქვთ. ამ დროს მიდიან ვაბანკში. უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ზარალდებიან. ზოგი ორი დღით მიდის [ციხეში], ზოგი ერთი კვირით. ახლა ამ ახალგაზრდებს უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის [სასჯელს] და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან“, – თქვა ივანიშვილმა.
ოპოზიციამ მაშინ მისი ეს განცხადება მუქარად აღიქვა.
და არა მარტო ოპოზიციამ. ივანიშვილის ეს ფრაზა მოხვდა სენატორების ჯეიმს რიშისა და ჯინა შაჰინის კრიტიკულ წერილში, რომელიც მათ საქართველოს მთავრობას მისწერეს, ასევე ივანიშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც PACE-ში გამოსვლის დროს.
ივანიშვილის ამ განცხადებას მართლაც მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები.
დღეს თითქმის ყველა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ყველა ძველი საქმე, რომელიც შეჩერებული იყო სხვადასხვა მიზეზით, განახლებულია.
უგულავას საქმის გარდა, განახლდა ასევე წლების წინ დაწყებული და შემდეგ თაროზე შემოდებული საქმე სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას წინააღმდეგ. ბოკერია უგულავას თანაგუნდელია “ევროპული საქართველოდან”.
ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით ელექტრონული სამაჯურით დადის. მას აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება და მთელი რიგი აქტივობები. ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ქვეყანაში იმის გამო არ ჩამოდის, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეები აღძრული და დიდი ალბათობით აეროპორტშივე დააკავებენ.
ასევე, სერიოზული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლების, თიბისი ბანკის ყოფილი მენეჯერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. საქმე ეხება 12 წლის წინანდელ საბანკო ტრანზაქციას, რომელიც ბრალდების მტკიცებით, ფულის გათეთრებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და მომჩივანი და იგი ასე ბოლო დროს არის თაროდან გადმოღებული.
სისხლის სამართლებრივი საქმეებია აღძრული ასევე ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის (“მთავარის” და ტვ “პირველის” ) მფლობელის, დირექტორის ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ასევე უთვალთვალებენ მისი ოჯახის წევრებს; ამავე ტელეკომპანიის მთავარი მეწილე გიორგი რურუა დაკავებულია იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის; ტელეკომპანია პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, 70 წლის ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თიბისის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია და ბოლო თვეებია მუდმივად იბარებენ პროკურატურაში (ამჟამად წერეთელი გულის შეტევის გამო კლინიკაში გადის მკურნალობას).
ხოლო კიდევ ერთი ახალი ტელეკომპანიის, “ფორმულას” დირექტორი, ამ ტელეკომპანიის ეთერში გასვლის დღესვე, 1 ოქტომბერს დაიბარეს პროკურატურაში და ცხრა საათის განმავლობაში კითხავდნენ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით.
„რეპრესიების გზაზე შედგა საბოლოოდ ივანიშვილი. სპეციალურად ძაბავს ვითარებას და პოლარიზაციას აღრმავებს. ბიძინა ასლანის გზას საბოლოოდ დაადგა. ესაა ხიდების დაწვის, თვითიზოლაციის გზა. ასლანის ხვედრი მისთვის სანატრელიც შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველომ არ აიტანა და არ აიტანს უღირსებო მმართველს“, – წერს ფეისბუკზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, “რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი გიგი უგულავას დაკავების შემდეგ.
შეფასებები ქვეყნის შიგნით და გარეთ
ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის ძალიან მწვავე და ინტენსიური კრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
•რვა პრობლემა, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ახსენე
• რა წერია მორიგ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ვაშინგტონიდან მიიღო
•პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. დარტყმები ოლიგარქზე
რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებისგან და სენატორებისგან, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებისგან, სადაც ბევრ ამ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება.
გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. ის პირდაპირ წერს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის. სიტყვა “არ” კიზინგერს დიდი ასოებით აქვს გამოყოფილი.
“დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არ არის,” – წერს კონგრესმენი.
Gigi Ugulava, leader of European Georgia, was arrested today and sentenced to 38 months in prison for an old crime he’s already served time over. To say this is disturbing would be an understatement. Using courts as a weapon is NOT democracy.— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 10, 2020
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გამომწვევი და რადიკალური ნაბიჯები ქვეყანას დასავლეთის მხარდაჭერას დააკარგვინებს და კვლავ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს.
პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული, ამიტომ ის არც მომავალში გაითვალისწინებს დასავლეთის შენიშვნებს წინასაარჩევნო პერიოდში.
“არ უნდა გამოვრიცხოთ არაფერი, მათ შორის ისეთი უგუნური ქმედებებიც კი, როგორიცაა დაკავებების და დაჭერების გაგრძელება. გიგი უგულავას მოვლენები სრულიად აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება,” – ამბობს დავით უსუფაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ლიდერი.
ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას, რომ უგულავა დაიჭირეს ზუსტად იმავე დღეს, როდესაც საქართველოში ამერიკის ახლადდანიშნული ელჩი, კელი დეგნანი თავის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ვაშინგტონში ვიზიტიდან ორიოდე დღეში. ვაშინგტონში ყოფნისას ამერიკელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს სწორედ ოპოზიციასთან დიალოგი ურჩიეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც პირობა მიიღეს.
“ეს არის სილა, გაწნული საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ივანიშვილმა შეარცხვინა ყველა, ვინც ვაშინგტონში ელაპარაკებოდა აქედან ჩასულ მარიონეტებს. ასეთ რამეს არ პატიობენ, ივანიშვილი მწარედ დაისჯება,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე.
პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მილიარდერ ივანიშვილის წინააღმდეგ დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები აამოქმედოს:
“შეუძლებელია, ის შეფასებები რაც მოდის დასავლელი პარტნიორებისგან, სადაც ცალსახად არის საუბარი, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არის, რას ნიშნავს, არ გესმოდეს. მას [ივანიშვილს] ეს უბრალოდ, როგორც ჩანს, აღარ აღელვებს. ასეთი შემთხვევები ბევრი ვიცით, მაგალითად, მოლდოვაში, ყოფილი ოლიგარქი პლახატნიუკი, რომელიც გაიქცა და სანქციების შავ სიაშია. ასეთივე შემთხვევა გვაქვს რუმინეთში. და არ არის გამორიცხული მანაც იგივე ბედი გაიზიაროს,” – – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
გიორგი რუხაძე, ექსპერტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ევროპული პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ ბოლო დროს “საქართველოში მიმდინარე პროცესები ეს არის ნაბიჯები დიქტატურის დამყარებისკენ, რომელსაც პუტინის პოლიტიკის ელემენტები აქვს”.
“ივანიშვილმა გასცა პასუხი დასავლეთს, რომ მათი აზრი ფეხებზე ჰკიდია და მეორე – შიდა პოლიტიკურ არენაზე ფაქტობრივად მოსპო ყველანაირი რესურსი მოლაპარაკებისთვის. ეს ყველაფერი თუ ასე გაგრძელდება, ეს ნიშნავს იზოლაციას. არა მგონია, რომ დასავლელი პარტნიორები მომავალშიც აიტანენ ამ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან… ის რაც ხდება ახლა, ბუნებრივია, აწყობს მოსკოვს, რადგან საქართველო ნელ-ნელა შორდება დემოკრატიულ ორბიტას, უკან მიიწევს ქვეყნის რეპუტაცია, პოლიტიკური მიზნებისთვის ღიად იყენებენ სასამართლოს, საქართველო აღარაფრით განსხვავდება ჩვენი მეზობლებისგან, კლასიკური დიქტატურისგან,” – ამბობს რუხაძე.
გიგი უგულავას “პოლიტპატიმრად” და მიმდინარე პროცესებს “რეპრესიებად” აფასებენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ერთ დროს ივანიშვილის თანამებრძოლები იყვნენ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება არის “მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება” და ხოლო ბოლო დროს მიმდინარე ტენდენციები (მათ შორის, უცხოელი პარტნიორების შენიშვნების იგნორირება) არის “არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმა”, წერს კვირიკაშვილი ფეისბუკზე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი თინა ხიდაშელი ასევე წერს “ფეისბუკზე”:
„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!”