აზერბაიჯანელმა ფერმერებმა უცხოური კარტოფილის შემოტანაზე საბაჟო გადასახადის მომატებას მიაღწიეს
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში იმპორტირებულ კარტოფილზე საბაჟო გადასახადი გააორმაგა. ტარიფის ზომა 15%-დან 30%-მდე გაიზარდა. ეს გაკეთდა ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დასაცავად, რომლებსაც კარტოფილი მოჰყავთ და ყიდიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის ანარ გუსეინოვის თქმით, ეს გაკეთდა ფერმერების იმ საჩივრის საპასუხოდ, რომ იმპორტული კარტოფილის გამო, მათ საქონელზე მოთხოვნა მცირდება.
ამავდროულად, ექსპერტი სოფლის მეურნეობის სფეროში ვაჰიდ მაგერამლი მიიჩნევს, რომ საბაჟო გადასახადის გაზრდა მყიდველების ჯიბეს დაარტყამს – უცხოური კარტოფილი ამიერიდან უფრო ძვირი ეღირება, და მოსახლეობის ისედაც არცთუ მაღალი მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს აზერბაიჯანში დაახლოებით 161 ათასი ტონა კარტოფილი შევიდა. ის უმეტესწილად რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ჩამოაქვთ.
საკუთრივ აზერბაიჯანში კი გასულ წელს დაახლოებით 913 ათასი ტონა კარტოფილი მოიყვანეს. მის მოყვანაზე „სპეციალიზებულია“ გედაბეის, დაშკესანის, ტოვუზის და ჯალილაბადის რაიონები.
ე.ი. აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა კარტოფილზე საკუთარი წარმოების ხარჯზე კმაყოფილდება. მაგრამ როგორც ვაჰიდ მაგერამლი ვებგვერდ „სარკეს“ უყვება, ბოლო დროს აზერბაიჯანული კარტოფილის მოყვანისა და ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა. ეს საქონლის თვითღირებულებას ზრდის, და ადგილობრივი კარტოფილი იმპორტულთან შედარებით კონკურენტუნარიანი აღარ არის.