აზერბაიჯანმა ქვეყანაში შესასვლელი ვიზების მიღების პროცედურა გაამარტივა
მაისის შუა რიცხვებიდან ცამეტი ქვეყნის მოქალაქეები აზერბაიჯანში შესასვლელი ვიზების გაფორმებას ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ელექტრონული სისტემა ASAN-ის საშუალებით შეძლებენ, და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებაში, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
სამსახური ASAN (აზერბაიჯანულიდან თარგმანში – „უბრალოდ“) 2012 წელს შეიქმნა „მოქალაქეების მიერ დამატებითი ხარჯების შემცირების და დროის დაკარგვის თავიდან აცილების, ეთიკური წესების დაცვის და მათთან თავაზიანი მოპყრობის, პროფესიონალური დონის მეტად ამაღლების, გამჭვირვალობის, სახელმწიფო ორგანოებისადმი ნდობის გაჩენის, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისა და ელექტრონული მომსახურების უფრო ფართოდ გამოყენების მიზნით“. თავისი საქმიანობის ხუთი წლის განმავლობაში ამ სამსახურმა აზერბაიჯანის მრავალი მოქალაქის ნდობა დაიმსახურა.
გამარტივებული სქემით, ქვეყანაში ჩასვლიდან სამი საათის განმავლობაში ვიზების მიღება შეეძლებათ ბაჰრეინის, ისრაელის, მალაიზიის, იემანის, იაპონიის, ჩინეთის, კატარის, სამხრეთი კორეის, საუდის არაბეთის, სინგაპურის, თურქეთის, ქუვეითის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქეებსა და ასევე იმ პირებს, ვინც ამ ქვეყნებში მოქალაქეობის გარეშე ცხოვრობს.
საგულისხმოა, რომ ამ ქვეყნებში შორის არ არის აზერბაიჯანის უახლოესი მეზობელი ირანი. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა 2012 წლიდან აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა, აზერბაიჯანის ხელისუფლება სამხრეთელ მეზობელთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ ჩქარობს. ასევე მრავალ კითხვას აჩენს მეგობარი თურქეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანში შესასვლელი ვიზების არსებობა.
100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს, შეუძლიათ ვიზები გამარტივებული წესით, ელექტრონული სისტემა ASAN Viza-ს მეშვეობით სამ დღეში გააფორმონ. ამგვარი ვიზა, რომლის ფასიც 20 დოლარს შეადგენს (დაახლოებით 34 მანათს), აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნის უფლებას იძლევა.
ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, უზბეკეთის, უკრაინისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანში შესასვლელად უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფას გარაევი მიიჩნევს, რომ ეს სიახლე ხელს შეუწყობს აზერბაიჯანში ტურიზმის ზრდას.