ათობით ათასი ქართული ოჯახი ყოველწლიურად 2 დან 20 ათასამდე ლარს იხდის და შვილებს კერძო სკოლებში ატარებს. რატომ?" />

8 ფაქტი საქართველოში საშუალო განათლების შესახებ

ათობით ათასი ქართული ოჯახი ყოველწლიურად 2 დან 20 ათასამდე ლარს იხდის და შვილებს კერძო სკოლებში ატარებს. რატომ?

საქართველოში მოსწავლეთა მშობლების 10 პროცენტი შვილებისთვის არასახელმწიფო სკოლებს ირჩევს. ამის მიზეზი არა მოსახლეობის შეძლებულობა, არამედ ის მასობრივი უკმაყოფილებაა, რომელიც მუნიციპალური სკოლების მიმართ არსებობს საზოგადოებაში.

კერძოდ კი:

1. კლასში ძალიან ბევრი ბავშვია

მუნიციპალურ სკოლებში კლასში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა 35-40-ს უდრის. მშობლები და მასწავლებლები აცხადებენ, რომ ამის გამო, ვერ ხერხდება თითოულ ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა. მაგალითად, ფაქტობრივად, შეუძლებელია ლაბორატორიული ცდების ჩატარება.

2. არასაკმარისი კომპეტენცია

მუნიციპალური საშუალო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 200 დოლარია, კერძო სკოლაში კი, შეიძლება, ხუთჯერ მეტი იყოს; ამიტომ, კერძო სკოლებში სამუშაოდ ბევრი კონკურსის გავლაა საჭირო. ასეთი სკოლების ხელმძღვანელები უპირატესობას იმ მასწავლებლებს ანიჭებენ, ვისაც დასავლეთში აქვს მიღებული განათლება, რაც ჩვეულებრივ სახელმწიფო სკოლებისთვის წარმოუდგენელია; ასეთ სკოლებში სულ ცოტა ხნის წინათ დიდი წვალებით შეძლეს ინტერნეტის არსებობასთან ადაპტაცია.

3. დისციპლინა

მუნიციპლალურ სკოლაში “დისციპლინა” მასწავლებლის უპირობო ავტორიტეტსა და მოსწავლეთა სრულ მორჩილებას გულისხმობს. მოსწავლე გაუნძრევლად უნდა იჯდეს. ხმა არ უნდა ამოიღოს, ვიდრე არ გამოიძახებენ. ყველა შემთხვევაში, ეშინიათ დირექტორის. ასეთი “დისციპლინა” არ არის მაინცდამაინც ეფექტიანი, რადგან მსგავსი წესები ვერ აღკვეთს იმ სასტიკ ჩხუბებს, რომლებიც ასე ხშირად იმართება მოსწავლეთა შორის გაკვეთილების შემდეგ და დასვენებებზე.

4. უსაფრთხოება

ბევრი მშობელი მზადაა, ფული გადაიხადოს თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ სკოლის შესასვლელში, მოხუცი დარაჯის ნაცვლად,  დაცვის პოლიციის თანამშრომელი იჯდეს. მათ სურთ, სკოლაში შესვლაზე კონტროლი იყოს დაწესებული, დერეფნებში კი – სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული.

5. სისუფთავე

საოცარია, მაგრამ საქართველოს მუნიციპალურ სკოლებში საერთოდ უგულებელყოფილია სისუფთავის, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ცნებები. ბავშვებს არ აქვთ საშუალება, საპონით დაიბანონ და პირსახოცით გაიმშრალონ ხელები. ტუალეტებში ისეთი მდგომარეობაა, რომ მოსწავლეები ცდილობენ, აირიდონ იქ შესვლის აუცილებლობა. სხვათა შორის, ტუალეტებში საბჭოთა სკოლების ტრადიციები დღემდე არ მოშლილა – აქ ვერ ნახავთ ცალკე კაბინებს, ყველაფერი საჯაროდ და კოლექტიურად ხდება.

6. კვება

ჩიპსი, ლიმონათი და კანცეროგენული “სუხარიკი” – აი, არასრული მენიუ, რომელსაც თქვენს შვილს სთავაზობს გადასახადების გადამხდელების სახსრებით მომუშავე სკოლა. საქართველოში არ არსებობს მოსწავლეთა კვების კონტროლთან დაკავშირებული რეგულაციები. ამიტომ, ჯანსაღ კვების დანერგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს ეფუძნება. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სკოლებში ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

სამზარეულო თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ფოტო: ნეტგაზეთი

7. დამატებითი სწავლების აუცილებლობა

როგორც წესი, რეპეტიტორების დიადი საგა დაახლოებით მეხუთე კლასიდან იწყება ხოლმე. საჯარო სკოლის მოსწავლისთვის მშობლები მასწავლებელს ქირაობენ, რომელიც მოზარდს ყველა საგანში ამეცადინებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო სკოლა ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ ფუნქციას. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რეპეტიტორთა დიდ ნაწილს თავად სკოლების მასწავლებლები წარმოადგენენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი, რომ ბავშვებმა სკოლებში უფასოდ მიიღონ განათლება. მათთვის თითქმის ყველა ჩამორჩენილი მოსწავლე დამატებითი შემოსავლის წყაროა.

8. ფული


ბევრ მშობელს იმიტომ გადაჰყავს თავისი შვილები სახელმწიფო სასწავლებლებიდან კერძო სკოლებში, რომ საერთო ჯამში, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, კერძო სასწავლებელი ბევრად უფრო იაფი გამოდის. როგორც წესი, მათ მიერ გადახდილ თანხაში არამხოლოდ ადეკვატური ძირითადი სწავლება, არამედ ფაკულტატიური წრეები, სკოლის პროგრამის საგნებში დამატებითი მეცადინეობები და გახანგრძლივებული სწავლების კურსიც შედის.


ასევე წაიკითხეთ