ჰოლივუდი ფილმს იღებს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანის ტრაგიკულ ისტორიაზე
„გამანადგურებელი ავიაკატასტროფის შემდეგ ორი უცნობი ადამიანი ერთმანეთს განუყრელად უკავშირდება“, – იუწყება 8 თებერვალს გამოსული ფილმის ოფიციალური თრეილერის „შედეგების“ (Aftermath) ანოტაცია. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ფილმში 2002 წელს ბოდენის ტბის თავზე მომხდარი კატასტროფის შესახებ მთავარი როლი არნოლდ შვარცენეგერმა შეასრულა.
ჰოლივუდური დრამა გადაღებულია ჩრდლოეთი ოსეთის მკვიდრ ვიტალი კალოევის ამბის მოტივებზე, რომელსაც გერმანიის ცაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ოჯხი დაეღუპა. თუმცა, ფილმის მოქმედება აშშ-ში ვითარდება. არნოლდ შვარცენეგერი მასში მამის როლს ასრულებს, რომელმაც ავიაკატასტროფაში მთელი ოჯახი დაკარგა და შურისძიება სურს. დისპეტჩერის როლი, რომელსაც მთავარი გმირი თავისი ახლობლების დაღუპვაში ადანაშაულებს, სკუტ მაკნეირიმ შეასრულა.
ფილმი „შედეგები“ ეკრანებზე 7 აპრილს გამოვა.
- 2002 წლის 1 ივლისს რუსული ავიაკომპანია „ბაშკირეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომლითაც ბავშვები მოსკოვიდან ბარსელონაში დასასვენებლად მიფრინავდნენ, კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა. ყველა ბორტზე მყოფი, მათ შორის კალოევის ცოლი და ორი შვილი, დაიღუპა. მოგვიანებით გამოძიებამ კატასტროფის გამო პასუხისმგებლობა შვეიცარიულ კომპანია Skyguide-ს დააკისრა.
- 2004 წლის 24 თებერვალს ავიადისპეტჩერი პიტერ ნილსენი, რომელიც კატასტროფის მომენტში Skyguide-ის სადისპეტჩეროში მორიგეობდა, შვეიცარიაში, საკუთარი სახლის ზღურბლზე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიტალი კალოევი დააპატიმრეს. კალოევმა განაცხადა, რომ მან ნილსენს ბავშვების ფოტოები უჩვენა და უნდოდა, მისგან ბოდიში მიეღო. მაგრამ ნილსენმა მას ხელი ჰკრა და ფოტოები დააყრევინა. ვიტალი კალოევის თქმით, ამის შემდეგ რა მოხდა, მას აღარ ახსოვს. 2005 წელს შვეიცარიის სასამართლომ კალოევი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- 2007 წლის ნოემბერში ვიტალი კალოევი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და ის რუსეთში დაბრუნდა. ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნებულს თანამემამულეები აღფრთოვანებით შეხვდნენ. 2008 წელს კალოევი ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.