აზერბაიჯანი 2017 წელს
სავარაუდოდ, ახალი 2018 წელი საინტერესო მოვლენებით იქნება დახუნძლული. სამხრეთკავკასიელი მეზობლების მსგავსად, აზერბაიჯანიც პირველი დამუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. ამას გარდა, 2018 წელს ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მაშ, რითი დაამახსოვრდათ აზერბაიჯანელებს 2017 წელი?
1. მეჰრიბან ალიევას აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩევა
ვიცე-პრეზიდენტების პოსტების შექმნა 2016 წლის სექტემბერში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენს. რეფორმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი თავისი მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს, სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები არა პრემიერმინისტრზე, არამედ პირველ ვიცე-პრეზიდენტზე გადავა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე არსებული წესებით, ქვეყნის მეთაურის ქმედითუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში პრეზიდენტის ფუნქციები პრემიერმინსტრზე გადადიოდა.
ქვეყნის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას ამ პოსტზე დანიშვნა მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა. ცხადია, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ამ გზით ოჯახური ხელისუფლება გაძლიერდა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა მიტინგები გამართეს ლოზუნგით „არა მონარქიას“, მაგრამ, მთლიანობაში, ქვეყნის ცხოვრება სერიოზულად არ შეცვლილა.
მეჰრიბან ალიევაზე, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. იგი წარმატებით აგრძელებს თავისი გუნდის ფორმირებას, რომლის ბირთვსაც საკმაოდ ახალგაზრდა, კარგი განათლების მქონე ჩინოვნიკები ქმნიან. ალიევა მეტწილად ჰუმანიტარული საკითხებითაა დაკავებული.
მაგრამ 2018 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ უკვე ისმის მოწოდებები პირველი ვიცე-პრეზიდენტის მმართველი პარტიის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი წინადადებები ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი დეპუტატებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან ისმის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეჰრიბან ალიევას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საკითხს ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს.
2. ბლოგერ ლაპშინის საქმე
ცნობილი ბლოგერის, რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქის, ალექსანდრ ლაპშინის ბელარუსში დაკავება ზაფხულის ბოლომდე არ კარგავდა აქტუალურობას ინტერნეტსივრცეში. ამ თემას არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დიდი ყურადღება ეთმობოდა. „კადნიერმა ბლოგერმა“ უკანონოდ გადალახა სახელმწიფო საზღვარი და მთიან ყარაბაღში ჩავიდა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ ლაპშინი ღიად ტრაბახობდა იმით, რაც ჩაიდინა. ბლოგერი არასასურველი პირების „შავ სიაში“ მოხვდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა აზერბაიჯანში და პირობა დადო, რომ ჩადენილს კიდევ გაიმეორებდა. მთლიანობაში, ლაპშინის „დასჯა“ ერთგვარ „PR-აქციას“ წარმოადგენდა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დამცირება და ჩადენილით ტრაბახი სურს.
ლაფშინი მინსკიდან ბაქოში გადმოიყვანეს, სადაც მას სახელმწიფო უშიშროების შავნიღბებიანი თანამშრომლები დახვდნენ – ისე, როგორც სახიფათო ტერორისტს. თავიდან მას 6,5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა, ბოდიში მოიხადა და სასამართლომ სამი წელი შეუფარდა.
11 სექტემბერს პრეზიდენტმა ალიევმა ბლოგერი შეიწყალა, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა; ერთი კვირის შემდეგ ლაპშინი ისრაელში ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ ციხეში ვიღაც ნიღბიანი ადამიანები მის დახრჩობას ცდილობდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება (კერძოდ კი პრეზიდენტის თანაშემწე, ალი ჰასანოვი) ამტკიცებდა, რომ ლაპშინი ცდილობდა, საკანში თავი მოეკლა, მაგრამ ციხის ბადრაგმა მიუსწრო და გადაარჩინა.
ამჟამად ბლოგერი ცოცხალი და საღ-სალამათია. იგი მოგზაურობას აგრძელებს და პერიოდულად აქვეყნებს მემუარებს იმის შესახებ, თუ როგორ კლავდნენ აზერბაიჯანულ საპატიმროში.
3. ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გატაცება და დაპატიმრება
აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ ჯერაც რთული სიტუაციაა. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს ასზე მეტი ადამიანი, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მედიის წარმომადგენლებიც არიან. გაზაფხულზე რამდენიმე დამოუკიდებელი ოპოზიციური ვებგვერდი დაიბლოკა.
მაგრამ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის საქმე ამ დაძაბული მდგომარეობის ფონზეც კი გამორჩეული და განსაკუთრებულია. 2014 წელს იგი საქართველოში ჩავიდა, სადაც დროებითი თავშესაფარი მიიღო. 2017 წლის 30 მაისს მუხტარლი თბილისში გაუჩინარდა.
მოგვიანებით მან თავისი ადვოკატის საშუალებით განაცხადა, რომ უცნობმა ადამიანებმა მას შავი ტომარა ჩამოაცვეს თავზე, აიძულეს, მანქანაში ჩამჯდარიყო და ბაქოში ჩაიყვანეს. ჟურნალისტს საზღვრის დარღვევა, კონტრაბანდა და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს ბრალად.
მუხტარლის საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც აზერბაიჯანსა და საქართველოში, ისე კავკასიის ფარგლებს გარეთ. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელზეც აფგან მუხტარლი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
4. ყარაბაღის ზონაში დაღუპული ორი წლის გოგონა
2016 წლის „აპრილის ოთხდღიანი ომის“ დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მაინც დაძაბული სიტუაციაა. ყოველდღიურად ორივე მხარის პრესსამსახურები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის ახალი შემთხვევები დააფიქსირეს. თითქმის ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში მომსახურე ჯარისკაცების, ან სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ.
ორი წლის ზაჰრა გულიევასა და მისი ბებიის, საჰიბა გულიევას გარდაცვალება აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის ნამდვილ შოკად იქცა. საარტილერიო ჭურვი გულიევების სახლიდან ათ მეტრში აფეთქდა. შემთხვევა აზერბაიჯანში, ფიზულის რაიონის სოფელ ალხანლიში მოხდა. ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი ქალი დაშავდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ „მოწინააღმდეგემ სოფლიდან გახსნა ცეცხლი და მშვიდობიანი მოსახლეობა ფარად გამოიყენა“. მათი თქმით, ისინი უბრალოდ საცეცხლე წერტილის ჩახშობას ცდილობდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელში საცეცხლე წერტილები საერთოდ არ იყო განლაგებული, უახლოესი პოსტი კი დასახლებული პუნქტიდან 40 კილომეტრში მდებარეობდა.
ამ ინციდენტმა აზერბაიჯანში მძაფრი რეაქციები და სტიქიური გამოსვლები გამოიწვია. დემონსტრაციების მონაწილეები დაუყოვნებლივ შურისძიებას მოითხოვდნენ. აჟიოტაჟს არაერთმა მედიასაშუალებამ და ვებგვერდმა დაუჭირა მხარი, რომლებმაც გარდაცვლილი გოგონას სისხლიანი სახის ფოტო გამოაქვეყნეს.
წლის ბოლოს ფრონტზე არსებული დაძაბულობა ოდნავ განიმუხტა, რასაც აშკარად შეუწყო ხელი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრამ (რომელიც ჟენევაში გაიმართა) და ზემოაღნიშნული შეხვედრის შემდეგ ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დამყარებულმა კონტაქტებმა.
5. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა
30 ოქტომბერს ბაქოში გაიხსნა დიდი ხნის ნადლოდინევი სარკინიგზო ხაზი, რომელიც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სახელითაა ცნობილი.
მაგისტრალის მშენებლობა ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა. პროექტის საერთო ღირებულება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო გახსნის ცერემონია არაერთხელ გადაიდო. გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ძალიან ჰგავს ბაიკალ-ამურის მაგისტრალს – საბჭოთა კავშირის პერიოდში აგებულ სარკინიგზო ხაზს, რომლის მშენებლობაც საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. თუმცა, ოთხი სახელმწიფოს (აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის) ლიდერებმა ოფიციალურად აუნთეს „მწვანე შუქი“ რკინიგზის ხაზის პირველ ტრანსპორტს – სატვირთო მატარებელს, რომელიც ბაქოდან თურქულ ქალაქ ყარსში 21 საათის შემდეგ ჩავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გახსნიდან ორი თვე გავიდა, ჯერ კიდევ უცნობია, როდისთვის დაინიშნება ამ ხაზზე პირველი სამგზავრო რეისები.
P.S.
ზემოაღნიშნულის გარდა, აღსანიშნავია კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით – აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „ყარაბაღი“ წარმატებით გამოვიდა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთკავკასიურმა კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა. „ყარაბაღი“ ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ კლუბებს დაუპირისპირდა და ორი თამაში ფრედ დაასრულა, რაც დებიუტანტისთვის წარმატებულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ „ყარაბაღის“ საშინაო თამაშებზე ბაქოს ოლიმპიური სტადიონი (რომელიც 65 ათას გულშემატკივარს იტევს) მთლიანად ივსებოდა.