ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის დაწყებას მხარი დაუჭირა
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ პირველი მოსმენით ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის წესს შეეხება. პარლამენტში ორდღიანი დებატების შემდეგ კანონპროექტს მხარი 498-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 114 იყო.
კენჭისყრის დროს წინააღმდეგი იყო შოტლანდიის ეროვნული პარტია და ლიბერალური დემოკრატები, ასევე 47 ლეიბორისტი დეპუტატი და ერთი კონსერვატორი, რომლებმაც თავიანთი პარტიების ხაზს გადაუხვიეს, – იტყობინება ВВС.
განხილვის დროს დიდი ბრიტანეთის ევრიკავშირიდან გასვლის საკითხების მინისტრმა დევიდ დევისმა დეპუტატებს შეახსენა, რომ თუ ისინი კანონპროექტს არ მიიღებენ, ამით ხალხის ნების წინააღმდეგ წავლენ.
კანონპროექტის მეორე მოსმენა, რომლის დროსაც მას უფრო დაწვრილებით განიხილავენ, 6 თებერვლისთვისაა დანიშნული.
კანონპროექტი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს იმ დადგენილების შემდეგ შევიდა, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ბრიუსელთან მოლაპარაკებების დასაწყებად კანონმდებელთა თანხმობა ესაჭიროება.
პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მანამდე განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე აპირებს ევროკავშირს ბრიტანეთის გასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინის და ამით 50- ე მუხლით გათავალისწინებული პროცედურის აღსრულება დაიწყოს. იმავე მუხლის მიხედვით, გასვლის პირობებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს 2 წელიწადი უნდა დაეთმოს.
2016 წლის რეფერენდუმის დროს ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ (51,9%) ქვეყნის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის სურვილი გამოთქვა.