აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში ველურ სანაპიროზე ოთხი ბავშვის დაღუპვის შესახებ მსჯელობენ
აზერბაიჯანის სოციალური ქსელების მომხმარებლები ბაქოს მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ველურ სანაპიროზე (სადაც სამაშველო სამსახური არ არის) ერთი ოჯახიდან ოთხი ბავშვის დაღუპვაში „დამნაშავეს ეძებენ“. ზოგიერთი ყველაფერში მშობლებს ადანაშაულებს, სხვები – ჩინოვნიკებს.
• რატომ იხრჩობიან ადამიანები აზერბაიჯანის სანაპიროებზე?
რა მოხდა
ბავშვები ბაქოს მახლობლად მდებარე დაბა ნარდარანში 10 აგვისტოს დაიხრჩვნენ. უფროსი 12 წლის იყო, უმცროსი – 8-ის.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – მუხლით „გულგრილობა, რასაც დაზარალებულის გაუფრთხილებლობით სიკვდილი მოჰყვა“, – წერს Turan. ამავდროულად ნათქვამი არ არის, თუ ვის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული.
მედიაში არანაირი წვრილმანები არ ქვეყნდება. გაურკვეველია, თუ ზუსტად როგორ დაიხრჩვნენ ბავშვები, ან სად იმყოფებოდნენ იმ მომენტში მათი მშობლები.
ვინ არის დამნაშავე?
ახლა ადამიანები სოციალურ ქსელებში დავობენ, თუ ვინ არის დამნაშავე.
უმრავლესობა ყველაფერს აბრალებს მშობლებს, რომლებმაც შვილებს ველურ სანაპიროზე ცურვის ნება დართეს და მათ ყურადღება არ მიაქციეს:
„მშობლების ბრალია. როგორ შეიძლება ბავშვების ზღვაზე გაშვება და უყურადღებოდ დატოვება?“;
„პოლიციამ ამ ბავშვების მშობლები უნდა მოძებნოს და დაკითხოს. და წელიწადნახევრით მაინც ჩასვას, რომ ჭკუა ისწავლონ“.
სხვები ყველაფერს უპროგნოზო ზღვას აბრალებენ და მიაჩნიათ, რომ ბავშვებს ცურვა „სახელმწიფოებრივ დონეზე“ უნდა ასწავლო:
„სკოლებში რელიგიის საფუძვლების გაკვეთილის შემოღებას აპირებენ, და ცურვის გაკვეთილი რატომ არ უნდა შემოიღონ?“
„წინათ უფასო აუზები იყო, ახლა კი ყველა ფასიანი და ძვირია. თანაც, მათ ბიუჯეტის ფულით აშენებენ“.
ზოგიერთი კი ადანაშაულებს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, რომელიც თვალ-ყურას არ ადევნებს, რომ ადამიანებმა საშიშ ველურ სანაპიროებზე არ იარონ:
„რატომ არ კიდებენ ველურ სანაპიროებთან ცურვის ამკრძალავ პლაკატებსა და ნიშნებს?!“
სანაპიროებთან დაკავშირებული სიტუაცია აზერბაიჯანში
ყოველწლიურად, მთელი სანაპიროს სეზონის განმავლობაში ბაქოელები აფშერონის ნახევრკუნძულის სანაპიროებს ლანძღავენ.
მთავარი პრეტენზიები:
- ქვიშა ბინძურია, წყალში კი ნაწლავური ჩხირი და სხვა ინფექციები ცურავს;
- უფასო საზოგადოებრივი სანაპირო თითქმის აღარ დარჩა. ისინი ძირითადად ფასიანებია, ან/და რომელიმე სასტუმროს ან ზონის კუთვნილია.
თავის მხრივ, ჩინოვნიკები ამ საყვედურებს ყოველწლიურად ეთანხმებიან, ამბობენ, რომ პრობლემა უნდა გადაიჭრას, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლება.
14 ივნისს მედიაში ორი ახალი უფასო სანაპიროს გახსნის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია. წერენ, რომ ამის ინიციატორი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილი, ლეილა ალიევა იყო.
სოციალურ ქსელებში ამაზე პესიმისტური რეაქცია ჰქონდათ. კერძოდ, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ძალიან მალე ახალი უფასო სანაპიროები, უკვე არსებულების მსგავსად, ნაგავსაყრელებს დაემსგავსება.