ბაქოში არასწორი პარკირებისთვის მანქანებს საჯარიმოზე აღარ გადაიყვანენ
რა იყო ადრე და რა შეიცვალა
აქამდე მძღოლებს საგზაო პოლიცია „სჯიდა“. მანქანა ევაკუატორით მიჰქონდათ, მძღოლს კი მის დასახსნელად საჯარიმო სადგომზე უწევდა მისვლა. იქ ის იხდიდა არამხოლოდ ჯარიმას, არამედ ევაკუატორის მომსახურების თანხასაც. ასე რომ, მანქანის დახსნა 40 მანათი (დაახლოებით 24$) ჯდებოდა.
ახლა ეს ორჯერ ნაკლები დაჯდება, და არსად მისვლა არ იქნება საჭირო – შესაძლებელი იქნება ჯარიმის ონლაინ გადახდა.
ამ წლის ივლისში ბაქოს სატრანსპორტო სააგენტოს დაევალა მანქანების სადგომებზე ფოტო-ვიდეო-რეგისტრაციის დამონტაჟება, ასევე – იმ ადგილებზე, სადაც მანქანის გაჩერება აკრძალულია. ამ სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა მანქანების ის სადგომებიც, რომლებიც მანამდე ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ იყო.
• „მარმარილოს ბაქო“ – რატომ არის დედაქალაქის პარკებში ასე ძნელი ჩრდილის მონახვა
იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს დაჯარიმების ახალი სისტემა, JAMnews-ს ერთ-ერთი დაჯარიმებული ავტომობილის მძღოლი უყვება:
„მივიღე SMS შეტყობინება სატრანსპორტო სააგენტოდან – ჩემი მანქანის gps-კოორდინატებისა და ფოტოს თანხლებით; მანქანა ქალაქის ცენტრში არასწორად იყო გაჩერებული. ჯარიმა – 20 მანათი ($12), მაგრამ თუ 10 დღის განმავლობაში გადავიხდი, 10%-იან „ფასდაკლებას“ მივიღებ“.
მძღოლების რეაქცია
პირველი დაჯარიმებულები სოციალურ ქსელებში ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარებისას საერთო აზრამდე მივიდნენ, რომ ახალი წესი ქალაქისთვის სასარგებლო უნდა იყოს:
„არაუშავს, მანქანის სადგომებიდან ოფისებამდე, და უკან, დღეში ერთი-ორი კილომეტრის ფეხით გავლა არავის აწყენს“;
„თუ მანქანა აღარ მიაქვთ, უკვე კარგია“;
„ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ეს კეთილშობილური წამოწყება“;
„მხოლოდ 20 მანათი? მეორე რიგში პარკირებისთვის ათჯერ უფრო მეტით უნდა აჯარიმებდნენ“;
„თუკი ეს იმისთვის ხდება, რომ ქალაქი საცობებისგან გათავისუფლდეს, მაშინ ჯარიმები მხოლოდ ნახევარი საქმეა. საპარკინგე ადგილების საკმაო რაოდენობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე, საცობების პრობლემა არ მოგვარდება”.