ბელარუსში დაკავებული ჩეჩენი სპოტსმენი ჩეჩენ სამართალდამცავებს გადასცეს
გაზიარება
გაზიარება
ჩეჩენი სპოტსმენი, შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც ცდილობდა, რომ ჩეჩენი პოლიციელების დევნისგან თავის ბელარუსში შეეფარებინა, რუსეთს გადასცეს. როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ბელარუსში დაკავებული მურად ამირიევი უკვე გადასცეს ჩეჩენ სამართალდამცავებს, და მას „ჩვენების მისაცემად“ ჩეჩნეთში ჩაიყვანენ.
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხდებენ, რომ ამირიევი დაკავებულია შეგნებულად გაყალბებული საბუთების გამოყენების საქმეზე, რისთვისაც მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
სამართალდამცავების მტკიცებით, ბოლო წლებში გერმანიაში მცხოვრები ცნობილი ჩეჩენი სპორტსმენის შეთითხნილი ბრალდებით გროზნოში გასამართლებას, უკვე რამდენიმე წელიწადია, ცდილობენ.
ამირიევი ბელარუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე დააკავეს. ის რუსეთიდან გამგზავრებას ცდილობდა. ქალაქ ბრიანსკში ის მატარებლიდან ჩამოსვეს და ადგილობრივ პროკურატურაში დაკითხეს.
ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დაკავებულის რუსეთში ექსტრადირებაზე თანხმობა თითქმის მაშინვე განაცხადეს.
ამავდროულად, როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, ჩეჩნეთის პოლიციის თანამშრომლებმა ამირიევების ოჯახის მიმართ სისხლიანი შურისძიება გამოაცხადეს, და ჩეჩნეთში მოხვედრის შემთხვევაში, მურად ამირიევს წამება და, შესაძლოა, მოკვლაც კი ემუქრებოდეს.
მთელი ეს ამბავი დაიწყო 2013 წელს, როდესაც მურად ამირიევი დააკავეს და ჩეჩნეთის პოლიციაში აწამეს. თავად ახალგაზრდა მამაკაცს არაფერში ადანაშაულებდნენ. მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რომ გერმანიიდან ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო მისი უფროსი ძმა, რომელსაც გროზნოს პოლიციის უფროსის მაგომედ დაშაევის მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
მურად ამირიევმა გათავისუფლებისთანავე დატოვა ჩეჩნეთი, შემდეგ კი რუსეთიც და გერმანიაში ძმასთან გაემგზავრა. ამ წლების განმავლობაში მან სერიოზული სპორტული კარიერა გაიკეთა და შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე დაიხურა – თუმცა, მხოლოდ 2017 წლის თებერვლამდე, ვიდრე ჩეჩნეთში მასზე ისევ არ გამოაცხადებდნენ ძებნას. ამირიევმა ამის შესახებ არ იცოდა, და მაისში ახალი პასპორტის ასაღებად რუსეთში ჩავიდა, სადაც ის დააკავეს.
როგორც კი ჩეჩნეთში მისი დაკავების ამბავი გაიგეს – იქიდან ამირიევის ასაყვანად და ბადრაგით გროზნოში ჩასაყვანად მაშინვე გაემგზავრა სპეცდანიშნულების ჯგუფი. თუმცა, მათ დააგვიანდათ – დაკითხვის შემდეგ ამირიევი გაათავისუფლეს, და ის თავის ადვოკატთან ერთად დაუყოვნებლივ ბელარუსში გაემგზავრა.
“წამების ფაქტების აღმკვეთმა საერთაშორისო კომიტეტმა“ განაცხდა, რომ ამირიევის სიციცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ამირიევის დედამ და მამამ ვიდეომიმართვით ითხოვეს, რომ ამირიევის ჩეჩნეთში ეტაპირება არ განხორციელებულიყო. 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მისი ოჯახი, უსაფრთხოების მიზნით, ჩეჩნეთიდან გაემგზავრა.