ალიევის მიერ შეწყალებული სინდისის პატიმარი, ისევ ციხეში აღმოჩნდა
მოძრაობა NIDA-ს აქტივისტს ბაირამ მამედოვს 30 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება. მანამდე მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რომელთაგან სამი წელიწადი ციხეში გაატარა, და ის მარტის შუა რიცხვებში შეიწყალეს.
• პოლიტპატიმრების შეწყალება აზერბაიჯანში: რა იქნება ამის შემდეგ?
• „სინდისი პატიმრების“ დედები ჰყვებიან, თუ რატომ დააპატიმრეს 10-10 წლით მათი შვილები
2016 წელს აქტივისტებს – ბაირამ მამედოვსა და გიას იბრაგიმოვს, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, თითოეულს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯა. უშუალოდ ამის წინ მათ აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტისა და ახლანდელი პრეზიდენტის მამის, ჰეიდარ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკზე ანტისამთავრობო ლოზუნგი დაწერეს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International ისინი „სინდისის პატიმრებად“ აღიარა. ორივე ახალგაზრდა გათავისუფლდა 2019 წლის 16 მარტს 339 ადამიანის შეწყალების ფარგლებში, რომელთა შორის 50 პოლიტპატიმარი იყო.
ბაირამ მამედოვი 30 მარტს, დღის მეორე ნახევარში პირდაპირ ქუჩაში დააკავეს. მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აპელაციის შეტანას აპირებს.
ბაირამმა გათავისუფლებისთანავე განაცხადა, რომ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის იბრძოლებს. ის ასევე ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებდა მედიასა და სოციალურ ქსელებში. მოძრაობა Nida-ს კოორდინატორი სამირ ასადლი მის დაპატიმრებას სწორედ ამას უკავშირებს.
„გათავისუფლების შემდეგ ბაირამი უკვე რამდენჯერმე გამოიძახეს პოლიციაში. ხოლო სწორედ წინა დღეს თავის ინტერვიუში მან ციხის სისტემა გააკრიტიკა, და თქვა, რომ შედეგების ცოდნის მიუხედავად, ჰეიდარ ალიევის ძეგლთან მისვლა ისევ შეეძლო. შესაძლოა, ეს მისი დაპატიმრების კატალიზატორი გამხდარიყო“, – უთხრა ასადლიმ ვებგვერდს „კავკაზსკი უზელ“.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლების საბჭოს კოორდინატორი ელშან გასანოვი ასევე მიიჩნევს, რომ მამედოვი შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს. ის ვარაუდობს, რომ ეს დაპატიმრება, შესაძლოა, სხვა აქტივისტებისთვის გაფრთხილება იყოს.